უკრაინა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, საქართველო დაკვირვების რეჟიმშია

უკრაინა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, საქართველო დაკვირვების რეჟიმშია

ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია. თუმცა, უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის შემთხვევაში, შესაძლოა, დიპლომატიური პრაქტიკა დაირღვეს. უკრაინიდან გამოძახებულმა შარაშენიძემ, კონსულტაციების ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. საქართველოს ხელისუფლება ჯერ დააკვირდება რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და მხოლოდ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე.

თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციაზე გამოძახების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურმა თბილისმა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული, ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება არ შეეფერება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებას.

„ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა. საქართველო უკრაინასთან განაგრძობს მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე - იქნება ეს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას.

ბუნებრივია, ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თავის მხრივ, ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე არ იზიარებს პოზიციას, რომ საელჩომ შესაბამისად ვერ იმუშავა. ამბობს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის ხელისიფლების უმაღლეს დონეზე და გადაცა საპროტესტო ნოტა. შარაშენიძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, როდის დაბრუნდება უკრაინაში.

„ეს ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, ჩემი კომპეტენცია არ არის. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უკრაინაში ჰყავდეს ელჩი. ვფქირობ, რომ მიმდინარე მოვლენები ორ ქვეყანას შორის სიტუაციას არ გაამძაფრებს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეიმურაზ შარაშენიძემ.

ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებას. როგორ განვითრდება პროცესები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ეს უკვე უკრაინის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი. მისი თქმით, კონსულტაციებისთვის ელჩის გამოძახება ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვა ფაქტორიც არსებობს.

„ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, საიდანაც ელჩს იძახებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ არის მხოლოდ თემა, ორმხრივ ურთიერთობაში ეს უსიამოვნო გარემოება, რაც წარმოიშვა ყოფილი პრეზიდენტის გარკვეულ თანამდებობაზე, თუნდაც მეათეხარისხოვანი თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, არის თემა, რომელმაც ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს, მაგრამ არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვა თემაც.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი და ელჩის მონაწილეობით, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ, რომ ეს სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის საქართველო-უკრაინის ურთიერთობებიდან გამომდინარე, არანაირად არ იყოს დაზიანებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში მავნებლურ პოლიტიკას ეწევა, რითაც მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს. გოცირიძეს შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა უსუსური, დიპლომატიური დემარში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, გავიდა დიდი დრო და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი ფაქტობრივად მინავლებულიყო და დამთავრებულიყო, ხელახლა აღვივებენ საკითხს.

„აძლევენ ოფიციალურ სტატუსს, იბარებენ ელჩს და ბუნებრივია, დიპლომატიური არხებით გავრცელდება ის, რომ საქართველოს ელჩი დაიბარეს, დატუქსეს და თურმე უკრაინასთან კვლავ არის უთანხმოება, უკმაყოფილება და საქართველოსა და უკრაინას შორის თურმე არსებობს პრობლემა. ეს არის რუსეთისთვის მაამებლური ქმედება. ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საგარეო უწყების განცხადება, რომ კიევში ელჩი იმის მიხედვით დაბრუნდება, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინა, ეს განცხადება მავნებლობაზე მორიგი მავნებლობის დამატებაა. მისი თქმით, მსგავს დამოკიდებულებას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე დანიშვნა იყო, თუ ამ დანიშვნებს არ შეცვლიან, ე.ი. ელჩს უკან არ დავაბრუნებთ და უკრაინასთან ურთიერთობას გავაფუჭებთ? სწორედ ამიტომ არიან ესენი მოსაშორებელი, რომ არ გადააყოლონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კონკრეტულ ამბიციებს, გეგმებს და ერთი ადამიანის რაღაც ხუშტურებს“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის პოზიციას არ იზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, რომლის განცხადებით, საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, ისევე როგორც დიპლომატიურ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. მისივე თქმით, ელჩის მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები და დაიგეგმება შემდგომი ღინისძიებები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ურთიერთობები არ დაზიანდეს.

„თავისთავად, ჩვენ დავაკვირდებით იმ ნაბიჯებს, რასაც ასევე გადადგამენ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, არც დაგვიმალავს ამის შესახებ. თუმცა, ამ დასანანი გადაწყვეტილების მიუხედავად, არ ვაპირებთ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას. ეჭვქვეშ არ ვაყენებთ არც დიპლომატიურ ურთიერთობებს. გვაქვს საერთო პრიორიტეტები, როგორიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რასაკვირველია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ელჩის უკრაინაში არდაბრუნება იქნება ძალიან არასწორი და წინდაუხედავი ნაბიჯი.

„ეს ურთიერთობები იმდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის გრძელვადიანი სასიცოცხლო ინტერესებისთვის, რომ ცოტა მეტი დაფიქრება სჭირდებათ და არ მგონია, რომ ასეთი საჯარო დემარშებით წყდებოდეს პრობლემა მეგობარ სახელმწიფოსთან. დიპლომატია ყოველთვის არ მოითხოვს ხმამაღალ განცხადებებს და არსებობს სხვა რაღაცები, რომლის გამოყენებაც უფრო აქტიურად უნდა მოხდეს. სტრატრეგიული პარტნიორები და მეგობრები იმიტომაც არიან მეგობრები, რომ მათ შორის ნებისმიერი გაუგებრობა, რთული საკითხი და ა.შ. სხვა ფორმით შეიძლება იქნას განხილული და გადაწყვეტილი. არ მგონია რომ ეს არის საუკეთესო და სწორი ფორმა ამ ურთიერთობებში“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

მისივე თქმით, ძალიან არასწორია ის მიმართულება, რომლითაც საქართველო მიდის, რადგან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი და პირველმა ვინ დააშავა, ამაზე საუბარი უკვე სერიოზული შეცდომაა.

„ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, აშენება და შექმნა არის ძალიან რთული. ემოცია არ არის კარგი მეგობარი. ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღონ ემოციის ფონზე. არ არის ეს ფორმა საუკეთესო ფორმა ურთიერთობისთვის. თუ ჩვენ ტყუილ-მართალის გარჩევის სიბრტყეში გადავიყვანთ ურთიერთობებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შეცდომა არის დაშვებული. საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ისეთნაირად ვითარდებოდა და მიმდინარეობდა, რომ ასეთ სიბრტყეში არ უნდა გადავიდეს“, -განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

 

 

ზურაბი რა სამარცხვინო ქვეყანა გავხდით, სტრატეგიული პარტნიორები გვამცირებენ, სუვერენიტეტს გვილახავენ და ჩვენ გასუსულები ვართ,იმის შიშით რუსეთუმეობა არ დაგვბრალდეს. ეს არაა საქართველო, ეს არის ტერიტორია რომელსაც რატომღაც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვუწოდებთ.
3 წლის უკან