"ერთი კვირით ადრე იგივე ლავროვის მხრიდან გაკეთდა საკმაოდ ცივი განცხადებები და უეცრად, შეცვალა ტონი. ალბათ, რუსულ სინამდვილეში დევს ამ ცვლილების გასაღები, თუმცა ამ პირველი ნაბიჯებით იმის თქმა, რომ საკითხები ნორმალური ტემპით წავა, შეუძლებელია. შესაძლებელია, რუსეთმა მიიღოს მისიები, წარმომადგენლები, რეალური პროცესები კი დაამუხრუჭოს. ოკუპანტი ქვეყნის როლი რუსეთისთვის უფრო და უფრო დამამძიმებელი იქნება იმის პროპორციულად, რაც მეტად დაუახლოვდება დასავლეთს. რუსეთი არასოდეს წავა ისეთ ნაბიჯზე, რაც მის უკანდახევად აღიქმება. ერთადერთი თეორიული გზა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდეს, იქნება თანხმობა კონფედერაციული სახელმწიფოს მოწყობაზე. რამდენად შესაძლებელია ეს რეალურად, არ ვიცით. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია კონფედერაცია, მაგრამ აქ დასაფიქსირებელია, რა დევს სასწორის მეორე მხარეს. ყველანაირი შანსი არსებობს, ეს ტერიტორიები რუსეთის ნაწილად იქცეს და უნდა გადავწყვიტოთ, რა გვირჩევნია. გვაქვს კი რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვების შანსი?", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა შემთხვევაში გადადგება პრეზიდენტი სააკაშვილი 5 იანვარს".
"განსხვავებით სააკაშვილისგან, პრემიერი იქეთ ეახლა უმრავლესობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამდენ ადამიანზე მაღლა არ აყენებს თავს. უმცირესობას სჩვევია, ყველაფერი უარყოფითად შეაფასოს, მაგრამ რამდენად აზრიანია, ამას არ უყურებს. შენიშვნების ტირაჟირება, არ იგრძნობა ლოგიკური სიმყარე, რაც მსმენელების ნდობას განაპირობებდა. თუნდაც ის განცხადება უმცირესობის მხრიდან, რომ ივანიშვილს სურს ერთპარტიული პარლამენტის შექმნა, უბრალოდ არადამაჯერებლად ჟღერს. მით უფრო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისგან. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთში ვიზიტისას, სადაც პრემიერთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, ასეთი შეთავაზება უცხოური მედიის გავლით სასაცილოა. არ მესმის ამ ეტაპზე რა საკითხია მოსაგვარებელი, რომ პრემიერის დონეზე გაიმართოს შეხვედრა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ქვეყანაში ამდენი პატიმარი არსებობდა, ხოლო გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0,02%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ გვქონდა ავტორიტარული მმართველობა. დასავლეთმა ყველაფერი კარგად იცის, ამას ხაზს ვერ გადაუსვამს და ამიტომაც შეარბილა ტონი. სავალდებულო, ფორმალური განცხადებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, რეალობას არ ასახავს. დიტერ ბოდენმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკული შეფასების გამო, ფაქტობრივად, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს "ნაციონალებმა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ყველგან ისმის "ნაციონალების" დაკვეთა, რომ 6 თვეში მოვლენ ხელისუფლებაში. რის საფუძველზე უნდა დაბრუნდეს სათავეში პარტია, რომლის რეიტინგიც მხოლოდ 13%-ია? საზოგადოებრივი აზრი ამ 6 თვეში "ნაციონალების" სასარგებლოდ არ შეიცვლება. არ არის გამორიცხული, "ოცნების" რეიტინგი დაეცეს. შესაძლებელია, ეს პერიოდი რეალურად მარცხიანი აღმოჩნდეს, მაგრამ "ნაციონალების" 9-წლიან შეცდომებს საქართველოს მოსახლეობა ასე იოლად არ დაივიწყებს. დარჩება მხოლოდ ძალადობრივი გზა, მაგრამ თუ ძალადობრივი პროცესები დაიწყო, ისინი, როგორც მოსახლეობას, ასევე დასავლეთის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიან", - დასძენს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პირველი პირის სავარძელი 5 იანვარს უნდა დატოვოს. ეს რეალურად მიგაჩნიათ?" - პასუხობს:
"გადადგება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი აღმოაჩენს, რომ ამ ნაბიჯს დასავლეთისთვის მიყიდვა შესაძლებელი იქნება, როგორც პოლიტიკური დევნა. რეალობა ყოველთვის არ არის პოლიტიკისთვის სწორი გზა. "ნაციონალების" ხშირი აპელირება ტიმოშენკოსა და უკრაინის მაგალითით, უკვე მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკაში ჩადებულია ის მიმართულება, რომ დასავლეთს ტიმოშენკოდ მიჰყიდონ თავი".