წერილს დავიწყებ ამონარიდით
გაზეთი „ალია“ N85/2741, 2012 წლის 6-7 ნოემბერი, ინტერვიუ სასჯელაღსრულების მინისტრთან სოზარ სუბართან:
კითხვა: დაბოლოს, „ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი, რომელიც მუშაობდა სასჯელაღსრულების პიარის სამსახურის უფროსად, უკანონოდ მოხსნა ბაჩო ახალაიამ და დარეჯან მეფარიშვილი არის სისტემის ერთადერთი თანამშრომელი, რომელმაც ახალაიას სამსახურიდან უკანონო დათხოვნის გამო უჩივლა და პროცესი მოუგო. ახალაიას დაეკისრა ფინანსური ჯარიმის გადახდა. საინტერესოა, ჩემს კოლეგას ახალი მინისტრი რას პირდება და გადაუხდის თუ არა კუთვნილ კომპესაციას?
პასუხი: დარეჯან მეფარიშვილს მე ვიცავდი, როგორც სახალხო დამცველი, ვამტკიცებდი, რომ ის იყო უკანონოდ გათავისუფლებული, ახლა როგორ შეიძლება, არ დავაკმაყოფილო მისი ნებისმიერი მოთხოვნა? ვაცხადებ, ნებისმიერი მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება დაკმაყოფილებული. ნამდვილად არ ვაპირებ სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობას.
რა ხდება სამართლიანობის აღდგენის სურვილით მოსული ხელისუფლების წიაღში? რა მიზეზი და საფუძველი არსებობს იმ განცხადებებისა, რასაც „ქრონიკასთან“ საუბრისას ჩემი კოლეგა დარეჯან მეფარიშვილი და ავოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი აკეთებენ?!
დარეჯან მეფარიშვილი, „ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტი:
- ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვინერვიულე ვიდრე მივიღებდი გადაწყვეტილებას და ამ თემაზე ვისაუბრებდი. არ ვიცი როგორ შევაფასო ის რაც მოხდა, რაა ეს, ბედის ირონია თუ „ვინც ჩვენთან არაა ჩვენი მტერია“-ს პრინციპი. შეფასებები მკითხველისათვის მიმინდვია, მე მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრებ და ისიც ყველაფერს არ ვიტყვი, ერთი „მარტივი მიზეზის“ გამო - ჩემზე ამბობენ ავკარგიანიაო და არ მინდა მომხდარის გამო იმ 17 წელს გადავუსვა ხაზი, რაც სოზარ სუბართან, როგორც ჩემს კოლეგასთან და როგორც ჩემს მეგობართან (მე ასე ვთვლიდი ყოველშემთხვევაში) მაკავშირებდა. დავიწყებ ბოლოდან: ოქტომბრის დასაწყისში სამტრედიიდან, სადაც ჩაწერილი ვარ და სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს, მირეკავს დედაჩემი და მეუბნება რომ ფოსტალიონმა სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა ჩემთან სახლში - შენ რომ ახალაიას უჩივლე იმ საქმის გადაწყვეტილებააო, - მეუბნება დედა. გამიკვირდა და ჩავთვალე რომ ეს იყო ძველი, 2009 წლის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვიანებით მოვიდა. საბოლოოდ გაირკვა რომ ეს იყო ახალი გადაწყვეტილება ჩემს ძველ საქმეზე. ვიდრე „გამოვფხიზლდებოდი“ დამიკავშირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე და მითხრა რომ ჩემს საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: თქვენს მისამართზე ჩავაბარეთ სამტრედიაში, მაგრამ ადვოკატის მისამართი ვერ დავადგინეთ, საქმეში ზაზა ხატიაშვილია მითითებული, მაგრამ რწმუნებულებას ვადა აქვს გასული და ახალი ადვოკატი ხომ არა გყავთო. მივედი სასამართლოში და ეს გადაწყვეტილება ხელზე წამოვიღე. თან ვკითხე თანაშემწეს რატომ იმსჯელა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩემს საქმეზე? პასუხი ასეთი იყო - გადაცემაში „მატრიცა“ თქვენს საქმეზე ისაუბრა ზაზა ხატიაშვილმა და სასამართლომ ჩათვალა უსწორობა გამოესწორებინა.
