პოლიტპატიმართა აღიარების პროცესის მექანიზმებსა და დაბრკოლებებზე “ქართულ სიტყვას” არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრების” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ესაუბრა.
ქალბატონო ნანა, პოლიტპატიმრად აღიარებული პირების საპყრობილეებიდან გამოშვება უკვე დაიწყო?
_ საერთოდ, პოლიტპატიმრების აღიარების წინააღმდეგ ომია გამოცხადებული _ წინა ხელისუფლება გააფთრებული გვებრძოდა, რომ მათი აღიარება არ მომხდარიყო, არადა, საპარლამენტო დონეზე მათ აღიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ნიშნავს სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის აღიარებას. საქმე ისაა, ეს აღიარება მხოლოდ “ნაცმოძრაობისათვის” კი არა, მთელი დასავლეთ სამყაროსათვისაა მიუღებელი, რადგან ის სააკაშვილის ხელისუფლებას, წლების განმავლობაში, დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდა. დასავლეთმა მხარი დაუჭირა რევოლუციას, როგორც დემოკრატიული ცვლილებების მომტანს, შედეგად კი, მივიღეთ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს, თან _ ძალიან ბევრი.
პარლამენტმა პოლიტპატიმრად 160 ადამიანი აღიარა, თუმცა ეკა ბესელია აცხადებს, რომ პოლიტპატიმარი გაცილებით მეტია... თქვენი მონაცემებით, რამდენია?
_ ბესელიას კომიტეტში ძალიან ბევრი წერილი მიდის ციხიდან, ადამიანები მათი საქმის გადახედვას და ოფიციალურად პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ჯერჯერობით, ჩემმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო ყველა საპყრობილეში შესვლა, რათა მონიტორინგი ჩაატაროს და გაარკვიოს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. დარწმუნებული ვარ, როცა საქმეებს გავეცნობი, გაცილებით მეტი პოლიტპატიმარი აღმოჩნდება. იმ საბჭოს წევრი, რომელიც უნდა შექმნას სუბარმა, არ ვარ. იანვრისთვის დაგეგმილია ამ საბჭოს შექმნა და იმედი მაქვს, შემიყვანენ და დაბრკოლების გარეშე შევძლებ საპატიმროებში შესვლას.
ქალბატონო ნანა, აცხადებთ, რომ დასავლეთს არ უნდა პოლიტპატიმრების აღიარება, რათა ეჭვქვეშ არ დადგეს სააკაშვილის მთვრობის დემოკრატიულობა. რა გეგმები გაქვთ, როგორ აიძულებთ დასავლეთს?
_ დასავლეთი ამ ფაქტს ვერ გაექცევა. სააკაშვილი ბოლო წუთამდე არ თმობს და არ აძლევს ამ ადამიანებს ციხიდან გამოსვლის საშუალებას. წარმოიდგინეთ, როგორი არაადექვატური იყო სააკაშვილის ხელისუფლება და როგორ თავხედურ პოლიტიკას ატარებდა. სააკაშვილი ფიქრობდა და დღესაც ფიქრობს, რომ დასავლეთი პოლიტპატირებზე ხმას არ ამოიღებს. აშკარაა, რომ დასავლეთს ორმაგი სტანდარტები აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დასავლეთს ვაიძულებთ, რომ სიმართლე აღიაროს.
მაინც, რატომ იკავებს თავს დასავლეთი _ სააკაშვილის მიმართ სიმპატია აქვს და მხოლოდ ამიტომ?
_ სიმპატია არაფერ შუაშია, დასავლეთს თავისი შეცდომის აღიარება არ უნდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ის გვეუბნებოდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიქტატორი და ტირანია და ასეთ პიროვნებას მხარს უჭერდა და უზარმაზარ თანხას აძლევდა!
პოლიტპატიმრების აღიარებით წარმოჩინდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობდა და ის რეპრესიული მექანიზმი იყო. საგამოძიებო ორგანოები უკანონოდ იჭერდნენ ადამიანებს და, საერთოდ, მთელი სისტემა დანაშაულს ჩადიოდა. ამის თაობაზე წერილები სტრასბურგში მიდიოდა, მაგრამ დასავლეთმა წაუყრუა, თითქოს არაფერი ხდებოდა.
თქვენი ვარაუდით, როდესაც სრულად გექნებათ ინფორმაცია სასჯელაღსრულებით სისტემიდან, დაახლოებით, რამდენი პოლიტპატიმარი შეიძლება აღმოჩნდეს?
_ ზუსტ ციფრს ნამდვილად ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცი, ეკა ბესელიას აღარ სურს ამ მიმართულებით საქმის გაგრძელება, თუმცა არ ვიცი, რატომ. ჩვენს ჯგუფს, ოფიციალურად, ერთი თვის ვადა აქვს და ამ ერთ თვეში რა უნდა გავაკეთოთ, მით უმეტეს, ძალიან ბევრ დაბრკოლებას ვაწყდებით. მართალი გითხრათ, ბოლომდე არ მაქვს იმედი, რომ სუბარი საბჭოში შემიყვანს. ასე რომ, ვარაუდის დონეზე პოლიტპატიმართა რიცხვის დასახელება არ მიმაჩნია მართებულად. დასავლეთი ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის ქვეყნის შიგნით. დასავლური გრანტებითაა დაარსებული “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “კონსტიტუციის 42 მუხლი”, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, დატოვეს პოლიტპატიმართა აღიარებაზე მომუშავე კომიტეტი. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ პოლიტპატიმართა საქმე შესასწავლია და ამისათვის დრო სჭირდებათ. ეხუმრებით, 160 ადამიანის საქმის შესწავლას?! მათ ვუთხარი, ამისათვის ორი წელი მაინც დაგჭირდებათ და ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანები ციხეში იყვნენ-მეთქი?! მათ განაცხადეს, რომ ამ პროცესების შესასწავლად 3,5 მილიონია დახარჯული დასავლეთის მხრიდან და ამიტომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
გინდათ თქვათ, რომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” 3, 5 მლნ დოლარი აქვს აღებული დასავლეთის სხვადასხვა სტრუქტურებიდან პენიტენციალური სისტემის მონიტორინგისთვის?
_ დიახ, ამას თავად აცხადებენ. პრაქტიკულად, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დასავლეთიდანაა მართული. ისინი დროებით გავიდნენ კომიტეტიდან, რადგან დასვლეთის გარკვეული წრეებიდან, ახალ მითითებებს ელიან.