იური მეჩითოვი კულტურის პრობლემებზე, გეგმებსა და სკანდალებზე

იური მეჩითოვი კულტურის პრობლემებზე, გეგმებსა და სკანდალებზე

ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი წლების მანძილზე თავისი საქმის პროფესიონალად მიიჩნეოდა და საზოგადოების გაღიზიანებას არასდროს იწვევდა, ბოლო დროს კი საკმაოდ მწვავე კრიტიკისა და ქილიკის ობიექტი გახდა. გარკვეული ადამიანები ჯერ კულტურის მინისტრის მოადგილედ მისმა დანიშვნამ აღაშფოთა, ამას კი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ის ცნობილი ვიდეო და ფოტომასალაც მოჰყვა, რომელიც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გასამყარებლად, მისივე საჯარო საიტიდან აიღეს. თავად ფოტოგრაფი ამ ყველაფერს უგუნურებას უწოდებს და ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის წინაშე ბოდიშის მოხდა და სიყვარულის დამტკიცება არ სჭირდება.

- ბატონო იური, სამინისტროში მუშაობის ხანმოკლე გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ გესახებათ ქართული კულტურის განვითარება და არსებული პრობლემების მოგვარება?
- ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა სამწუხაროდ, კულტურის დონე სულ უფრო და უფრო ეცემა. არ შეიძლება, ყველაფერი თბილისით განისაზღვროს. ადრეც ვიცოდი, რეგიონებში არსებული მწვავე პრობლემების შესახებ, რაზეც ყურადღება მინისტრმაც გაამახვილა. ყველაფერი მოისპო. ის კულტურის სახლები, რომლებიც საბჭოთა დროს არსებობდა, თავის ფუნქციას ასრულებდა, ხალხი დადიოდა, ახლა კი სახლებში გამოიკეტნენ და ტელევიზორებს მისჩერებიან. ნორმალურია ის ფაქტი, რომ მთელ ქვეყანაში სულ სამი კინოთეატრია? თელავის თეატრში ბილეთის ფასი მხოლოდ 3 ლარია, თბილისში კი, კინოფესტივალი რომ ჩატარდა - 2 ლარი ღირდა. არსებულ სიტუაციას მხოლოდ წინა ხალისუფლებასაც ვერ დავაბრალებთ, უკულტურობის ტენდენცია - მსოფლიო პრობლემაა. ადრე ცოდნა, განათლება მეტად პრიორიტეტული იყო, ახლა კი სამომხმარებლო, ყოფით დონეზე დავიდა. ხელოვნების აღქმაც შემოქმედებაა. ამიტომაცაა, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში დასრულებული არასდროსაა - ის მნახველს ფანტაზიის გაღვივების საშუალებას აძლევს. ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა, გაჭირვება, თვითგადარჩენაზე ზრუნვაა პრიორიტეტული, აქედან გამომდინარე, ხალხს თეატრში, ოპერაში, კონცერტზე სიარულის სურვილი და საშუალება აღარ აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა და ამას მხოლოდ კულტურის სამინისტრო ვერ უშველის. ადამიანური ურთიერთობები მხოლოდ Facebook-ის დონეზე და ვირტუალური არ უნდა იყოს.

- თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იყო თუ არა გამოყოფილი თანხები რეგიონული კულტურის განვითარებისთვის?
- კომპეტენტური ვერ ვიქნები, გიპასუხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ცხოვრება ჩამკვდარია. ახლა რამდენიმე კომისია იქმნება, პრიორიტეტად 10 მიმართულება დავსახეთ - სახელოვნებო განათლება, თეატრი, კლასიკური მუსიკა და ა.შ. ერთ-ერთი - რეგიონული განვითარებაა. ვფიქრობთ, რომ არსებული კულტურის სახლები, შენობები, სადაც შემორჩა, ან უნდა გარემონტდეს, ან რაიმე სხვა გზა გამოვნახოთ. ერთ-ერთი იაფი საშუალება, ვიდეოგამშვებების დადგმაა. ხელოვანები თბილისიდანაც უნდა ჩავიდეთ რეგიონებში და იქ ცხოვრება გამოვაცოცხლოთ. მთელი რიგი ღონისძიებებია განსახორციელებელი. მუშავდება კანონი მეცენატობის შესახებ, რომელსაც პარლამენტი მიიღებს და ეს უამრავ ადამიანს ქართული კულტურის განვითარებაში ფულის ჩადებას გაუადვილებს. გვინდა, უფასო დარბაზები შევქმნათ, სადაც მხატვრები და ფოტოოსტატები გამოფენებს მოაწყობენ. უცხოეთთან ურთიერთობა და ფოტოების გაყიდვა ვირტუალური სამყაროს მეშვეობითაც შეუძლიათ. ახალგაზრდა კინორეჟისორ თამარ სულამანიძესთან ერთად, ვმუშაობ 700-გვერდიან წიგნზე, სადაც შესულია 160 ფოტოგრაფი, 3000 ფოტონამუშევარი და მოიცავს 1955 წლიდან პერიოდს, როცა ქართულმა ფოტოგრაფიამ ფრთები გაშალა. ამ პროექტს სამინისტროს ნუ მიაწერთ, ბევრად ადრე დავიწყეთ.

- რას გვეტყვით ახალ კანონპროექტზე, რომელიც თეატრის მმართველისა და სამხატვრო ხელმძღვანელის საკითხს განსაზღვრავს?
- ეს საკითხი პირადად მე კარგად შესწავლილი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ მმართველის დონეზე არ უნდა გადაწყდეს თეატრის ბედი და სამხატვრო ხელმძღვანელი აუცილებელია, უბრალოდ მათი უფლებამოსილება კარგად განსაზღვრული უნდა იყოს, რომ დავების შემთხვევაში გაუგებრობა არ მოხდეს.

- რობერტ სტურუამ წამოაყენა მოთხოვნა, თავად გახდეს თეატრის მმართველი. გამოდის, რომ ახლანდელმა მმართველმა პოსტი უნდა დატოვოს... რას ფიქრობთ ამის შესახებ? და კიდევ - შესაძლებელია, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მმართველის თანამდებობების ერთი ადამიანის ხელში მოქცევა?
- დე იურე - შეიძლება, ასე ხდებოდა, მაგრამ დე ფაქტო - არა. ამისთვის არსებობენ მოადგილეები. ადამიანს არ შეუძლია ამ ორი ფუნქციის შეთავსება. ბატონი რობიკო დიდი ადამიანია, მაგრამ კანონის მხოლოდ ერთ ადამიანზე მორგება არ უნდა მოხდეს. ის ისეთ მოთხოვნას აყენებს, რომელიც მას მუშაობას გაუადვილებს და ეს აბსოლუტურად მესმის. ამისთვის, რობიკოს თეატრი უნდა შეიქმნას და მგონი, უკვე შენდება კიდეც. ამავე პრობლემაზე სხვა რეჟისორებთანაც ვისაუბრე. სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი "გაწერილი" არ არის. კინომსახიობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ქეთი დოლიძის დაბრუნებას მივესალმები, მისი პოლიტიკური ნიშნით გაშვება ყველანაირად მიუღებელი იყო. ამ ნიშნით არავინ არ უნდა დავბლოკოთ. ამ ეტაპზე მე გესაუბრებით როგორც პიროვნება, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩახედულია ამ საქმეში და არა როგორც თანამდებობის პირი, რადგან ჩემი სტატუსი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

- ეს სტატუსი როდის გაირკვევა?
- ვერ გეტყვით. წლის ბოლომდე რეორგანიზაცია ხდება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ჩემი მხრიდან თანამდებობის მოპოვების არანაირი სურვილი არ იყო, მე ხელოვნება - თეატრი და კინო მიყვარს, ასე თუ ისე, ვერკვევი კიდეც. სამინისტროში იმ შემთხვევაში ვიმუშავებ, თუ შემოქმედებითი ასპარეზი მექნება. მხოლოდ ჩინოვნიკი და შემსრულებელი თუ გავხდები, ასეთ ამპლუაში ძნელად წარმომიდგენია თავი. ხელმძღვანელობა - მინისტრი და მოადგილე ინიციატივის გამოჩენის საშუალებას გვაძლევენ და ეს ძალიან მომწონს.

- მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან თქვენს გათავისუფლებაზე რას იტყვით?
- ჩემი მეგობრები ჩემზე მეტად შეწუხდნენ იმ საშინელი კამპანიით, რაც ამ ამბებს მოჰყვა. დედაჩემი 81 წლის ქალია და მისთვის ამდენი, აბსოლუტურად დაუმსახურებელი სიბინძურის მოსმენა საკმაოდ მძიმეა. შოვინიზმს რომ მაბრალებენ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ისტორიულ ფაქტებს უკრაინელ ჟურნალისტს ვუხსნიდი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. საერთოდ, ეთნოფსიქოლოგიასა და ეთნოკულინარიას ვსწავლობ, საქართველოს რეგიონებში დავდივარ და ფოტოებს ვიღებ. ამაზე წლებია ვმუშაობ, ასევე - ანეკდოტებზე: კუთხური ანეკდოტები მაქვს შეგროვებული და ვაპირებ, წიგნად გამოვცე, მერე გავახმოვანო ან ვიდეოვერსია გავაკეთო, ვნახოთ. ეს კულტურის ნაწილია - ანეკდოტი მოკლე ლიტერატურული ჟანრია. სხვათა შორის, ჩემი გვარი ქართლიდანაა, ჩემი პატარა შვილიშვილი კი გურული გახლავთ.

