Washington Post-ი: შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

Washington Post-ი: შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება - ამ სათაურით სტატიას Washington Post-ი აქვეყნებს.

„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი - ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს პასუხი ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, - ამ სიტყვებით იწყებს სტატიას ავტორი, იზაბელ ხურშუდიანი და აღნიშნავს, რომ რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც Covid-19-ის შემდეგ, ტურიზმისთვის განახლებას ცდილობს, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, გვთავაზობს ახალ სტრატეგიებს ისეთი მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა ინფექციის გავრცელების დაბალი დონე.

„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება იმდენივე ტურისტი არ გვყავდეს, როგორც გასულ წელს, თუმცა ჩვენ უნდა დავამატოთ ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8000-წლიანი მეღვინეობა, ჩვენი სამზარეულო, კულტურა და სტუმართმოყვარეობა“, - ეს არის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომელიც სტატიაშია მოყვანილი.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, როგორც პოტენციური მოგზაურებისთვის, ასევე ადგილზე მყოფთათვის.

„როდესაც პირველი ივლისიდან საქართველო მის საზღვრებს გახსნის, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. საქართველო ტურისტებს ელის ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც ეპიდემიოლოგიურად მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსი ვითარება აქვთ“, - Washington Post-ს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ეს კომენტარიც მოჰყავს.

ამასთან აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა ქართველ ელჩებს, იყვნენ საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან.

„საქართველოსთან „უსაფრთხო დერეფნის“ უზრუნველყოფით პირდაპირი ფრენები განხორციელდება. ტურისტები ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან, საქართველოს სიაში მოწინავე პოზიციებზე არიან“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ ჯერ უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო აშშ-დან მოგზაურებს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

„როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, დასჭირდეთ წინასწარ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წარმოდგენა“, - წერს Washington Post-ი.

„თუ ჩვენ ნებისმიერისთვის ღია ვიქნებით, ეს ნიშნავს ერთ დღეში გაანადგურო ჩვენი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის. თუმცა, გვჯერა, რომ Covid19-თან ბრძოლის შემდეგ, უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“, - აცხადებს ნათია თურნავა.

“ქვეყანაში, რომელზეც წარსულში შიდა არეულობების შესახებ იწერებოდა, კორონავირუსთან გამკლავებამ მთავრობის მიმართ გასაოცარი საზოგადოებრივი ნდობა გამოავლინა. საქართველოს აგრესიული მიდგომა ჰქონდა და მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ დახურა სკოლები, ასევე, მონიტორინგს უწევდა ვირუსის გავრცელებას, შეაჩერა პირდაპირი ფრენები „ცხელ წერტილებში“ და დანერგა სკრინინგი აეროპორტებსა და საზღვარზე. დაახლოებით 7000 სასტუმროს ნომერი კარანტინში მოთავსებული მოქალაქეებისთვის გამოიყო, რომლებიც სამშობლოში მარტის პირველი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ“, - წერს ამერიკული გამოცემა და ნათია თურნავას კიდევ ერთი ციტატა მოჰყავს:

„ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და მაგალითია ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის, მოერგოს ახალ ნორმებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხოა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე“.

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

აქვე ავტორს მოჰყავს „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნატალია კვაჭანტირაძის განცხადება.

„ჩვენ ტურიზმის ახალ რეალობაში ვართ და ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა, წაახალისოს ახალი ტურისტული მიმართულებები და ტურისტული პროდუქტები. როდესაც მოგზაურობა და დასვენება გსურს, მნიშვნელოვანია, თავს გრძნობდე თავისუფლად, ჯანმრთელად და უსაფრთხოდ“, - აცხადებს ნატალია კვაჭანტირაძე.