რას ნიშნავს ეს?
- სამართლებრივ საკითხებზე მე ვერ ვისაუბრებ, პრაქტიკოსი იურისტი არა ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრა ის რაც ჩემს საჩივარს „გადახდა თავს“: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პიარ სამსახურის უფროსად ახლა ცნობილი ექსპერტის კახა კახიშვილის, რომელიც მაშინ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, რეკომნედაციით დავინიშნე. 2003 წელს დაიბადა ჩემი მარიამი და ბუნებრივის დეკრეტში გავედი, მარიამის დაბადებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე დაიბადა გიორგი, ანუ დეკრეტული შვებულება გამიგრძელდა. იმჟამად მოქმედი კანონით 3 წლიან პერიოდს მოიცავდა დეკრეტი და 2007 წლის მარტამდე მე სამსახურში არ გავსულვარ. ამასობაში დეპარტამენტში სამი თავმჯდომარე გამოიცვალა. პაატა მხეიძე, ვის დროსაც მე მივედი დეპარტამენტში შეცვალა კოპაძემ, კოპაძე გიგლა აგულაშვილმა (ახლა რესპუბლიკელების კვოტით დეპუტატია), აგულაშვილის შემდეგ კი ბაჩო ახალაია დაინიშნა. ვერ გეტყვი, რომ ჩემი მატერიალური მდგომარეობა მაძლევდა საშუალებას დეკრეტში მთელი 5 წელი ვყოფილიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ახლა შეიძლება გიგლა აგულაშვილი არ დამეთანხმოს, მაგრამ მაშინ ასე იყო - მას ისევე როგორც სხვებს პიარ სამსახურის უფროსი თავისიანი ჭირდებოდა და არა „სხვისიანი“ თუნდაც პროფესიონალი ყოფილიყო ის სხვა. აგულაშვილმა რეფორმის ეგიდით ერთი ხელის მოსმით გააუქმა დეპარტამენტის ყველა სამსახური და მეორე ხელის მოსმით სამსახურის უფროსებს დაარქვა მთავარი სპეციალისტები. ახალაიას ტერმინი მთავარი სპეციალისტი არ მოეწონა და ისევ აღადგინა ტერმინი - სამსახურის უფროსი. მიუხედავად იმისა რომ მე სამსახურის უფროსი ვიყავი (ოფიცერი ვარ), ახალაიამ მთავარ სპეციალისტად დამტოვა და სამსახურიდანაც გამათავისუფლა, ისე რომ ერთი დღითაც კი არ მიმუშავია მის პერიოდში. ეს ხდება იმ დროს როცა მე დეკრეტულ შვებულებაში ვარ, ამაზე „უკეთესი“ კანონდარღვევისთვის არ ზის ახლა ახალაია. მეტიც, ბაჩო ახალაია არა მხოლოდ მდევნიდა, მაწამებდა. მდევნიდა ასევე კოპაძე, რომელმაც სადეკრეტო შვებულების ფული არ მომცა მანამ ვიდრე იუსტიციის მაშინდელი მინისტროს მოადგილესთან გია გეწაძესთან სამშობიაროდან არ გავაგზავნე წერილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გეწაძეს, რომელიც არასდროს მინახავს პირადად და რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ მე და ჩემი შვილი სამშობიაროდა გამოვსულიყავით.
რას ქვია ახალაია გაწამებდა?
