„ნაციონალებს“ 8 წლის განმავლობაში სულ ჰქონდათ ფორა, სულ უტევდნენ წულუკიანს, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს“

„ნაციონალებს“ 8 წლის განმავლობაში სულ ჰქონდათ ფორა, სულ უტევდნენ წულუკიანს, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს“

თეა წულუკიანი შესაძლოა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს. ინფორმაცია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან გიგა ბოკერიას საპასუხოდ განაცხადა, რომ წულუკიანს დააწინაურებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის პირველობა, კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში 10%-იან ფორას მიიღებენ.

თეა წულუკიანმა, რომელმაც უკვე დააანონსა, რომ მალე მთავრობის შემადგელობაში არ იქნება, არ ამბობს იქნება თუ არა „ოცნების“ სიის ლიდერი. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება საარჩევნო კამპანიის დროს.

„ვფიქრობ, პრემიერის ეს რეპლიკა, პასუხი იყო იმ, აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული პოლიტიკოსის კივილზე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს“, –განაცხადა თეა წულუკიანმა.

„თეა წულუკიანს დავაწინაურებ“, – ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი, ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„როგორც ყველა პარტია, ისე მმართველი პარტია მუშაობს და მალე ყველაფერი იქნება ცნობილი. მაჟორიტარებს რაც შეეხება, მაჟორიტარი იქნება ის, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და შერჩევა. ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის, რადგან ეს იქნება 10%-იანი ფორა. გოცირიძე დარწმუნებულია, რომ წულუკიანის პირველობით მმართველი პარტია დაახლოებოთ 10%–ს დაკარგავს.

„ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლებოს შეცვლა, ხოლო თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას. სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება „ქართულ ოცნებას“. არ ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი წულუკიანის ხისტი განცხადებებია. ხისტი განცხადებებით რომ პარტია არჩევნებს იგებდეს, ახლა, ისე „დავხისტავ“, რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს. წულუკიანის ხისტი განცხადებები ვის მოსწონს?! წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის. ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იმის მიუხედავად, რომ წულუკიანი შეუცვლელი მინისტრი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, მის მიმართ საზოგადოებაში პრეტენზიები არ განელებულა, როგორც კოაბიტაციის ნაწილში, ასევე ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოში წაგებულ საქმეებს. ერთადერთი საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოიგო ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიცია სულ უფრო და უფრო ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ განცხადებებს მოვლენების ანალიზიდან არ აკეთებს.

„მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ ფორა. ასეთი ფორა 8 წლის განმავლობაში სულ ჰქონდათ. სულ უტევდნენ წულუკიანს და ძვრა ვერ უყვეს. რატომ გონიათ, რომ ამ გამოცდილების ფონზე წულუკიანის ფიგურა მათთვის საჩუქარი იქნება? თუკი ადრე ვერ უყვეს ძვრა, სავარაუდოდ, ახლაც ასე ადვილად ვერ მოერევიან. ოპოზიციასთან ურთიერთობისთვის წულუკიანს თავისი სტილი აქვს. სამინისტროს მართვაში, მინისტრის ფუნქციებში რამდენად წარმატებულია ეს სხვა თემაა, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირების დროს, ის უკომპრომისოა ოპოზიციასთან ურთიერთობაში. თუკი ასეთი უკომპრომისო ფიგურა საჩუქარია, კი, ბატონო. ასეთი უკომპრომისო ფიგურის საჩუქრად ჩათვლა კი, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას ანალიზის უნარი არ აქვს. „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა“ – დაახლოებით ამ ვითარებაში არიან.

უნდათ, რომ წულუკიანი მათთვის მომგებიანი იყოს, მაგრამ სწორედ წულუკიანი იქნება ძალიან წამგებიანი. ახლახანს, რაც მათ იწვნიეს გახარიასგან, ალბათ, წულუკიანისგანაც დაახლოებით ისეთივე სურათს მიიღებენ, რაც სულაც არ იქნება მათთვის მომგებიანი. თუ არაფერზე არ ფიქრობენ, კი ბატონო თქვან, რომ ფორაა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გიორგი გახარიამ უკვე აკრიფა დივიდენდები. პარლამენტში გამოსვლის შემდეგაც გამოჩნდა, რომ ის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა კი, შეიძლება პარტიის პირველ ნომრადაც ჩაჯდეს და შემდეგ ისევ გახდეს პრემიერი.

