Financial Times -

Financial Times - "ქართული ლოგიკა: გამარჯვებულს ყველაფერი"

ოქტომბრის არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის წევრების დაპატიმრებებისა და დაკითხვების "წვიმამ" დასავლეთის ხელისუფლებებს ახალი თავსატეხი გაუჩინა - რა რეაქცია ჰქონდეთ ამ მოვლენებზე, - ამის შესახებ ნათქვამია Financial Times-ის სტატიაში, რომლის სათაურია "ქართული ლოგიკა: გამარჯვებულს ყველაფერი"

სტატიის ავტორი ნილ ბაკლი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით საქართველოში მოვლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნების არჩევნებისთვის ჩვეული ლოგიკით - "გამარჯვებულს ყველაფერი" ვითარდება.

"ეს ჰგავს იმას, როგორ მოექცა სააკაშვილის მთავრობა მისი წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილ მოკავშირეებს და უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დევნას ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოძიებებმა უკვე ისეთი სიმაღლეები დაიპყრო, როგორიცაა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. იგი გამომძიებლებმა ახირებული ბრალდებით დაკითხეს, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილი საზღვარგარეთ ყალბი პასპორტით გაემგზავრა. სააკაშვილის პარტიის მოკავშირეები არ ამტკიცებენ, რომ 20-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანიდან ყველა უდანაშაულოა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის მთავრობა დაპატიმრებებსა და დაკითხვებს კრიტიკულად განწყობილი "ნაციონალების" დასადუმებლად იყენებს - რათა მოუსპოს შესაძლებლობა, პარლამენტში ოპოზიციის კუთვნილი როლი ეფექტურად ითამაშონ. ზოგიერთის აზრით, ის ფაქტი, რომ მილიარდერი ივანიშვილი პოლიტიკური ახალბედაა და 6.4 მილიარდიანი ქონების უმეტესობა რუსეთში იშოვა, იმის მანიშნებელია, რომ საერთოდ არ იცის, როგორ უნდა იმუშაოს დემოკრატიამ", - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, საქმეს მნიშვნელოვანი ნიუანსებიც ახლავს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.

"მართლმსაჯულების სისტემა დიდი ნაპრალი იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის დემოკრატიულ კურსში, რომლებსაც ხანდახან "მარკეტინგის ბოლშევიკებს" ეძახდნენ. თავიანთ ლიბერალურ მისწრაფებებში, ისინი არ თაკილობდნენ, მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის სისტემა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ. მართლმსაჯულების სისტემის სათანადო რეფორმირება არ მომხდარა და მას არ მიეცა კუთვნილი დამოუკიდებლობა. ქართველთა ნაწილი, რომელთაც იცოდნენ, როგორ ფუნქციონირებდა სისტემა, დასავლეთის განცხადებებს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის შუქურას წარმოადგენდა, უკვე ცინიზმად და თვალთმაქცობად აღიქვამდნენ. სწორედ ამას ეფუძნება ივანიშვილის ბანაკის განცხადება, რომ რიგით ქართველებს სისტემის ბოროტად გამომყენებელ ყოფილ ხელისუფალთა დასჯა სურთ. ცხადია, ასეთმა განწყობამ ხელი შეუწყო "ქართული ოცნების" მოულოდნელ გამარჯვებას არჩევნებში, რომელიც თბილისის ციხეში პატიმრების აბუჩად აგდების ამსახველი აღმაშფოთებელი ვიდეოკადრების გავრცელებას მოჰყვა", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც ავტორი წერს, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია, სააკაშვილის ბანაკმა "ქართული ოცნების" რეაქცია საკუთარ თავს გარკვეულწილად თავადვე დაატეხა.

"ივანიშვილსა და მის ალიანსს არჩევნების დროს ჯარიმებით და დაპატიმრებებით ავიწროებდნენ. ტექნიკური მიზეზების გამო მას საქართველოს მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს, მისი "ქართუ ბანკი" დაარბიეს და დროებით სხვას გადასცეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დასავლეთის ხელისუფლებების მოწოდებებმა "ქართული ოცნების" მთავრობისადმი, "შეაჩერონ" ყოფილ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული თანამდებობის პირების დაპატიმრებები, შესაძლოა, საქართველოში დასავლეთის თვალთმაქცად აღქმას ზიზღიც მიუმატოს. შესაძლოა სჯობდეს იმის მოთხოვნა, რომ თითოეული ბრალდება უნდა იყოს მტკიცებულებებით გამაგრებული, პროცესები სათანადო დონეზე წარიმართოს და ყველა საქმე სავსებით გამჭვირვალე იყოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე საუბარი, ახლა კი განხილულ საქმეთა გარკვეულ ნაწილს ბევრი უკლია ამ სტანდარტებამდე", - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, ავტორი წერს, რომ შესაძლოა სხვა გამოსავალიც არსებობდეს. მაგალითად კი ნილ ბაკლი "სიმართლის კომისიის" შექმნასთან დაკავშირებულ მოსაზრებას ასახელებს, რომელიც თომას დე ვაალმა და ანა დოლიძემ გამოთქვეს.

"ასეთმა მიდგომამ, შესაძლოა, არა მარტო პოსტ "ვარდების რევოლუციური" დემოკრატიის ხარვეზები გამოასწოროს და ივანიშვილი პროდემოკრატობის "სიგელებით" შეამკოს, არამედ, კვლავ შეუნარჩუნოს საქართველოს დემოკრატიის შუქურის რეპუტაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის", - აღნიშნულია სტატიაში.

ambebi.ge