კახა იშხნელი: როდესაც ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის სხვადასხვა საფეხურზეა, ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელია

კახა იშხნელი: როდესაც ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის სხვადასხვა საფეხურზეა, ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელია

როდესაც ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის სხვადასხვა საფეხურზეა, ინფიცირებულთა ზრდა მოსალოდნელია. თუმცა გულდასაწყვეტია, როდესაც მინიმუმამდე, ნულზე დასული ციფრები ორნიშნა რიცხვამდე ავიდა. არ მინდა, ვინმე დავაშინო, მაგრამ არც იმის საფუძველი გვაქს, რომ მოვეშვათ, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„შიშის არა, მაგრამ სიფრთხილის დრო ნამდვილად არის! ეს ეტაპი ყველაზე დაძაბული სამედიცინო საზოგადოებისთვის იქნება, იმ ხალხისთვის რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჩვენ წინა ეტაპები ხუთიანზე გავიარეთ და ახლაც შევეცდებით, რომ ეს თამასა არ ჩამოვაგდოთ“, - აღნიშნა კახა იშხნელმა.

საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.