ილია მეორე: დღეს წირვის დროს მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა

ილია მეორე: დღეს წირვის დროს მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა

წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადდა.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

„წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული ლოცვა, რომ მე მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს. მშვიდობით დამთავრდა წირვა“, - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, წმინდა ნინო არის საქართველოში მოციქულთა ლოცვის გამგრძელებელი. წმინდა ნინო არის საოცარი საწაულთმოქმედი და საქართველოს მფარველი.

უწმინდესმა საუბრისას გაიხსენა შემთხვევა, რომელიც მათ ოჯახში მოხდა.

„მე მინდა მოგიყვეთ შემთხვევა, რომელიც მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი ავად იყო. ოთახში მეტი არავინ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი. თეიმურაზი მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. მე ვკითხე, ვინ მოვიდა? წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო. ასე, რომ წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. და აი, დღეს, როდესაც ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს, სულიერად უჭირს, სთხოვეთ წმინდა ნინოს - წმინდაო მოციქულთასწორო დედაო ნინო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!“, - განაცხადა პატრიარქმა.