- დიახ, მაწამებდა! ნინა, საშინელებაა ის რაც მე გადამხდა თავს, რაც ახალაიამ ჩემს მიმართ გააკეთა. მოკლედ, როცა ახალაია სახალხო დამცველის მოადგილეობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გადავიდა, მე დავურეკე სოზარს და ვუთხარი - სოზარ, პურის ფული არა მაქვს, არის დღეები როცა ერთ ხახვს ოთხად ვყოფ, ნაწილ-ნაწილ ვწვავ და ერთი წლის გიორგის მოთუშულ ხახვს ვაჭმევ, ამიტომ გთხოვ დამეხმარე დაურეკე ახალაიას და უთხარი ერთი კვირით მივალ სამსახურში, რათა მოვახერხო და სასჯელაღსრულებიდან სადმე გადავიდე, უმუშევარს არსად მიმიღებენ და დეპარტამენტის თანამშრომლად რომ ჩამთვლიან, ეგებ მოვახერხო სამსახურის შოვნა, თუმცა ზუსტად ვიცი მიშა მე არსად არაფერს გამაკარებს-მეთქი. სწორად გამიგე, მაშინ ბაჩო ახალაიასთან მუშაობა მე მხოლოდ მამამისის როლანდ ახალაიას გამო არ მინდოდა, თორემ იმ ეტაპზე საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა სახალხო დამცველის მოადგილეობიდან წავიდა დეპარტამენტში, ჯალათად არავინ იცნობდა. მე იმ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი ვარ რომელმაც პროკურორ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, როცა მან სააკაშვილთან გარიგებით ათასი სიბინძურის კეთება და „ფრთიან ანგელოზად“ საკუთარი თავის წარმოჩენა დაიწყო, სიმართლე დავწერე და ამისთვის ვიდევნებოდი კიდეც და ჩემი გადაწყვეტილებაც არ მემუშავა ახალაიასთან გასაკვირი არ იყო. სოზარი დახმარებას დამპირდა და მითხრა ორ დღეში დამირეკეო. ორი დღის შემდეგ სახალხო დამცველი მეუბნება - ბაჩოს როგორც ვიცი იქ თავისიანის მიყვანა უნდა (ეს თავისიანი იყო დღეს ძალიან პროფესიონალად და დაჩაგრულად რომ ევლინება საქართველოს, სალომე მახარაძე) და რა ვიცი აბა რა გითხრაო. მე მაშინ ვკითხე სოზარს - ნინიას ბაღია სოზარ? ეს როგორ გავიგო, არა მაქვს მუშაობის უფლება? და რა მიპასუხა მეგობარმა და სახლხო დამცველმა? არ ვიცი გაქვს თუ არა მუშაობის უფლებაო. ახლაც, როცა ამას ვიხსენებ ზუსტად იგივე რეაქცია მაქვს რაც წლების წინ მქონდა - ტვინი დამეწვა მეგონა. გავთიშე ტელეფონი და გულამოსკვნილი ვტიროდი. მარიამს დედაჩემი ზრდიდა სამტრედიაში, გიორგი კი ჩემთან იყო, ნახევრად მშიერი მყავდა ბავშვი. ჩემი უბედურება ის იყო, რომ ჩემს ტრაგედიას ჩემს ოჯახს ვუმალავდი. დაახლოებით ორი საათი ვიტირე მაშინ და სარკესთან მივედი, ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი - რას გევხარ დარე? იმ წამს გადავწყვიტე - მე თავად მივხედავ ჩემს საქმეს, ეგრე არაა, სხვის უფლებებს როგორ დავიცავ თუ საკუთარი ვერ დაიცავ, მაინც არ დავეცემი, მე მაგარი ვარ, მე დავბრუნდები და მე დავბრუნდი! მივედი სასჯელაღსრულებაში და შევხდი ახალაიას კადრების სამსახურის უფროსს. მან მითხრა რომ თურმე ახალაიას თავისი კადრი უკვე ყავს მოყვანილი და თქვენ სად დაგნიშნოთო. რას ქვია სად დამნიშნო, ჩემს ადგილზეა დანიშნული სხვა და შესახვეწი რა მჭირს-მეთქი. კადრების სამსახურის უფროსი, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, მეუბნება - ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ 6 ათასი დოლარი თუ არ მოითხოვთ სამსახურში დაბრუნებას. ეს კომპესაციაა? - ვიკითხე. არა, ეს ხელიდან ხელში გადმოგეცემათო, - მეუბნება. ქეშად მაძლევდნენ ფულს, მეორედ მაშინ დამეწვა ტვინი. გამოვედი დეპარტამენტიდან შეურაცხყოფილი, ვეუბნები საკუთარ თავს - ახლა უკან თუ დაიხევ, ჩათვალე რომ ყველაზე
უკანასკნელი ადამიანი იქნები ჩემს თვალში. და დავიწყე: ყოველ დღე მე და ჩემი სამი წლის გიორგი მივდიოდით დეპარტამენტში, ვითხოვდი საშვს, არ მაძლევდნენ, მერე ვწერდი განცხადებას - მომეცით მუშაობის საშუალება, ვტოვებდი ამ განცხადებას და ორთაჭალიდან ფეხით (მგზავრობის ფული არ მქონდა) მივდიოდი რუსთაველზე იუსტიციის სამინისტროში, სადაც ასევე ვწერდი განცხადებას უკვე მინისტრის სახელზე და ვაფიქსირებდი მომხდარს. რა თქმა უნდა არავინ მომაქცია ყურადღება. ერთ დღესაც რუსთაველზე შემხვდა ზაზა ხატიაშვილი, მოვუყევი რაც მჭირდა. არ იჩივლე? - მკითხა ზაზამ, - ეს ხომ დევნა და წამებაა, ამას როგორ პატიობ? მე ვუთხარი ზაზას რომ არ მქონდა საშუალება ადვოკატი ამეყვანა. გაგიჟდა, რას მეუბნები, რამდენი პროცესი მოგვიგია მე და შენ, წლები ვიყავი შენი ადვოკატი და როგორ არ დამირეკეო. მოკლედ, ზაზამ შეიტანა საჩივარი სასამართლოში. მე ერთ პროცესზეც არ ვყოფილვარ, ზაზას თუ დაუკავშირდები მოგიყვება რაც მოხდა. ჩემი საქმე ისევ სოზართან მოხვდა.
როგორც ვიცი სახლახო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაშიც იქნა შეტანილი.
- კი, სოზარმა დადო დასკვნა სადაც აღნიშნულია რომ მე ვიდევნებოდი და უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული სამსახურიდან. მოგეხსენება მაშინ პარლამენტი ომბუცმენის დასკვნებს არც კითხულობდა, ამიტომ ზაზა ხატიაშვილმა მაშინ როცა სააკაშვილი პარლამენტში მივიდა სახალხო დამცველის მოხსენების ის ნაწილი რაც მე მეხებოდა, ყველა დეპუტატს, ოპოზიციასაც და პოზიციასაც გადასცა. ზაზამ პირადად დიმიტრი ლორთქიფანიძეს სთხოვა, როგორც მის კოლეგას, დაესვა კითხვა სააკაშვილისთვის ჩემი დევნის შესახებ. კითხვა არ დასმულა! ნუ, გასაგებია, მე არ ვიყავი „რუსთავი-2“-ის ან „იმედის“ ჟურნალისტი, ამ დროს მე უკვე ჟურნალისტიკაში ვიყავი დაბრუნებული და „ალიას“ წარმოვადგენდი!
ჟურნალისტიკაში დაბრუნებულმა სოზარს თუ შეახსენე ის რაც გითხრა - არ ვიცი გაქვს თუ არა მუშაობის უფლება?
- კი, ვუთხარი. მე უკან დახევა არ მჩვევია, გაეცინა, რა გინდა მერე ხომ დავდე დასკვნა და ვთქვი სიმართლეო, - ასე მიპასუხა. მეტიც, მე არ მჩვევია ბოღმის გულში ჩადება და როცა სახლახო დამცველის ოფისში არასამთავრობო სექტორმა ინდაურები გაუშვა ნიშნად იმისა რომ „სოზარი ინდაური იყო“ (ეს მათი სიტყვებია), ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ ხალხს ინდაური სოზარი არ დამახსოვრებოდა. მე ვაშუქებდი ყველა მის გადაწყვეტილებას, ყველა იმ საქმეს, რაც სახალხო დამცველის ოფისში შედიოდა და ვთვლიდი რომ სოზარი მართლა კარგი ადამიანი იყო. ნუ, სხვა თემაა მასზე გავლენა იმ პერიოდში ვინ მოახდინა და ვინ გადააქცია „ინდაური სოზარი“ კარგ სახალხო დამცველად. არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი, ბოლო დროს, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს მოვყვები და ამით დავამთავრებ ჩემს სათქმელს: როდესაც სასამართლომ უსწორობის გასწორება მოახდინა, ეს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებაშიც მივიდა. მე ველოდებოდი გასაჩივრების დროის გასვლას, 12 დღიანი ვადა ქონდათ, რათა აღსრულებაზე გადამეცა გადაწყვეტილება. ვადის გასვლის შემდეგ დავრეკე სასამართლოში სააღსრულებო რომ წამომეღო. მითხრეს რომ გადაწყვეტილებაზე უზენაესში შეტანილი იქნა კერძო საჩივარი. პარადოქსია, მაგრამ საჩივარი სეტანილია მას შემდეგ რაც შენ ინტერვიუ ჩაწერე სოზართან და ჩემი საქმის შესახებ კითხე. ინტერვიუ ჩაწერილია 5 ნომებრეს, საჩივარი კი ორი თუ სამი დღის შემდეგ შევიდა. არა აქვს ახლა ამას მნიშვნელობა, მთავარი ისაა რომ მე მაქვს ორი „ფურცელი“, ორივე სოზარის უწყებისაა, ერთით მდევნიდა ახალაია, მეორეთი მე ვდევნიდი ახალაიას. რამდენიმე დღის წინ ვიყავი სოზართან, არ მოვყვები ჩვენი საუბრის დეტალებს, არც იმ სატელეფონო საუბარზე ვიტყვი არაფერს რაც ჩემსა და დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია ხასიას და ამ დეპარტამენტის იურისტსა და ჩემს შორის შედგა, მთავარი ისაა რაც სოზარმა მითხრა - მე არ ვიცოდი რომ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ნუ, ალბათ აქ უნდა გავიცინოთ ხომ? მე ვუთხარი სოზარს, ესაა სამართლიანოს აღდგენა რაც შენ გააკეთე? მიპასუხა - მე როდის დავპირდი ვინმეს რამე, ჩემი საქმე აი ესაა და კაბინეტი „შემოხაზა“ საჩვენებილი თითით. ეს როგორ? - ვკითხე, - პატიმარი უნდა ვიყო რომ დამიცვა და კანონი არ დაირღვეს? მგონი კომენტარი ზედმეტია, ხომ? კარგი, სოზარმა არ იცოდა ამ საჩივრის შესახებ, როცა გაიგო რა მოხდა ამის შემდეგ? არაფერი! გამგები გაიგებს რაც ვთქვი. პარადოქსია, მაგრამ იყო დრო როცა მე და ზაზა ხატიაშვილი ერთად ვიცავდით ჟურნალისტს სოზარ სუბელიანს (მაშინ ამ გვარზე იყო) და ახლა დადგა დრო როცა სოზარ სუბარისგან ზაზა ხატიაშვილმა უნდა დამიცვას და არა სასამართლო წეისთ, მას როგორც ასოციაციის პრეზიდენტს ადვოკატად პროცესზე გამოსვლის უფლება არა აქვს, ესეც რომ არა კერძო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განიხილოს კუბლაშვილის ასე ვთქვათ უწყებამ.
„ქრონიკა“ დარეჯან მეფარიშვილთან საუბრის შემდეგ დაუკავშირდა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს ზაზა ხატიაშვილს:
- დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე უნიკალური მე ჩემს კარიერაში არ შემხვედრია, თვით თენგიზ ასანიძის საქმეც კი არ იყო მსგავსი. დარეჯან მეფარიშვილის საქმემ შეძრა საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი. ყველა ითხოვდა ამ საქმეზე რეაგირებას. დავიწყებ თავიდან: მე როცა ვიყავი კერძო ადვოკატი და ვიცავდი ჩემი მეგობრის დარეჯან მეფარიშვილის უფლებებს, ვინაიდან იგი გახდა სააკაშვილის ერთ-ერთი ბინძური სახის ახალაიას მსხვერპლი, ჩვენ ვიწვალეთ და მოვიგეთ პროცესი, სადაც ვითხოვდი დარეჯან მეფარიშვილის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული აქტის ბათილობას, რითაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და განაცდურის ანაზღაურებას ახალი აქტის გამოცემამდე. მოვიარეთ სამი ინსტანცია, როგორც იქნა მოვიგეთ. უზენაესიდან დაბრუნდა სააპელაციოში და მოსამართლეებმა შენგელიამ, ღლონტმა და რუსიაშვილმა გამოიტანეს გადაწყვეტილება რითაც დაკმაყოფილდა დარეჯან მეფარიშვილის სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ბათილად სცნეს გათავისუფლების ბრძანება და ახალი აქტი უნდა გამოცემულიყო. მე ვიცოდი რაც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს ახალაიასთვის პროცესის მოგება, ამიტომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვითხოვე და ჩავიბარე. ამის შემდეგ რამდენიმე თვე ვითხოვდი მთლიან გადაწყვეტილებას, რათა აღსრულებისთვის გადაგვეცა. როცა სრული გადაწყვეტილება