წყლის მრიცხველები არ აგვცდება

წყლის მრიცხველები არ აგვცდება

მართალია, ერთი მხრივ „თბილწყალკანალს“ ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, მეორე მხრივ კი, ნახევარსაუკუნიანი მილები მასობრივად იცვლება, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც უცნობია, შეესაბამება თუ არა თბილისელების ონკანებში მომდინარე წყალი სტანდარტებს, ესე იგი, არის თუ არა მისი დალევა უსაფრთხო დემოკრატიის შეუქცევად გზაზე მდგარი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის.

„თბილწყალკანალის“ თავკაცი ბატონი ქელბაქიანი აცხადებს, რომ წყალი საათობრივად მოწმდება და ის სტანდარტებს სავსებით შეესაბამებაო.

თუმცა დედაქალაქის გარეუბნების მოსახლეობა (გარდა იმისა, რომ უწყლობას შეუჭირვებია) სასმელ წყალში, ჯერ ერთი, სხვადასხვა ცხოველის გამოჩენითაა შეშფოთებული და წყლის უსიამოვნო სუნსაც უჩივის.

ბატონი ქელბაქიანი კატეგორიულად გამორიცხავს სასმელ წყალში ცოცხალი არსებების მოხვედრას (მიხვეულ-მოხვეულ მილებში ცოცხალი ვერავინ გადარჩებაო), პირიქით, მოსახლეობას წყლის უყაირათოდ ხარჯვაში ადანაშაულებს: გაგრილების მიზნით დღენიადაგ მოშვებული აქვთ ონკანებიო.

აქედან გამომდინარე კი, საეჭვოა, რომ ამ სიამოვნებას მალე აღგვიკვეთავენ, ესე იგი, სავარაუდოდ, აზიზობა ძვირად დაგვიჯდება.

ანუ წყლის მრიცხველები არ აგვცდება და ცოცხალი არსებების ონკანებში გამოჩენაც მოგვენატრება.