„გახარია გარკვეული შესაძლებლობების ფიგურა არის. ამას ყველა თვლის, მით უმეტეს კორონავირუსის შემდეგ. გახარიამ ლომის წილი შეასრულა კორონავირუსის დამარცხებაში, რაზეც ექიმებიც საუბრობენ. წულუკიანს ამ პერიოდში არანაირი როლი არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა. ამიტომ, „ოცნებისთვის“ სულერთი არ უნდა იყოს პარტიის სიის სათავეში ვინ ეყოლება. შიგნით როგორ გაიაზრებენ პოლიტიკურ პიარ-სტრატეგიას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გახარია არის უფრო სასურველი „ოცნებისთვის“. პირველ ნომრად დასახელებას ის ფუნქციაც აქვს, რომ პირველმა ნომერმა მიიზიდოს ხმები და ამ თვალსაზრისით, გახარია უფრო მიმზიდველი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფუნქციაც, რომ სიის პირველმა არჩევნების შემდეგ ჩაიბაროს მთავრობის ხელმძღვანელობა. გახარია ამ ფუნქციაშიც ნანახი გვყავს. წულუკიანი - არა. ამ მომენტისთვის პარტიისთვის უფრო ხელსაყრელია პრემიერ-მინისტრის პირველობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პოლიტიკურ ველზე ისეთი რეალობა გვაქვს, რომ აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძირითად კონკურენტ პარტიაში ვინ იქნება პირველი და ვინ მეორე.

„ქართული ოცნების“ პირველი ნომერი არის ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი არის სააკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა უკრაინაში იქნება, თუ ანტარქტიდაში. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს. ამომრჩეველი ხმას არ აძლევს სიას. თუ სააკაშვილი გადავა „ევროპულ საქართველოში“, მეორე პარტია იქნება „ევროპული საქართველო“. ასეთივე ვითარება არის „ქართულ ოცნებაშიც“. იქნება თეა წულუკიანი მოგებული, თუ წაგებული საქმეებით, იქნება თვითონ გახარია, თუ ვინმე სხვას მოძებნიან, მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგოროც 2012–2016 წლებში. ეს არის რეალობა.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 90% აძლევს ხმას არა სიას, არამედ ივანიშვილს, ისევე როგორც „ნაციონალაური მოძრაობის“ 90% ხმას აძლევს სააკაშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ, არანაირი ფორა წულუკიანი არ იქნება. თქვენც ხომ იცით, რომ თუ ივანიშვილი სხვა პარტიას ჩაუდგება სათავეში და იტყვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაამართლა, ეს ამომრჩეველი წაყვება ივანიშვილს, ისევე როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ბირთვი გავიდა პარტიიდან. შედეგად მივიღეთ ის, რომ სააკაშვილი დარჩა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და გახდა მეორე პარტია. სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

Katana .
.
თამთა ქარჩავა: "იმის მიუხედავად, რომ წულუკიანი შეუცვლელი მინისტრი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, მის მიმართ საზოგადოებაში პრეტენზიები არ განელებულა, როგორც კოაბიტაციის ნაწილში, ასევე ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოში წაგებულ საქმეებს. ერთადერთი საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოიგო ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმე."
?
შეიძლება ძალიან არ გეხატებოდეს გულზე წულუკიანი ( ხუხასთან ტანდემში არაერთხელ დააანონსეთ - აი, ახლა მოხსნიან და აი, ახლაო!), მაგრამ ჟურნალისტმა წესიერების ილუზიის შესაქმნელად მაინც უნდა შეინარჩუნოს ელემენტარული ობიექტურობა!
უკაცრავად, მაგრამ რომელი "საზოგადოებაა" იმდენად სულელი, რომ კოჰაბიტაციის გამო წულუკიანთანა აქვს პრეტენზია?!
იუსტიციის მინისტრმა დაადგინა, რომ "ოცნება" კოჰაბიტაციაში უნდა შევიდეს "ნაცმოძრაობასთანო"?!
იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა ეს საკითხი?
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რომ "ისტორიული" სიტყვა დაუტოვა შთამომავლობას - ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა და მისი პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანაო, - თქვენ მაშინ პატარა იყავით და არ გახსოვთ?
რაც შეეხება სტრასბურგში წაგებულ საქმეებს, თ ი თ ქ მ ი ს (!) ყველა წაგებული საქმე არის ნაცების დროინდელი. ჩემი თუ არ გჯერათ, მურუსიძეს მაინც დაუჯერეთ: "სანდრო გირგვლიანის საქმე, გოჩა ენუქიძის საქმე, ტურავას საქმე, სულხან მოლაშვილის საქმე, გიორგი მიქიაშვილის საქმე, პაატა როსტომაშვილის საქმე"... დაუმატეთ ამას ბათიაშვილის, ვაზაგაშვილის და მრავალი სხვა საქმე, რისთვისაც ჯარიმა ამ ხელისუფლებამ უნდა გადაუხადოს დაზარალებულებს, რადგან საქმეებს ჰქვია "მავანი - საქართველოს წინააღმდეგ" (და არა - წულუკიანის წინააღმდეგ).
თქვენი აზრით, ნაცების მიერ უსამართლოდ დასჯილმა ადამიანებმა რომ სტრასბურგში ჰპოვეს სამართალი, ამას წულუკიანი უნდა აღდგომოდა წინ და მაშინ იქნებოდა კარგი მინისტრი?!
3 წლის უკან