რუსეთის მოქალაქე ვაშაძის „დიპლოგიკა“

რუსეთის მოქალაქე ვაშაძის „დიპლოგიკა“

ოფიციალური თბილისი კვლავაც მტკიცედ დგას (სხვაგვარად არც ძალუძს) და მოსკოვთან ჯერაც უბრადაა. ეს „სიმტკიცე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ და სახალხოდაც გამოხატა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, ასევე, ოფიციალური ვიზიტისას. არც „ბი ბი სის“ დაუმალა, რომ, სანამ რფ-ის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებენ, საუბარს აზრი არ აქვსო.

თუმცა, ამის მიუხედავადაც, აზრი აქვს რუსეთისთვის „ენგურჰესის“ მართვაში გადაცემას. მეტიც, რაკი ქართული სიხარული იმის გამო, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და მსოფლიოს თვალი ავუხილეთ (და მერე რა, რომ ამ პროცესს საქართველოს მიწები და მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა, ვარდი უეკლოდ, აბა, ვის დაუკრეფია?!), ბ-ნმა ვაშაძემ ისიც გაგვიმხილა, რომ საქართველო დაელოდება იმ დროს, როდესაც ამ ქვეყანასთან ცივილიზებული დიალოგის გამართვა იქნება შესაძლებელი.

მეორე მხრივ, რუსეთის მოქალაქე მინისტრმა ისიც დასძინა, რომ „ყოველ 10-15 წელიწადში რუსეთი მსოფლიოს ახალ-ახალ სახეს აჩვენებს ხოლმე“, რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი მოლოდინის ოპტიმისტური ხანგრძლივობა 10-15 წელია და, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ რუსეთის ახალ-ახალი სახის გამოჩენის ფუნქცია ჩვენ ვიტვირთეთ, როგორც ჩანს, იმ 10-15 წლის შემდეგაც მზად ვიქნებით ამ საპატიო მისიის საკისრებლად.

რაც ყველაზე საინტერესოა, ბ-ნი ვაშაძის ლოგიკით, რუსეთი არ განიხილავს საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ და, აქედან გამომდინარე, მინისტრი აზოგადებს, რომ არც ერთი სუვერენული ქვეყანა არ დასთანხმდება იყოს რომელიმე, მათ შორის, რფ-ის პრივილეგირებული ინტერესების ზონა.

ბუნებრივია, ბ-ნი მინისტრის ბაგეებით, მართლაც, ჭეშმარიტება ღაღადებს და, შესაბამისად (სწორედაც რომ, ბ-ნი ვაშაძის დიპლოგიკით), იბადება კითხვა: რომელი ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დასთანხმდებოდა, დარჩენილიყო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქედ?!