მთავრობა გაზრდილ ფასებს დანებდა

მთავრობა გაზრდილ ფასებს დანებდა

მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შენარჩუნება და ინფლაციის მოთოკვა ვერ მოხერხდა. პანდემიის პირობებში აუცილებელი მოხმარების პროდუქტებზე სიძვირე ყველასთვის თვალში საცემი იყო. ასეთ შედეგს პრემიერ-მინისტრიც აღიარებს.

გიორგი გახარიას აზრით, საქართველო არის პატარა, მცირე ეკონომიკის ქვეყანა. როცა ვიღაცა ჰპირდება, რომ გლობალურ ბაზარზე მაგალითად, ხორბალზე თუ ფასი გაიზრდება ან საწვავზე, ან სხვა რაიმე ბურღულეულზე, საქართველო შეძლებს გრძელვადიან პერიოდში ეს ფასი შეინარჩუნოს, ეს იქნება უბრალოდ ტყუილი.

მისივე თქმით, მთავრობამ დააზღვია პროდუქტებზე კურსთაშორის სხვაობა და სპეკულაციური ფასის ზრდა. რაც შეეხება მედიკამენტების ფასს, გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მედიკამენტის მომარაგებისთვის, რომლის მოდერნიზაცია, პრეპატარებზე ფასების შესანარჩუნებლად იქნება საუკეთესო გამოსავალი.

„9 პროდუქტზე ჩვენ ვთქვით, რომ კურსთაშორის სხვაობას დავაზღვევთ, რათა ლარის ფასის მერყეობის გამო თუ ეს ფასი იყო 10 ლარი, მაგალითად, არ გახდეს 15, 17 და ა.შ. გეთანხმებით, რომ სადღაც გარეუბანში ან რეგიონებში შეიძლება ვიღაც ადგილობრივმა მეწარმემ იქ ერთი ან ორი ლარი წაამატა. პირდაპირ ვამბობ, ამ პროგრამაში მთელი საქართველო არც ყოფილა ჩართული, ჩართული იყვნენ უმსხვილესი იმპორტიორები. შემდგომში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ქართული კანონმდებლობა გვაძლევს.

რაც შეეხება კომპანია „ჯიბეს“. ერთი რაც გავიგე, თურმე ვიღაც ჩემი გვარის წარმომადგენელი მუშაობდა, აგერ ვარ და პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცნობ და არანაირი შეხება არ მქონია. ეგეთი ჩემი გვარის ადამიანი ბევრია და ბევრ რამეს აკეთებს. მარნეულიდან, რომელიც გადაკეტილი იყო 5000 ტონა ბოსტნეულია გამოტანილი, „ჯიბეს“ აქვს გამოტანილი 400 ტონა. იმის გარდა იქ კიდევ მუშაობდა დაახლოებით 12 კომპანია“, - განაცხადა გახარიამ.

შეიძლება ითქვას, პრემიერი ამ შემთხვევაში მართალია, რადგან ფასების დაჭერა ქვეყანაში შეუძლებელი აღმოჩნდა და ყველაფერი გაძვირდა. ეს დაადასტურა კიდეც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებმაც: 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

არსებობისათვის აუცილებელ პროდუქტებზე ფასნამატმა მკვეთრად მოიმატა: 2020 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, ხილი - 45%-ით, რძის პროდუქტები - 23%-ით, ხორცპროდუქტები - 15%-ით, ხოლო პურპროდუქტები 8.4%-ით გაძვირდა.

ინფლაციის მოთოკვის ყველა შესაძლებლობა, ჯერჯერობით, უშედეგოა. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია სურსათსა და პირველადი დანიშნულების საგნებზე. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა 9 პროდუქტზე ფასებს ჯერაც ასუბსიდირებს, ეს გაძვირებას ვერ აჩერებს.

სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ უკეთესის მოლოდინი არ აქვთ. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია გაძვირების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ პროდუქციის გაიაფებას აღარ უნდა ველოდოთ. თუ სამომავლოდ ლარი მკვეთრად აღარ გაუფასურდა, ძირითად პროდუქტებზე ფასების ცვლილება არ არის მოსალოდნელი, მაგრამ გაიაფებაც შეუძლებელია.

„ინფლაცია გარდაუვალი იყო, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზარზეც მოხდა ცვლილება. გარდა ამისა, საქართველოსათვის აუცილებელი გახდა ალტერნატიული ბაზრების მოძიება პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რომელიც აქამდე ევრაზიული კავშირიდან შემოდიოდა და გარკვეული პრობლემები შეიქმნა თუნდაც ბურღულეულთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაიზარდა ლოგისტიკის ხარჯიც. ამ ყველაფერს დაემატა ლარის გაუფასურებაც, რასაც მხოლოდ იმპორტი არ გაუძვირებია, ფასებმა მოიმატა ადგილობრივ პროდუქტებზეც.

თუ არ გაუფასურდა ლარი და შენარჩუნდა 3.20-ის ფარგლებში, შემოტანილი სურსათი მეტად აღარ გაძვირდება, თუმცა გაიაფების მოლოდინიც არ არსებობს. ამ ეტაპისათვის პროდუქციის 80%-ზე ფასი გაზრდილია და მხოლოდ მეოთხე-მეხუთე კატეგორიის საქონელზეა შენარჩუნებული ძველი ნიშნული“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ინფლაციის ახალ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს.