„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქონებას კარგავდა და 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა  1 250 000 ადამიანი ცხოვრობდა

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქონებას კარგავდა და 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა  1 250 000 ადამიანი ცხოვრობდა"

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების მიერ კრიზისულ პერიოდში საზოგადოების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა.

„სტატისტიკაზე იყო საუბარი და მინდა კიდევ ერთხელ ამ თემას შევეხო. მათ შორის სიღარიბეზე იყო საუბარი და მარტივი სტატისტიკური მონაცემები მინდა მოვიყვანო. 2004 წელს, როდესაც ეს ძალა, დღევანდელი ოპოზიციური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში,  სიღარიბე საქართველოში 34% იყო, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. 2012 წელს, როდესაც მათ დატოვეს ხელისუფლება, მათდატოვეს 30%-იანი მაჩვენებელი ანუ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 4%-ით შემცირდა ეს მაჩვენებელი და ეს მაშინ, როდესაც 2003-2004 წლიდან დაიწყო ეკონომიკური ბუმი რეგიონში, 2004-2012 წლები ხასიათდებოდა სწორედ ეკონომიკური ბუმით მთლიანად რეგიონში, რამაც ბუნებრივია დადებითი გავლენა ჰპოვა საქართველოზეც. რეგიონში ასეთი ეკონომიკური ბუმის პირობებშიც კი მხოლოდ 4% შემცირდა სიღარიბე 8 წლის განმავლობაში. იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სიღარიბე 10%-ით შემცირდა და 20%-მდე ჩამოვიდა და მაშინ როდესაც რეგიონში მძიმე ეკონომიკური დინამიკა იყო. ჩვენ 6 წლის თავზე მოვახერხეთ და 10 %-ით შევამცირეთ სიღარიბის მაჩვენებელი ეს არის ის მარტივი სტატისტიკა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე და აქ ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება ადამიანზე ზრუნვის თემას - ჩვენ პრინციპულად სწორედ ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან, რომ ადამიანზე ზრუნვა არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და მათ შორის, ეს გამოისახება იმ ეკონომიკურ და სოციალურ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებმა საზოგადოებას შესთავაზა. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ციფრებს: დახმარება, რომელიც გაიცემა უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის, ჯამური მოცულობა ამ პაკეტის არის 535 მილიონი. ნახევარ მილიარდზე მეტი დაიხარჯება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაეწიოთ. იგივე მაჩვენებელი 2008 წელს, როდესაც მსგავსი ეკონომიკური კრიზისი იყო ომის და გლობალური რეცესიის ფონზე, მაშინ ეს დახმარება იყო, არც მეტი არც ნაკლები - 0 ლარი. 0 ლარი იყო თქვენი სულისკვეთება და ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება. მოწყვლადი ფენებისათვის დახმარება, რაც 73 მილიონია ამ პაკეტში, მაშინ იყო - 0 ლარი. დაიფარა კომუნალური გადასახადები და ამას მოხმარდა 150 მილიონი, ნაციონალური მოძრაობის დროს, 2008 წელს იყო - 0 ლარი. სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაზღვევა იყო 0 ლარი და აქ ჩვენ შემთხვევაში, მილიონები დაიხარჯა. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ პაკეტზე, რომელიც ცალკეა გაწერილი, სადაც ჯამში 2 მილიარდი იხარჯება. აქაც, სადაც ჩვენ გვაქვს 2 მლრდ. გადადებული, იმისთვის რომ ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს, ნაციონალური მოძრაობის დროს გამოყოფილი იყო ზუსტად 0 ლარი. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც თავის დროზე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და ეს არის დამოკიდებულება დღეს. ეს არ არის მარტივი ციფრები! ეს არის დამოკიდებულების და სულისკვეთების მაჩვენებელი სტატისტიკა. თქვენ იცით რა შედეგები მოიტანა იმ გულგრილობამ, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. ეს იყო ათეულობით და ასეულობით გაჩერებული მშენებლობები, სხვა ბიზნესები, მათ შორის, სასტუმროები, ტურისტული ობიექტები, უამრავი მევალე და თქვენ გახსოვთ ეს პრობლემა 2012 წლის შემდეგაც დაგვიტოვეს ჩვენ მემკვიდრეობით. ათასობით და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქონებას კარგავდა იმის გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მაშინ ისინი ხელისუფლებამ და 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 250 000 ადამიანი, მათ შორის იმ გულგრილობის გამო, რომლითაც ის ხელისუფლება გამოირჩეოდა, აღარაფერს ვამბობ ბიზნესის რეკეტზე, რაც იყო მათი დამახასიათებელი ნიშანი. ეს არის განსხვავება იმ ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის, ამას ხედავს საზოგადოება და ბუნებრივია, ამის შედეგია ის მონაცემები, რომელიც რეიტინგების მიხედვით არის ნაჩვენები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​