“ახალ ხელისუფლებას ურთულესი მემკვიდრეობა დახვდა, რომლის გამოსწორებაც მოკლე ხანში შეუძლებელია,” _ ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ყოფილი პარლამენტარი პეტრე მამრაძე, რომელიც გახმაურებული საქმეების განახლებული გამოძიების პარალელურად, აქცენტს პრემიერ ზურაბ ჟვანიას სიკვდილზეც აკეთებს:
- ბოლო წლებში სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები წერდნენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა, სასამართლო პროკურატურის მორჩილი ფილიალი იყო და გამამართლებელი განაჩენი საერთოდ არ დგებოდა. მინდა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებული ჰამერბერგერის ანგარიში გავიხსენო, რომელშიც პირდაპირ ეწერა, საქართველოში ადამიანები მზად არიან, ნებისმიერ აბსურდული ბრალდება დაიბრალონ, ოღონდ თავი ციხესა და იქ არაადამიანურ მოპყრობას დააღწიონო. მსგავსი ანგარიში ბევრი არსებობდა, მაგრამ ამის გამო არც ნატო-ს და არც აშშ-ს ადმინისტრაციას სააკაშვილი საჯაროდ არ გაუკრიტიკებია.
რატომ, ბატონო პეტრე? ეს ლობისტური კომპანიების დამსახურება იყო?
- არა, საქმე გაცილებით მძიმედაა. ისინი სააკაშვილს, ბოკერიას და გილაურს პირად საუბარში საკმაოდ ხისტად ეუბნებოდნენ, თქვენი მთავრობა უნდა შეიცვალოს, ხალხს ამდენი უსამართლობის მოთმენას ვერ აიძულებთო, მაგრამ ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებდნენ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბუშის პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილი დასავლეთისთვის ე.წ. სარეკლამო მოდელად გამოცხადდა. ბუში ფერად რევოლუციებს მიესალმებოდა და სააკაშვილს, როგორც რევოლუციონერს, მხარს უჭერდა, მაგრამ ევროპა და ამერიკა მერე მიხვდა, რომ ფერადმა რევოლუციებმა ვერ გაამართლა. ეუთო-ს განაჩენი ხომ გახსოვთ, სადაც ნათქვამი იყო, საქართველოში წაიშალა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფო აპარატს შორისო. სხვათა შორის, ახლახან უცხოელმა დიპლომატებმა გამიმხილეს, საქართველოში, წინა ხელისუფლების დროს, ერთმანეთს ორი მეგობარი რომ შევხვდებოდით, მობილურ ტელეფონებს ე.წ. ბატარიას ვხსნიდით და საუბარს მხოლოდ ამის მერე ვიწყებდითო.
ანუ, უცხოელი დიპლომატებიც შიშის სინდრომით იყვნენ შეპყრობილნი?
- უცხოელებს, ფაქტია, ეშინოდათ, სხვა შემთხვევაში, ტელეფონებს არ დაშლიდნენ. მათ ეგონათ, რომ ყველას უსმენდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილს პირში უცინოდნენ და ეს ლობისტური კომპანიების დამსახურება იყო. ყველაფერ ამას ორმაგ სტანდარტებამდე მივყავართ, რაც დასავლეთის პოლიტიკაში ყოველთვის შეინიშნება.
მინდა, ხაზი გავუსვა ივანიშვილის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, ჩვენ უნდა ვმართოთ ქართული სახელმწიფო არა იმის მიხედვით, დასავლეთში ვინ რას იტყვის, არამედ, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეო. ეს ნამდვილად სწორი პოზიციაა...
რა ამის პასუხია, ბატონო პეტრე და, მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებს “ნაციონალები” პოლიტიკურ დევნად აფასებენ...
- გვახსოვს, ერთი წლის განმავლობაში, სააკაშვილის “კლოუნების თეატრიდან” ცილისწამების როგორი ნიაღვარი მოდიოდა. სხვათა შორის, “კლოუნების თეატრი” ტელევიზია “სქაი ნიუსმა” შემოიღო... რა აღარ მიმიღია “ნაციონალებისგან” _ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფით თავი, თავის დროზე, კაკო ბობოხიძემ გამოიჩინა. მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ანუ იგივე ლევან მაისურაძეს, უგულავას და ადეიშვილს, ჩადენილი დანაშაულის თუნდაც ნაწილი რომ დაუმტკიცდეთ, უვადო პატიმრობა არ ასცდებათ! კარგად იციან, რომ მათ გარშემო წრე ვიწროვდება და ამიტომაც ამბობს მერაბიშვილი, ციხეში ოცი წელიც რომ ვიჯდე, გამოვალ და მაინც საქართველოსთვის ვიბრძოლებო. როგორც ჩანს, მან თავისი დანაშაულის ვადა უკვე განსაზღვრა. ცივილიზირებულ ქვეყნებში მართლმსაჯულებას წინ არაფერი უდგება, მაგალითად, იტალიის ყოფილი პრემიერ ბერლუსკონის 4 წელი მიუსაჯეს, სერბეთის პრემიერს _ 11 წელი, გერმანიის პრეზიდენტი კი, წვრილმანი დარღვევის გამო, თანამდებობიდან გადადგა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო უნდა იყოს და ყველა დამნაშავე, რაც უნდა მაღალი თანამდებობა ეკავოს, უნდა დაისაჯოს!
ბატონო პეტრე, წინ, როგორც ჩანს, ბევრი “სიურპრიზი” გველის _ გახმაურებული საქმეების ხელახალი გამოძიებაა დაწყებული. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, ალბათ, პრემიერ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გახსნა იქნება. როცა ჟვანია დაიღუპა, სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელი იყავით და ჟვანიასთანაც ახლო ურთიერთობა გქონდათ...
- დიახ, მაშინ მთავრობის კანცელარიის უფროსი ვიყავი და, შესაბამისად, ჩემი ერთადერთი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იყო. არ მქონდა უფლება და არც ვინმეს შემოუთავაზებია, რომ გამოძიების საქმეებს გავცნობოდი. მაშინ მიხეილ მაჭავარიანი სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე, გიორგი ბარამიძეც. მათ განაცხადეს, რომ გამოძიების მასალებს გაეცნენ და ეჭვი არ აქვთ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. თავის დროზე ყველას, ვინც ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ, ველაპარაკე. ასევე, ვესაუბრე უცხოელ დიპლომატებს და ყველა ერთი და იგივეს მეუბნებოდა, ეჭვი, რომ ეს მკვლელობა იყო, არ გვაქვსო. უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ და მარჩიელობას არ დავიწყებ, მაგრამ უბრალოდ, ფაქტებს მოვიყვან: აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში გამოძიება არ დაიხურა და დასაბუთებული შეკითხვები გაჩნდა. როგორც გაირკვა, ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვს ერთი ფეხსაცმელი ეცვა, მეორე კი, არსად ჩანდა, ანუ ცალი ფეხსაცმლით მივიდა იმ ბინაში, სადაც პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედროდა? საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ჭურჭელზე, მათ შორის, კონიაკის ჭიქებზე, უსუპოვისა და ჟვანიას ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
ამასწინათ, ღია ეთერში მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, კარგად მესმის, რომ მოქალაქეებს ჟვანიას გარდაცვალებაზე შეკითხვები აქვთ, მაგრამ მიკვირს, შეკითხვებს გოგლა ჟვანია რომ სვამს, წესით, მას შეკითხვები აღარ უნდა ჰქონდესო. მაჭავარიანის ეს სიტყვები როგორ უნდა გავიგოთ? ამავდროულად, საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელდა ხმა, რომ ჟვანიას მკვლელობაში შესაძლოა, თემურ ალასანიას ხელიც ერიოს. თემურ ალასანიას დაპირისპირება ჰქონდა პრემიერ ჟვანიასთან, რომელსაც ეშინოდა, რომ ბიზნეს-გეგმების განსახორციელებლად ჟვანია წინ არ გადადგომოდა. ზურაბის დედამ, ქალბატონმა რემამ ორიოდ კვირის წინ განაცხადა, სააკაშვილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული ამ გამოძიების წარმართვისას, ვინაიდან ამ მკვლელობაში მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ჩართულიო. ზუსტად ვიცი, რომ თემურ ალასანია იგულისხმა.
ზურაბმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დამიძახა. მის კაბინეტში ავედი, ძალიან გახარებული ჩანდა და მითხრა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიშა კორუფციასთან ბრძოლაში მტკიცე და შეუვალია. თემურ ალასანიას ჩამოყვანილი ჰყავს ვითომ ბიზნესმენები, სინამდვილეში, აფერისტი ამერიკელები, რომლებიც ამბობენ, რომ აიღებენ თბილისის აეროპორტს, ჩადებენ დიდ ინვესტიციას და თან ყველას ჰპირდებიან, რომ მათ ინტერესებს გაითვალისწინებენ, მაგრამ აშკარაა, რომ კორუფციულ გარიგებაზე მოდიან. მეც მომიყვანა ალასანიამ ეს ხალხი და პრემიერ-მინისტრს შემომთავაზეს კორუფციაში ჩართვა, შენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებულიო, მათ საკადრისი პასუხი გავეცი. ჩემიდან რომ გავიდნენ, დავურეკე სააკაშვილს, მაშინვე დამიბარა, მასთან რომ შევედი, აიღო მობილური, დაურეკა ბიძამისს, ჩემი თანდასწრებით გვარიანად გამოლანძღა და უთხრა, შენ და ეს ამერიკელები დღესვე გაეთრიეთ აქედან, თუ არ წახვალთ, ყველას დაგიჭერთო. ზურაბი ამას სიხარულით მიყვებოდა. იმხანად პრეზიდენტის ქმედებას, მართლაც, ანტიკორუფციული ელფერი დაჰკრავდა, თუმცა ადამიანები იცვლებიან.
ჟვანიამ ეს ისტორია რომ გიამბოთ, რამე ურჩიეთ?
- ვუთხარი, მაინც ფრთხილად იყავი, რადგან თემურ ალასანია გავლენიანი კაცია-მეთქი. მაშინ სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებდა ე.წ ტროიკა _ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი. ჟვანია 3 თებერვალს გარდაიცვალა. გავიდა წლები და ერთმა ახლობელმა ნიშანდობლივი ისტორია მიამბო: 2005 წლის იანვრის დასაწყისში, ერთ-ერთ ოჯახში, შევიკრიბეთ მეგობრები _ ძველი სტილით ახალ წელს აღვნიშნავდით, სუფრაზე თემურ ალასანიაც იყო და ავითარებდა თემას, უკვე მოველაპარაკეთ ამერიკელებს, მალე, სამხედრო ოპერაციით, ცხინვალში შევალთ, ავიღებთ მთლიანად ცხინვალის რეგიონს და ამ პრობლემას რომ მოვხსნით, მერე, აფხაზეთზეც ვიფიქრებთო. ამ სუფრაზე უთქვამთ, აგერაა პრემიერი ჟვანია, რომელიც დღენიადაგ მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებასა და შერიგებაზე ლაპარაკობს და გამოდის, მაგ საქმეში ხელს ჟვანია გიშლითო. მაშინ ალასანიას ძალიან მტკიცე ტონით უთქვამს, მალე ჟვანია ხელს ვეღარ შეგვიშლისო. ამ ამბიდან სამი კვირის შემდეგ, ჟვანია დაიღუპა.
იმის თქმა გინდათ, რომ ჟვანიას მკვლელობით თემურ ალასანია იყო დაინტერესებული?
_ არ ვიკადრებ, რომ ვიღაცაში ეჭვი შევიტანო. თემურ ალასანიას ჟვანიას მიმართ რაღაც დაგეგმილი მართლა რომ ჰქონოდა, სახალხოდ არ განაცხადებდა... თემურ ალასანია იქით იყოს და, ჟვანიას სიკვდილით მისი გარემოცვის წევრებმა ხეირი, მართლაც, ნახეს.
ვის გულისხმობთ, ბატონო პეტრე?
- მინდა, გაგახსენოთ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე, რომელმაც ვინმე ფურცხვანიძესთან ერთად, თავი ამოჰყო უმსხვილესი კომპანია “გრინსერვისის” მეწილედ. პრესაში ეწერა, რომ 200-200 დოლარად შეისყიდეს წილები წინა მფლობელებისგან. აბა, მითხარით, ის ბიზნესმენი, რომელიც თავის წილს ასე მიზერულ თანხად სხვას მისცემს, ამას რა ჰქვია? ამის შემდეგ, კობა ხარშილაძის ფირმამ, რომელიც დაცვის ოფიცერი იყო და ბიზნესთან არაფერი ესაქმებოდა, მოიგო ყველა ტენდერი და ხელში ასობით ჰექტარი მიწა ჩაუვარდა. ამის შემდეგ, გიგი უგულავამ სკანდალი მოაწყო, “გრინსერვისმა” კვიპაროსის ხეები, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩაზე დაირგო, ძვირად შეიძინაო. სინამდვილეში, “გრინსერვისის” უკან მერია იდგა, რომელიც თვითონ ეუბნებოდა, თქვენგან ამას ამ ფასად შევისყიდი და “ობშიაკში” ამდენი “ატკატი” წავაო. იმ დროს უგულავა ყოველ ხუთშაბათს აბარებდა ანგარიშს ადეიშვილს და ასე აკონტროლებდნენ ისინი ფინანსურ ნაკადებს. ჟვანიას დაცვას ნამდვილად შეეძლო, გაცილებით ბევრი რამ მოეყოლა 3 თებერვლის ტრაგედიაზე, თუმცა დუმდა, რის სანაცვლოდაც, ბიზნესში ფეხი მოაკიდებინეს.
სხვა გახმაურებულ საქმეებზე რას იტყვით?