დაწერეს, ამ კრიმინალმა მოსამართლეებმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეცვალეს და ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს იყო არნახული ქმედება, რომლის მსგავსი არსად მინახავს, არც ერთ საქმეში. კერძოდ, გადაწყვეტილებიდან ამოიღეს - დარეჯან მეფარიშვილს აუნაზღაურდეს განაცდური. ვინაიდან სააკაშვილის რეჟიმს არ უნდოდა შეექმნა პრეცედენტი რომ ადვოკატმა და ჟურნალისტმა ახალაიას მოუგო პროცესი, შეცვალეს გადაწყვეტილება. შეცვლილი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მე არ გავასაჩივრე, ეს რომ გამესაჩივრებინა მაშინ პირველი კანონიერი გადაწყვეტილება უკანონოდ უნდა მეღიარებინა და ეს სიყალბე კანონიერად. გადაწყვეტილება არ გავასაჩივრეთ, მაგრამ დავიწყეთ ბრძოლა იმაზე რომ მოსამართლეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა სამი მოსამართლის მიმართ. 2009 წლის დეკემბრის ბოლოს მე გავხდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და მე მიმიწვიეს კონფერენციაზე სადაც მოწვეულები იყვნენ კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს მაღალსკამოსნები, ევროკავშირის, ევროსაბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლები. ამ კონფერენციაზე იყო საუბარი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მე ვთქვი რომ სასამართლო იყო უნამუსო დაწესებულება, კუბლაშვილს ვუთხარი - შენ რომ არ გეთქვა და დაგევალებინა მოსამართლეებისათვის დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გაეყალბებინათ, ამას მოსამართლეები თავად ვერ გააკეთებდნენ. გაყალბებყული და გაუყალბებელი გადაწყვეტილება ინგლისურ ენაზე ნათარგმნი მივაწოდე კონფერენციის ყველა მონაწილეს. ეს 2010 წლის მაისში მოხდა, რეაგირება მაინც არ იყო. 2011 წელს ადვოკატების დევნაზე მივმართე ევროკავშირის პრეზიდენტს სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, კუბლაშვილის, კალმახელიძის პერსონა ნონ გრატად ცნობაზე. რამდენიმე თვეში ევროკავშირს ისევ მივმართე ანალოგიური მოთხოვნით, ამჯერად უკვე ადვოკატების მასალებს დავურთე ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებების ასლები, ეს არის ხოსე მანუელ ბარუზოს სახელზე გაგზავნილი განცხადება და ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა. ევროპის ადვვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ დადო დასკვნა, შემდეგ ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ტომას ჰამერბერგი იყო ჩამოსული საქართველოში, მე მას ნიშნად იმისა, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში არ ტარდებოდა, გადავეცი დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე მიღებული და შეცვლილი გადაწყვეტილებები. ჰამერბერგმა ეს რომ ნახა მითხრა - მომეცი ეს გადაწყვეტილება, ეს რა ვნახე, უნდა წავიღო ევროსაბჭოში და უნდა ვაჩვენო იქ ყველას ვის ვაძლევთ ჩვენ ფულსო. ორი თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მან წაიღო დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებები, ჰამერბერგი დებს სკანდალურ დასკვნას საქართველოზე. ჰამერბერგმა რომ გამოაქვეყნა ეს დასკვნა, ამის შემდეგ მე გაეროში მქონდა შეხვედრა, სადაც მოვითხოვე იმ ადამიანების სია, რომლებიც გაეროში განაგებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას. როცა მათ ვაჩვენე ეს გადაწყვეტილებები, მათ მითხრეს