აბაშიძემ და კარასინმა მოილაპარაკეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს

აბაშიძემ და კარასინმა მოილაპარაკეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს

“საერთო ჯამში, პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე არ იყო ცუდი შეხვედრა და, როგორც იტყვიან ხოლმე, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებზე და მხოლოდ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა. ცნობილია, რომ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა ჟენევის ერთ-ერთ გარეუბანში 14 დეკემბერს გაიმართა. ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც, აბაშიძის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით გაიმართა. „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისათვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ დიალოგი რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება.