საქართველოს ეკონომიკამ წინა თვეში უდიდესი დარტყმა მიიღო. ეს იყო ყველაზე დიდი შოკი, რომელიც ქვეყანამ განიცადა. ოფიციალურმა სტატისტიკამ დაადასტურა, რომ 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის მაქსიმალური მაჩვენებელია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკური ვარდნის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენს.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ეკონომიკის სექტორი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვარდნაში, იყო მშენებლობა. მას მოსდევს ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორები.
„დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, ეს გახლავთ მშენებლობა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. აპრილში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო შეზღუდვების ქვეშ და ან არ ფუნქციონირებდა, ან არასრულად ფუნქციონირებდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და 223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი.
აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ეკონომიკურ ზრდაზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.
ეკონომისტები სავალალო შედეგს ეხმიანებიან. მათი აზრით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება, ეკონომიკური კლება არათუ უახლოეს თვეებში, არამედ 2021 წლის ბოლომდეც გაგრძელდება.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა და აღებული ვალები სწორად თუ არ მოხმარდა ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობის დახმარებას, ზოგადად, როგორც ქრონიკული დაავადება, შეიძლება ისე იყოს მშპ-ს შემცირება ჩვენი ეკონომიკის მახასიათებელი მომდევნო წლის ბოლომდე და ზოგადად ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს.
ახლა პრინციპულად მნიშვნელოვაია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვუპასუხოთ ამ შემცირებას. მთავრობა რა ინიციატივებსაც აჟღერებს, ეს არ არის ეკონომიკის სტიმულირება, ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ სამოქმედო გეგმას, რომ ეს აღებული თანხები ქვეყანას მძიმე ვალად არ დააწვება, ეს არც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩანს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.