რესტორნები ერთ კვირაში სრულად გაიხსნება, მაგრამ მათთვის რთული პერიოდი გაგრძელდება. პროდუქცია გაძვირებულია, ინფლაცია პიკზეა, ხოლო მომხმარებელი ან საერთოდ არ არის, ანდა ძალიან ხელმოჭერილია. ახლა კვების დიდი ობიექტები დილემის წინაშე არიან - როგორ უნდა მოახერხონ ბაზარზე ისე დაბრუნება, რომ კლიენტებიც არ გაანაწყენონ და ზარალსაც თავი აარიდონ.
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელი რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 30%-ით გაძვირდება მენიუ. ეს განპირობებულია ინფლაციის მაჩვენებლით.
„შარშან ამ დროს პომიდორი 1.20 ლარი ღირდა, ახლა 5 ლარი ღირს. სტუმარი თუ შეუკვეთავს ბერძნულ სალათს და დახვდება გაზრდილი ფასი, ფაქტს გაგებით უნდა მოეკიდოს. ფასები გაიზრდება, მომხმარებელს კი არ ექნება საშუალება გადაიხადოს. უნდა ვეცადოთ მენიუ გავაიაფოთ, რადგან ახლა შიდა მომხმარებელზე ვართ დამოკიდებული, შიდა მომხმარებელი კი, რომელიც კვების დაწესებულებაში დადის, არც ისე ბევრია.
რეალურად, ის ადამიანებიც ვეღარ ივლიან, რომლებიც აქამდე დადიოდნენ იმიტომ, რომ ძალინ ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ტურიზმის ინდუსტრიაში, დაახლოებით დაკარგულია 80 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ქვეყანა გაღარიბდა, კვების დაწესებულებაში ფასები აიწევს, რადგან ხარჯები გაიზრდება და სრულიად უაზრო ხდება კვების დაწესებულების გახსნა“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.
მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის უცხოელი ტურისტების რაოდენობის შემცირება. მხოლოდ შიდა ტურიზმით კი კვების ობიექტები პრობლემებს ვერ დაძლევენ, რადგან მათ შემოსავლებს დიდწილად სწორედ საერთაშორისო ტურისტები განსაზღვრავდნენ.
„ერთობლივ პრობლემებს, რომელიც ჩამოვთვალეთ, ერთვის კიდევ ერთი საკითხი. პროცენტულად თუ ავიღებთ, ნებისმიერ საშუალო თუ მსხვილ რესტორანში, მომხმარებლის 65% არის ტურისტი. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას, რადგან 100 პროცენტიდან 65% შემოსავალი ბიზნესს აკლდება. მე არ ვიცი ბიზნესი, რომელმაც შეიძლება ასეთ პირობებში შეძლოს არსებობა. საბოლოო ჯამში, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ლევან ქოქიაშვილმა.
აღსანიშნავია ასევე, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაც, რომელსაც როგორც ყველა ბიზნესისთვის, ასევე სარესტორნო ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ახლად შემუშავებული რეგულაციების სრულად დაცვა ხარჯებს ზრდის და ბიზნესს კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს.
ფაქტია, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებით შემუშავებულმა წესებმა სარესტორნო და სასტუმრო სექტორს ხარჯი მნიშვნელოვნად გაუზარდა. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ახალი წესების ნაწილი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია. „ბაბილო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და მთავარი მენეჯერი ნინო კაკალაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი სტანდარტით, 500 კვ/მ ფართობის დარბაზში 120 ადამიანზე მეტი რეალურად ვერ მოთავსდება, რაც საბოლოოდ რესტორნის შემოსავალზე ცუდად აისახება.
„ახალ ნორმასთან შეგუება გაგვიჭირდება. გაგებით ვეკიდებით ფაქტს, რომ ეპიდემიაა და წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ არის რამდენიმე პირობა, რაც რეალურად ძნელად განსახორციელებელია. პირველ რიგში, გაუგებარია სკამებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა მომხმარებელს როგორ მოვთხოვო, რაც მათი მხრიდან სერიოზულ დისკომფორტს გამოიწვევს. სავარაუდოდ, დიდი მაგიდების ჩადგმის აუცილებლობაც გაჩნდება.
ზოგადად ძალიან ცუდად იმუშავებს ეს წესი როგორც შიდა, ასევე გარე ტერიტორიებისთვის, დახურულ სივრცეებზე საუბარიც ზედმეტია. 500 კვ/მ მოცულობის დარბაზი გვაქვს და რეალურად 120 კაცზე მეტს ვერ დავსვამთ, რაც შემოსავლებს საგრძნობლად შეგვიმცირებს. მკაცრად გაწერილი ნორმა უნდა გვქონდეს, რის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ, რამდენიმე პუნქტი გაუგებარია და მისი შესრულება დიდ სიძნელეს შეგვიქმნის.
მთავარია, მომხმარებელი შევინარჩუნოთ, მცირე ნაწილი მაინც, ამიტომ ვაპირებთ, რომ ფასი ნებისმიერ შემთხვევაში დავტოვოთ, რადგან გაძვირებით მომხმარებლებს დავკარგავთ. გვირჩევნია, ნაკლები მოგებით ვიმუშაოთ, ვიდრე გავაძვიროთ და მერე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ“, - განაცხადა რესტორნის თანამფლობელმა.