გიორგი გახარია: ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აინტერესებდათ, რა იყო თვითდასაქმებული

გიორგი გახარია: ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აინტერესებდათ, რა იყო თვითდასაქმებული

ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძეს უპასუხა.

„არ ვიცი, რა სიტყვებით შემიძლია შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად, მოქალაქეებთან იბრძვის ორ ძირითად ფრონტზე - იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მოქალაქის სიცოცხლე და იმისთვის, რომ ადამიანს ელემენტარული შემოსავალი გადავურჩინოთ. ამ პირობებში, როდესაც ბატონ რომანს (გოცირიძეს) და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდათ, არც აღირიცხებოდა. ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა.

დღეს მე ტყუილებით მედავებიან, რომ ჩვენ, თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერმა და იმ დახმარების გაცემაზე მიაწოდა პარლამენტის წევრებს ინფორმაცია, რომლის გაცემა უკვე დაიწყო.

„მინდა, მაყურებელს და საზოგადოებას ვუთხრა, ის, რაც ბატონმა რომანმა ამ ტრიბუნიდან ბრძანა, არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი - გუშინ, ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ სოციალური გადახდები, რომელიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, დაიწყებოდა და რა თქმა უნდა, დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდეგ, 72 175-მა მოქალაქემ დაიწყო კრიზისთან დაკავშირებული დახმარების მიღება, ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხები უკვე ჩაერიცხა.

52 151-მა თვითდასაქმებულმა უკვე კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით დღეს მიიღო. 194 796-მა მოქალაქემ ასევე მიიღო სოციალური დახმარების პირველი დარიცხვა. 22 642-მა მრავალშვილიანმა ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება პირველი ტრანში უკვე მიიღო, 40 440 შშმ პირს უკვე ჩაერიცხა დახმარება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.