ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევის წყაროზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით,18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ საბურთალოს კლასტერშ სულ 15 შემთხვევა დადასტურდა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 30 - საკარანტინო სივრცეებში.

„იანვრიდან დღემდე 57 000 შესაძლო შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული, აქედან გვაქვს 783 არის დადასტურებული, 24 საათის განმავლობაში გვყავს 26 ახალი ინფიცირებული, მათგან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს, 17 არის სოფელი მუშევანიდან, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი გამოვიკვლიეთ. ერთი არის კონტაქტი - სამედიცინო დაწესებულების მძღოლი. 4 არის საბურთალოს კლასტერიდან, სადაც 100-მდე კონტაქტი გამოვიკვლიეთ პირველადი ინფიცირებულის. დანარჩენი 4 შემთხვევა საკარანტინო ზონებიდან გამოვლინდა, მათ შორის ორი არის ტრაილერის მძღოლი. ამიტომ დაიწყო ადგილზე სწრაფი ტესტირება ტრაილერის ყველა მძღოლის, რომელიც შემოდის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ტიპის კვლევები უკვე ყველა სახმელეთო გადასასვლელზე მოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.