უსაფრთხო ტურისტული ზონების გამოყოფის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ გადაეწყობა ამ ახალი მიმართულებით. არა მხოლოდ კოვიდ 19-სგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში (წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა კურორტები) აპირებენ, მოერგონ კორონაპანდემიით შექმნილ სიტუაციას, არამედ სხვა ტრადიციულ ტურისტულ ადგილებშიც ცდილობენ, ახლებურად გაიაზრონ, როგორ უნდა გააგრძელონ მოღვაწეობა ტურიზმის სექტორში.
აჭარაშიც იცვლება მიდგომები, სადაც ცოტა სხვაგვარ ტურისტულ სერვისს შესთავაზებენ დამსვენებლებს. კონკრეტულად, ზღვისპირა ზოლიდან აქცენტები გადავა ნაკლებად განვითარებულ, მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ზემო აჭარაზე, რაც სულაც არ ნიშნავს ზღვის ფაქტორის უგულებელყოფას. უბრალოდ, ამიერიდან განსაკუთრებული ძალით უნდა დაიტვირთოს ეკოტურიზმი, სათავგადასავლო მიმართულება და მხოლოდ ზღვაზე დასვენება არ უნდა იყოს პრიორიტეტული. ასევე, უნდა მოვსინჯოთ ღვინისა და გასტრომონომიული ტურიზმის განვითარება, რაც არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ მთელი ოთხი სეზონის განმავლობაში საქართველოში ტურისტების უწყვეტ ნაკადად ჩამოსვლას ნიშნავს.
ამას ემატება ისიც, რომ, თუ აქამდე საზღვრებზე შემომსვლელი ვიზიტორებისთვის განსაზღვრული იყო 14-დღიანი, ან 24-საათიანი კარანტინი, ამიერიდან ეს პროცედურა ერთ საათში უნდა დასრულდეს, რისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უნდა მოხდეს.
ტურიზმის სექტორი კმაყოფილია, მაგრამ რას ფიქრობენ ეპიდემიოლოგები, რა რისკს შეიცავს ვიზიტორთა მოძალება საქართველოში?
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით, სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს ისეთ ქვეყნებთან, სადაც ახლა აღმავალი ინფექციაა. აქ იგულისხმება რუსეთი. ამასთან, ჯერჯერობით შერჩევით უნდა გაიხსნას საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, სადაც დაღმავალ ფაზაშია ეპიდემია.
„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად კარგია, რომ სასაზღვრო კონტროლი განხორციელედება, მაგრამ, სამწუხაროდ, რისკების აბსოლუტური გამორიცხვა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩატარდეს ყველა შემოსულის ტესტირება, ეს მაინც არ გამორიცხავს იმ შემთხვევებს, როდესაც არის ე.წ ფანჯრის პერიოდი, ანუ ინფექციის ინკუბაციური პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შეიძლება ჯერ არ ჰქონდეთ კორონავირუსის დადებითი ტესტი, მაგრამ რამდენიმე დღეში ტესტი უკვე დადებითი გახდეს. დიდი რისკია, იყოს შემთხვევები ახალი ინფიცირების, რომელიც შემოსვლის მომენტში არ ჩანს და შეიძლება გამოჩნდეს შემოსვლიდან რამდენიმე დღეში. ამის მიუხედავად, ტესტირება მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც აუცილებელია იმის მოთხოვნა, რომ ყველამ გაიაროს ტესტირება, შემოწმება. ეს ძალიან შეამცირებს ეპიდემიის ალბათობას“, -აცხადებს გიორგი კამკამიძე.
რაც შეეხება კონკრეტულ უსაფრთხო ზონებს (აბასთუმანი, წყალტუბო და სხვა), რომლებიც ფილტვების სამკურნალო ადგილებად ითვლება, გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ სუფთა ჰაერი და საკურორტო ადგილები, რასაკვირველია, ვერანაირად ვერ მოახდენს ვირუსის გავრცელების შემცირებას. ეს შეიძლება დადებითად მოქმედებდეს საერთო ჯანმრთელობაზე, თუმცა არასწორია ასეთი მიდგომა, რომ რახან ეს საკურორტო ზონებია, კორონავირუსისგან თავისუფალია.
„ვფიქრობ, ტურისტული ბიზნესის გახსნა მაინც უნდა მოხდეს, ოღონდ ეტაპობრივად. ტურისტების შემოსვლა უნდა დაიწყოს შედარებით მცირე რაოდენობით, სელექტიურად, ზოგიერთი ქვეყნიდან, რომლებშიც უკვე ეპიდემიის დაღმასვლაა. ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული ისეთი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადის შემოყვანა, სადაც კორონავირუსის აღმავალი ტენდენციაა. ეს საფრთხილო და ეტაპობრივად განსახორციელებელია. მეორე მხრივ, თვითონ ამ ბიზნესის მოკვლაც ძალიან ცუდია, აქ უნდა დავიცვათ ბალანსი, მენეჯმენტის მართვის ხელოვნებაც ზუსტად ის არის, რომ ტურისტების ნაკადები არეგულირონ. შეიძლება ეპიდემიის დაღმასვლა დაიწყოს და იმ ქვეყნებიდანაც განახლდეს ტურისტების შემოყვანა, სადაც ახლა ეპიდემია აღმავალია, მაგრამ დღეისთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნებოდი მსგავსი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის“, - აცხადებს ინფექციონისტი.