გიგა ბოკერია: თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

გიგა ბოკერია: თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ. ჩვენ კი არა, „ევროპულ საქართველოს“ ან მთელს ოპოზიციას, ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია, დამშვიდება და შინაარსით მწავე, მაგრამ ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც დამარცხდება ივანიშვილი. მაგრამ თუ შეთანხმების ჩაშლას აპირებენ, მაშინ ნუ მისცემენ ხმას ნურც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვნახოთ რა მოხდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, 10:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაიმართება.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.