ერთ წელზე მეტია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეურნეო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბადრი მანჯავიძე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს ვიდეოებს, რომელზედაც აღბეჭდილია ბიბლიოთეკის საცავში არსებული ვითარება. მან რამდენიმე ჩანაწერი გამოაქვეყნა და შექმნილი მდგომარეობა ასე „დაასათაურა“ – „წიგნთა ვარამი“. საქმე ეხება სულხან ცინცაძის ქუჩა №63-ზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსს, რომლის გამაგრებითი სამუშაოების დროს, როგორც ბადრი მანჯავიძე „პროგრესნიუსისათვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, დაზიანდა საცავში მოთავსებული გასული საუკუნის წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.
„უპატრონოდ იყო იყო მიტოვებული ფონდები და ხელოსნების პატიოსნებაზე იყო დამოკიდებული, გააყოლებდნენ თუ არა ამ ნიმუშებს ხელს“ – აღნიშნავს ბადრი მანჯავიძე წერილში.
როდესაც მანჯავიძემ ფეისბუკზე მასალების გამოქვეყნება დაიწყო ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის მოადგილემ, თინა ლომჯარიამ ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნა: „რომელი საჯარო მოხელე ეგ მყავს? წიგნები იცის? ფონდები რა არის, იცის? ბიბლიოთეკა რას წარმოადგენს, იცის? ეგ არის ჩვეულებრივი ანონიმშჩიკი, ავდგეთ და ატესტაცია ჩავუტაროთ“.
ბადრი მანჯავიძე 2010 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობს, პროფესიით ინჟინერი მშენებელი, ასევე – იურისტი და ადვოკატთა ასოციაციის წევრია სერთო სპეციალიზაციით. როგორც მანჯავიძე წერილში აღნიშნავს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვა საკითხებთან ერთად შენობა-ნაგებებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური ზედამხედველობა ევალება.
ცინცაძის 63-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობის საცავების გამაგრების ელექტრონული ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა. ერთი წლით ადრე ბიბლიოთეკამ შეუკვეთა წიგნსაცავების კორპუსის გამაგრების პროექტი, სადაც აღნიშნულია: “სამშენებლო კომპანია ვალდებულია ერთი კვირით ადრე მოახსენოს შენობის ადმინისტრაციას სართულზე სამუშაოების შესრულების მიზნით შესასვლელად, ფართის გათავისუფლებაზე, ყოველი სართულის მიხედვით ეტაპობრივად“.
ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოებში კარგად ჩანს, როგორ დავდივარ და ვფურცლავ ძველ გაზეთებს, იქვე მუშა ლესავს, აქეთ ვიღაც შედუღებას ახორციელებს, მე კი შევდივარ ქუჩიდან, სახანძრო კიბით. ამ კიბით მუშები ეზიდებოდნენ სხვადასხვა სამშენებლო მასალას და ვიღებ ამ ყველაფერს. კადრებში ჩანს, ასევე, პროექტზე ზედამხედველი და სამუშაოთა მწარმოებელი და ისინიც თავისი მხრიდან იღებენ ვიდეოსაც და სურათებს. საერთოდ, საცავში შესვლა არ შეიძლება ფონდების მცველი მუშაკის გარეშე. ვინც ვიდეოს ნახავს, ყველა დაინახავს, რომ დავდივარ დერეფანში და ხმამაღლა ვყვირი, აქ ვინმე ჩვენი არის? მერე ავდივარ ზედა სართულზე, იქაც არავინაა ჩვენიანი, ამას „ლაივში“ ვაკეთებ. როგორც წესი, ინსპექტირებით მევალებოდა დოკუმენტურად როგორც სურათებით, ასევე ვიდეო გადაღებებით დამეფიქსირებინა შესრულებულ სამუშაოთა ეტაპები, რასაც პერიოდულად ვაკეთებდი. ერთი უბედურებაა წიგნის გატანა, მეორე უბედურებაა, რომ წიგნები დაზიანდა ნაგავში, მტვერში, ნამწვში. საცავებში შიდა სამუშაოების ჯერი რომ დადგა, გავიგეთ, რომ არ დაცლიდნენ. თურმე საბიბლიოთეკო საბჭოზე უმსჯელიათ, რომ არ დაეცალათ საცავები. ბიბლიოთეკის დებულებით, საბჭო გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება, ესე იგი ის, რაც ხდებოდა საცავებში გიორგი კეკელიძემ იცოდა. როდესაც გავაპროტესტე, მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და რომ ჩემი საქმე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობაა.
საცავზე არქივის წესები ვრცელდება და შესვლის წესი იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით რეგულირდება. ამ ბრძანების თანახმად, „სვარკა“ კი არა, საცავში ჯიბეში ჩადებული ასანთით არ შეიძლება შესვლა და წიგნებთან შედუღების კეთება ვის გაუგია? დღემდე იცით, რა ვერ ამოვხსენი? ერთი წლის წინ, გუდიაშვილის 1 ნომერში რომ გავაკეთეთ საცავების გამაგრება, მაშინაც არ გაუტანიათ წიგნები? მაშინ გამოდის, რომ მარტო აქ კი არა, ყველგან დანაშაულს ჩადიან. ამის მერე კიდევ მე ვეწევი კეკელიძის დისკრედიტაციას თუ კეკელიძე ახორციელებს ჩემს დისკრიმინაციას? მე სახალხო დამცველთან გავიარე ყველაფერი და იმის მიხედავად, რომ კეკელიძე და სახალხო დამცველი კლასელები არიან, ჩემი არგუმენტებით ყველა გაოგნებული დარჩა. სხვათა შორის, ჩვენი ბიბლიოთეკის დებულებით, ბიბლიოთეკის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე და მის გარდა, სხვა უფროსი არ ჰყავს. საინტერესოა, რომ კეკელიძის უშუალო უფროსი არჩილ თალაკვაძე კეკელიძის პარალელურ კლასში სწავლობდა და სწორედ მას მერე შეიცვალა ყველაფერი რაც თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის დირექტორად 1992 წელს, დავით ბაქრაძის დროს დაინიშნა, მაგრამ არც ბაქრაძის და არც უსუფაშვილის დროს ასეთი რაღაცეები არ მომხდარა.
ყველაფერი, რაც ამ ბოლო სამ წელიწადში ხდება, ნეპოტიზმზე მიანიშნებს..
ბოლოს გეტყვით, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობის ათწლიან პერიოდში 30-მდე ტენდერში მაქვს მონაწილეობა მიღებული და რაც ეს ამბავი ვამხილე, მას მერე ტენდერებში არ მსვამენ, უჩემოდ აკეთებენ პროექტებს, მიღება-ჩაბარებას და ყველაფერს. შეიძლება საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა იფიქროს, მანჯავიძე აქამდე ამდენ ტენდერებში იყო, ახლა იმ ტენდერზე აყვირდა, რომლიდანაც „ატკატი“ არ მისცეს და დარღვევები ამხილაო, თუმცა ასე არაა. მე ერთადერთი სპეციალისტი ვარ ამხელა კოლექტივში, რომელსაც პროფესიაში მშენებელი ინჟინერი და იურისტი უწერია. ასე, რომ ჩემი საქმე შესანიშნავად ვიცი და არც სადმე წასვლას ვაპირებ და არც დარღვევებზე თვალის დახუჭვას. ვერაფერი რომ ვერ „შემიკერეს“ და ის „დანოსი“ დაწერეს, რაც ნამდვილად სამარცხვინოა.