- თქვენმა ფოტომაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...
- ეს ჩემი დიდი პროექტის, 12-წლიანი ნაშრომის ნაწილია. ეროტიკულ სურათებს დაახლოებით 1998 წლიდან ვიღებ, მას მერე, რაც ჩავთვალე, რომ ამის გამოცდილება და ასაკი უკვე მქონდა. შიშველი ნატურის გადაღება ფოტოხელოვნების ერთ-ერთი ჟანრი და ფაქიზი თემაა, მეც გამიტაცა და პირველი გამოფენა 1999 წელს მოვაწყვე, რომელსაც "შეფუთულს მიღმა" ერქვა. პერიოდულად კიდევ ვიღებდი და დაგროვდა. ის ჯგუფური კადრი კი, რომელზეც ერთი ამბავი ატეხეს, მე თავად დავდე ჩემს ოფიციალურ საჯარო საიტზე, გუშინ არ გავრცელებულა. დასაძრახი მანდ ჩემთვის არაფერია. ყველაფერი გაგებაზეა დამოკიდებული. ასეთი ნამუშევრებით ფესტივალები ტარდება და ხალხი პრიზებს იღებს... ხელოვანი დანაღმულ ველზე, ბეწვის ხიდზე დადის. ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რომ საქმე ხელოვნებასთან გვაქვს, ვინმესთვის მიუღებელია. ნიკებს ამოფარებული ხალხი "ფეისბუკზე" სხვებს ლანძღავს და პასუხი არაფერზე მოეკითხება...

- რას იტყვით ხათუნა ხუნდაძეზე, რომელიც "ფეისბუკის" კომენტარების გამო, საზოგადოების მხრიდან ასევე დიდი კრიტიკის ობიექტად იქცა?
- ხათუნა შესანიშნავი ადამიანია. მან გერმანიაში კარგი სამსახური მიატოვა და აქ ჩამოვიდა, რომ ჩვენი კულტურის განვითარებისთვის ხელი შეეწყო, აქ კი რაღაც ტექსტებზე გამოედავნენ. აღელვებული, გულწრფელი პატრიოტის მიერ გაკეთებული შეფასებები იყო იმ საშინელ პერიოდში და ეს მისთვის ჩირქის მოსაცხებად არ უნდა გამოეყენებინათ. ის ერთ-ერთ დეპარტამენტში იმუშავებს და კარგ საქმეებს გააკეთებს.

- სამინისტროს საქმიანობაში თქვენი როლი ყველაზე ნაყოფიერად რომელი მიმართულებით წარმოგიდგენიათ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ყველასთვის - ქართული კინოს აღორძინებაა. მოგეხსენებათ, ძველი "კინოშნიკი" ვარ, ახლაც კინემატოგრაფისტთა სახლში ვცხოვრობ და კინოსტუდიაში დიდი ხნის მანძილზე ოპერატორადაც მიმუშავია, ფოტოკორესპონდენტადაც და მხატვარ-ფოტოგრაფადაც. მსოფლიოში 5 კინოსკოლა იყო და ერთ-ერთი - ქართული, ახლა კი... არის რაღაც, რაც არ უნდა მოკვდეს და არ უნდა დამთავრდეს, ეს - ქართული კინოა. 2012 წელს ქართული კინემატოგრაფიის 100 წლის იუბილე იყო: 1912 წელს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაიღეს, რომელიც დღეს ფანტასტიკურადაა აღდგენილი. ეს ამაღელვებელი, დიდებული რამ არის.

დაბოლოს, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა ვთქვა, რომ ის მოთხოვნა - ერის წინაშე ბოდიში მოვიხადო, აბსოლუტური სიბრიყვეა. ძალიან დიდი და მაგარი სამეგობრო წრე მყავს, ამ ადამიანებს იუმორის გრძნობაც აქვთ; ისინი კარგად მიცნობენ და ასეთ რეაქციებზე ბრაზდებიან, მაგრამ ვეუბნები, რომ ამაზე ხმაურის ატეხა საჭირო არ არის. უსახურობის ეპოქაა, რაშიც წინა ხელისუფლებასაც დიდი წვლილი მიუძღვის. ის ადამიანები მეცოდებიან... ანეკდოტების მოყოლას კვლავაც გავაგრძელებ, ჭიქა ღვინოსაც დავლევ, ქალებსაც გადავიღებ და "შეფუთულს მიღმასაც" გამოვუშვებ წიგნად. "ფეისბუკზე" ბევრი ილაპარაკეს ჩემს სომხურ წარმოშობაზეც: ეგ რა ფოტოგრაფია, სულ ერთი-ორი სურათი გადაუღიაო. ბევრი კარგი რამ გამიკეთებია და ჩემს სკოლაში თაობებს ვზრდი, რომლებთანაც მუდმივად ვმეგობრობ, საქართველოს შვილი რომ ვარ და ეს ქვეყანა რომ მიყვარს - ქართველი ხალხის წინაშე ამის დამტკიცება არ უნდა მჭირდებოდეს!