- დააკვირდით, ყოფილი მაღალჩინოსნების დასაცავად ერთი და იგივე ხალხი იბრძვის _ აკო, კაკო, ჩიორა. ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ _ საზოგადოებას უმტკიცებენ, თუ რაოდენ ამაზრზენია სააკაშვილი თავისი კლოუნადით. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, სანამ ასეთ ხალხს ვხედავთ, “ქართული ოცნების” რეიტინგი 90%-ზე დაბლა არ ჩამოვაო.
მინდა, მერაბიშვილის საკითხსაც შევეხო, როგორც ვიცი, ყალბ პასპორტებს, მართლაც, უკეთებენ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ნარკოდილერებთან და განქსტერულ ბანდაში შედიან, მაგრამ მინისტრს და მის მოადგილეებს, წესით, ყალბი პასპორტები არ უნდა ჰქონოდათ. როცა მერაბიშვილი შს მინისტრობიდან გათავისუფლდა და პრემიერი გახდა, რატომ არ ჩააბარა ეს პასპორტი? როცა კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტიდან გავთავისუფლდი, ჩემი საშვი და კანცელარიის უფროსობის მოწმობა ჩავაბარე. მერაბიშვილს კი, არ აწყობდა პასპორტის ჩაბარება მხოლოდ იმის გამო, რომ გაპარვას ცდილობდა. მას ჯიბეში ორივე პასპორტი ედო, პროტოკოლს მიაწოდა ყალბი, რადგან შეეშალა, მესაზღვრემ აღმოაჩინა, რომ მის ფოტოზე სხვისი სახელი და გვარი ეწერა. საქმე ისაა, რომ პირველ ქვეყანაში გადიან ნამდვილი სახელი და გვარით, მით უმეტეს, სომხეთში, სადაც ვიზა საჭირო არაა. მერე, რომ სდომებოდა, მაგალითად ავსტრიაში გადასვლა, წავიდოდა როგორც ლევან მაისურაძე და საინფორმაციო სივრციდან გაქრებოდა.
ასე წავიდა, ალბათ, ზურაბ ადეიშვილიც, არა?
- ადეიშვილი მაშინ წავიდა, როცა ქვეყნიდან თავისუფლად გასვლა შეეძლო. გავიხსენოთ ფილმი, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემაში, რომელიც გადაიღო ციხის თანამშრომელმა. იქ კარგად ჩანს, როგორ აკითხავენ გირგვლიანის მკვლელებს ციხეში, სვავენ მათ “ჯიპებში”, გაჰყავთ ციხიდან და მერე, უკან მიჰყავთ. იმ ფილმში მანქანები თავისი ნომრებითაა. ის ადამიანიც არსებობს რომელიც მაშინ კონფიდენციალურად დარჩა. შეუძლიათ, მონახონ ის კაცი და საჭირო ინფორმაცია მოიპოვონ. ერთი რამ ფაქტია: ვერავინ გაბედავდა ციხეში “ჯიპებით” შესვლას და მათ გამოყვანას, რომ არ ყოფილიყო ვანო მერაბიშვილის ბრძანება, ანუ ამ საქმით პირდაპირ გავდივართ მერაბიშვილზე. ეს ძალიან რეზონანსული საქმეა ისევე, როგორც _ კიევში, არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნა. დააკვირდით, კიევის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რეგისტრაცია 2048 ქართველ დამკვირვებელს მისცა, რაც სკანდალი იყო. პოლიციის ოფიცრებმა წარადგინეს თავიანთი სახელი და გვარები, მთელი კუდ-ი, სოდ-ი და სპეცდანიშნულების რაზმები გაყარეს კიევში. გაიხსენეთ, სააკაშვილი რომ ეუბნებოდა ტიმოშენკოს, ყველაზე სანდო და ძლიერ ადამიანებს გიგზავნიო. მერე, პოლიციის ოფიცრებმა თავად მითხრეს, კიევში დიდი სირცხვილი ვჭამეთ _ შეგვიყვანეს სასტუმროში, იქ ჩაგვკეტეს, რადგან ვესტიბიულში კიევის სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული ნიღბებით და იარაღით, ეს რა უბედურებაში ამოვყავით თავიო. მათ ევალებოდათ ტიმოშენკოს მხარდაჭერა უბნებზე, თუ საჭირო გახდებოდა, გაყალბებაშიც მიეღოთ მონაწილეობა. კიევში მყოფმა უცხოელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 10 მილიონი დოლარი დახარჯა ამდენი ხალხის ჩამოყვანასა და სასტუმროში განთავსებაში. ბიუჯეტში ეს თანხა არ გამოჩენილა. ახლა, თავისუფლად შეიძლება ამ 2048 ადამიანის დადგენა, დარწმუნებული ვარ ამ საქმემდეც მივა ახალი ხელისუფლება.