შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ფედერერმა 106,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 100 მილიონი დოლარი სასპონსორო ხელშეკრულებებზე მოდიოდა, 6,3 მილიონი კი უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდებოდა.
პირველ სამეულში ორი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი დოლარი) და ლიონელ მესი (104 მილიონი დოლარი) მოხვდნენ. ათეულში ასევე წარმოდგენილები არიან ფეხბურთელი ნეიმარი, კალათბურთელები ლებრონ ჯეიმსი, სტივენ კარი და კევინ დურანტი, გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები - კირკ კაზინსი და კარსონ ვენცი.
Forbes-ის შარშანდელ რეიტინგში ლიონელ მესი ლიდერობდა, ფედერერი კი მეხუთე პოზიციაზე იყო.