მაია პლისეცკაია - „ვახტანგ ჭაბუკიანი დიდი ხელოვანი იყო“

მაია პლისეცკაია - „ვახტანგ ჭაბუკიანი დიდი ხელოვანი იყო“

ორიოდე დღის წინ ასოციაცია „მზეჭაბუკის“ პრეზენტაცია-კონცერტის დასრულების შემდეგ „ნამეტნავად“ მოწადინებული ჟურნალისტები მაია პლისეცკაიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„ვერ შეგხვდებათ, დაღლილია“, - საღამოს ორგანიზატორები ამ მოტივით იშორებდნენ ყველას. მაშინ რჩეულებს გაუმართლათ: პრიმა-ბალერინასთან საუბრის პატივი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტს ერგო.

გუშინ კულტურის სამინისტროში მიწვეულ მაია პლისეცკაიას კულტურის მინისტრმა ვალერი ასათიანმა თავისი კოჰორტა და ჟურნალისტთა დიდი არმია დაახვედრა. ფოტო თუ ვიდეოკამერით შეიარაღებული ოპერატორები ზოგჯერ ხელისკვრითაც ცდილობდნენ ერთმანეთის ჩამოშორებას და პრიმა-ბალერინას წინ „მომგებიანი“ პოზიციების დაკავებას.

ლეგენდად ქცეულ ბალერინასთან შეხვედრის მღელვარება მინისტრსაც გადაედო და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ძნელია გადმოსცე შენი შთაბეჭდილებები. ასათიანმა ერთგვარი სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველოში მუდამ იყო ხელოვნების კულტი.

„ხელოვნებისა და ემოციების გარეშე კი საქართველო უკვე აღარაა საქართველო. სწორედ ამიტომაც პლისეცკაიას ჩამოსვლა ჩვენთვის დიდი ზეიმია“, - შენიშნა მან.

მინისტრმა საპატიო სტუმარს სამინისტროს სპეციალური სიგელიც გადასცა, რომელსაც ხელოვნების ცნობილი მოღვაწეებისა და მხოლოდ ქართული ხელოვნების მეგობრებისთვის იმეტებენ. როგორც ჩანს, მინისტრმა პლისეცკაია მეგობრად ჩათვალა. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სიგელს და საერთოდ, საქართველოში გამართულ შეხვედრებს ბალერინასათვის, პლისეცკაიამ უპასუხა, რომ განსაკუთრებული ამჯერად თითქმის არაფერი ყოფილა. ერთადერთი, რაც მოცეკვავემ გაიხსენა, თამარ მეფის ჯვრის ასლია, რომელიც მას პატრიარქმა აჩუქა.

ბალერინას ხშირად უჭირდა შეკითხვების გაგება და ვალერი ასათიანი მომთარგმნელის როლს ასრულებდა. რაც შეეხება „პირველ შთაბეჭდილებებს“, პრიმა-ბალერინამ მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა, რომ ეს შთაბეჭდილებები მისთვის პირველი არ არის.

„მე აქ „გედის ტბაც“ კი მიცეკვია. უბრალოდ ბოლოს ხანგრძლივი თოთხმეტწლიანი შუალედი გამომივიდა“, - შენიშნა მან.

შეხვედრაზე პლისეცკაიას ძველი თბილისური საღამოებიც გაიხსენეს და ბევრი ისეთი არარსებული ფაქტი, რომელმაც თვით მოცეკვავეც კი გააკვირვა.

„ცუდია, რომ თბილისში ჩემს წიგნს არ იცნობენ“, - დანანებით თქვა მან. ხოლო როცა შეიტყო, რომ ზოგიერთებს ეს წიგნი ჰქონდათ, შენიშნა, „მაშინ, როგორც ჩანს, ცუდად კითხულობთ“. შემდეგ კი პირდაპირ დატუქსა ზოგიერთები, ყურადღებით რომ არ უსმენდნენ და მისი საუბრის პარალელურად ჩურჩულებდნენ კიდეც.

„მე ვახტანგ ჭაბუკიანისა და მაია პლისეცკაიას „დონ-კიხოტის“ მსგავსი არაფერი მინახავს“, - აღნიშნა ეთერ გუგუშვილმა.

„როდის გაჩნდა თქვენი სიყვარული ცეკვისადმი“, - იკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. პლისეცკაიას იუმორის გრძნობამ არ უღალატა და მოკლედ უპასუხა: „გასულ საუკუნეში“. „ბალეტი ჩემი გატაცება კი არა, ჩემი პროფესიაა. ხოლო ფიქრით ბალეტზე არასოდეს ვფიქრობ, რადგან მე ბალეტით ვცხოვრობ“, - შენიშნა მოცეკვავემ.

მინისტრი განსაკუთრებით პლისეცკაიას მეუღლის, როდიონ შჩედრინის შემოქმედებითი მოღვაწეობით დაინტერესდა. „ბევრი კომპოზიტორივით ისიც, ძირითადად, შეკვეთებზე მუშაობს“, - შენიშნა ბალერინამ. მისი აზრით, ოცდამეერთე საუკუნეში ბალეტი ბევრი მიმართულებით განვითარდება. კლასიკურ ბალეტს კი არაფერი შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი და ღირებული ქორეოგრაფიაში თითქმის აღარაფერი იქმნება, სხვადასხვა ქვეყანაში საინტერესო ქორეოგრაფები მაინც მუშაობენ.

„ვახტანგ ჭაბუკიანი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, ვინც დიდი მოცეკვავეც იყო და დიდი ქორეოგრაფიც. ნინო ანანიაშვილი კი კარგი ბალერინა და შესანიშნავი ადამიანია“, - ასე დაახასიათა პლისეცკაიამ ქართველი მოცეკვავეები.

საქართველოში თავისი ახლანდელი ვიზიტის ბევრი წვრილმანი თუ არცთუ წვრილმანი საკითხი პრიმა-ბალერინასათვის, როგორც ჩანს, უცნობია. მაგალითად, მან არც პლისეცკაიას კლუბის დაარსების შესახებ იცოდა რაიმე.

ერთი რამ კი ცხადია, ამ ვიზიტმა საქართველოში ბევრი ადამიანი დააინტერესა. გუშინ საღამოს, ბალერინასთან შესახვედრად თავად პრეზიდენტმაც მოიცალა.