თქვენი მონა-მორჩილი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ტაქსით მგზავრობდა. ტაქსისტი ენაწყლიანი აღმოჩნდა და მას შემდეგ, რაც გლობალური თუ შიდა პოლიტიკა მიმოიხილა, თავის გასაჭირზეც ისაუბრა - ჩემი ბიჭს ბოლო ათ დღეში უკვე მესამედ იჭერენ (ძმაკაცებთან ერთად რამდენჯერმე მინიმარკეტზე "წაუცდა" ხელი) და მოვკვდი ამ სასამართლოებში სიარულით, ორჯერ გაამართლეს, მაგრამ მესამედ ნებისმიერ შემთხვევაში ათასლარიან გირაოს შეუფარდებენო.
მაშინ ტაქსისტის ნაამბობს ყურადღება არ მივაქციე, რადგან მათ სჩვევიათ გაზვიადებული და გამოგონილი ამბებით მგზავრის შექცევა. გაზვიადებული და გამოგონილი კი იმიტომ მომეჩვენა, რომ მახსოვდა, სასამართლომ 35-ლარიანი ფიცრის უნებართვოდ აღებისთვის როგორ მიუსაჯა 65 წლის მოხუცს პატიმრობა, ან მეზობლის ღობის დაზიანებისთვის როგორ ჩასვა სამი წლით ციხეში 80 წლის ბებო.
თუმცა მოგვიანებით ზემოხსენებულმა ამბავმა სიმპტომატური ხასიათი შეიძინა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ სადმე მაღაზია, ჯიხური ან მანქანა არ გატეხონ. ხშირად მძარცველები ერთი და იგივე ობიექტს ერჩიან. მათ როგორც წესი, პოლიცია აკავებს ხოლმე, თუმცა ძარცვა-გატეხვა გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ უცბად, მასობრივად ჩვენი თანამოქალაქეები კრიმინალებად გადაიქცნენ. უბრალოდ, პოლიციის მიერ რამდენჯერმე დაკავებულ ვაჟბატონებს სასამართლო მშვიდობიანად უშვებს და ისინიც ძველ ხელობას უბრუნდებიან.
სხვათა შორის, პოლიციელები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ წვრილმანი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული პირები, რომელთა საქმეც სასამართლოს გადაეცა, მომდევნო დღეების განმავლობაში ისევ ხვდებიან პოლიციელების ხელში და ერთგვარი მოჯადოებული წრე შეიკრა. ტიპი მაღაზიას ან ჯიხურს ძარცვავს, პოლიცია იჭერს, სასამართლო უშვებს, ტიპი ისევ მაღაზიას ან ჯიხურს ძარცვავს.
მართლაც, საინტერესოა, რა ხდება? სასამართლო ზესუპერლიბერალურად გადაიქცა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? თუმცა ძნელი წარმოსადგენია, უცბად ფერი იცვალოს სასამართლომ, რომელიც 15-20 წუთში ბრალდებულებს 20-25-წლიან სასჯელებს უფარდებდა. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ საქმე მართლაც "სხვა რამესთან" გვაქვს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომლის ხმა ცხრა წლის განმავლობაში არ გაგვიგონია, ბოლო დროს გააქტიურდა და სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე "მოთქვამს". ალბათ, კუბლაშვილმა უნდა იცოდეს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი პირველ რიგში, პოლიტიკური თამაშისგან უნდა იყოს.
ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ პოლიტიკური თამაშის ნაწილია დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, საბოლოო მიზანი კი, კრიმინოგენური ვითარების დამძიმება, რათა შემდეგ ვთქვათ - ის დრო ჯობდა, მანქანის სარკეებს მაინც არ იპარავდნენო.
ამ თამაშს კი, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, წახალისებული ხელმრუდე ვაჟბატონები რომელიმე მოქალაქეს კიდევ ერთხელ რომ გაამწარებენ, შესაძლოა, დაზარალებულმა პოლიცია აღარ გამოიძახოს და თავად შეეცადოს "სამართლის აღსრულებას".
როგორც ჩანს, მავანს ქვეყანაში სწორედ ამის მიღწევა სურს.