ნიდერლანდების საფეხბურთო გრანდის, „ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, 25 მილიონი ევროთი შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას football.ua ავრცელებს.
კლუბის გენერალური დირექტორის, მარკ კუვერმარსის განცხადებით, შემცირდა ფეხბურთელების ხელფასებიც. ვინც დიდ ანაზღაურებას იღებდა, მათ უფრო მეტი, პატარა ხელფასის მქონე მოთამაშეებს კი გასამრჯელო შედარებით დაბალი პროცენტით დააკლეს.
ფინანსური კრიზისის დროს როტერდამულ კლუბს გულშემატკივრის ნაწილიც გვერდში დაუდგა და იმ 16,000 ადამიანიდან, ვისაც წელს თამაშებზე დასასწრები სეზონური აბონიმენტი ჰქონდა ნაყიდი, სამმა მეოთხედმა ფულის უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
ჰოლანდიის გასულ ჩემპიონატში, რომელიც ნაადრევად დასრულდა, „ფეიენოორდი“ მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.