ეს ძალიან დიდი სკანდალია, ამიტომ ჩვენს ხელმძღვანელობას მიმართეო. ამ ჩხუბსა და დავიდარაბაში რომ ვიყავი, კუბლაშვილმა ორი მოსამართლე რუსიაშვილი და ღლონტი გაათავისუფლა სამსახურიდან, დარჩა მესამე მოსამართლე შენგელია. დარეჯან მეფარიშვილმა და ზაზა ხატიაშვილმა სააკაშვილის რეჟიმი აიძულა ორი მოსამართლე მოეხსნა, ეს იცით რამხელა სკანდალი იყო? იმ სააკაშვილმა, რომელიც მოსამართლეებს ყველაფრის უფლებას აძლევდა, მოსამართლეები გაუშვა! წარმოიდგინე რა დონეზე უნდა გვედავა, სააკაშვილის რეჟიმს წაგება რომ ეღიარება. ეს მართლაც უპრეცედენტო ფაქტი იყო, ეგეთი რამ არ მომხდარა, მოსამართლეს უშვებდნენ იმის გამო, რომ ისინი დევნიდნენ ისეთ ადამიანებს, როგორიც მე და დარეჯანი ვიყავით. მოსამართლეების გაშვება იყო სააკაშვილის სასამართლოში პირველი ბზარი, რომელიც დარეჯან მეფარიშვილმა გააჩინა თავის საქმეზე. ეს იყო ამ რეჟიმის რყევის დასაწყისი.
მინდა გითხრა ნინო, რომ მე არ ვიცნობ ბევრს, ვინც დარეჯან მეფარიშვილივით სააკაშვილის ან შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლოს. კუბლაშვილმა ორი მოსამართლე კი მოხსნა, მაგრამ გაყალბებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.
და რა გზა დაგრჩათ მიზნის მისაღწევად?
- გზა კი არა დევნა დაიწყო ჩემს წინააღმდეგ, ერთ-ერთ ადვოკატს აძალებენ ჩემს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ადვოკატი ბრიუსელში ჩაბარდა და თავშესაფარი მოითხოვა, მე ჩავედი ბრიუსელში, ვნახე ადვოკატი ლალი ჯიმშერაშვილი და მასთან ერთად ვაკეთებ პრესკონფერენციას ადვოკატების და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. აქ მე წავიღე დარეჯან მეფარიშვილის საქმე გადათარგმნილი, რა თქმა უნდა და უცხოურ მედიასთან საუბარს ვიწყებ ასე - მოგესალმებით 21-ე საუკუნის ჰიტლერის სახელმწიფოდან. მეკითხებიან - რატომ ითხოვთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პერსონა ნონ გრატად ცნობას? მე მათ გავაცანი დარეჯან მეფარიშვილის საქმე, ფრანგმა ჟურნალისტებმა იქვე განაცხადეს - ეგეთი რამ ბელორუსიაშიც კი არ ხდება, პირველად გვესმის მსგავსიო. რამდენიმე დღეში მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრა, ბეგამოჩი იყო დეპუტატი, მეორე დღეს კი შევხვდი პელე ემერსონს, ამ შეხვედრას ესწრებოდა ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე. ორივე შეხვედრაზე მე ვისაუბრე მეფარიშვილის საქმეზე. პელე ემერსონმა რომ წაიკითხა ეს გადაწყვეტილებები, ბარუზოს უნდა წავუღო ეს თქვენთან რეები ხდებაო. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა ევროკავშირმა ძალიან მძიმე განცხადებები, დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე ერთი ამბავი იყო ატეხილი. ეს საქმე გავაცანი უკრაინაში, სადაც იგივე რეაქცია იყო და სააკაშვილი შუქურაა დემოკრატიისო, ამის შემდეგ მე უკრაინელებისაგან არ მსმენია. მეტიც, მეფარიშვილის საქმის გამო სკანდალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ევროპის საბჭომ დაიწყო საქართველო, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, ბელორუსიის და სასომხეთის დახმარება სასამართლოს კუთხით. ევროსაბჭომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მხარედ ჩამრთო მე. იყო განხილვა როგორი სასამართლო სისტემა არის ამ ქვეყნებში. ყველა ქვეყანა თავის სასამართლო დამოუკიდებლობაზე საუბრობდა, მე ავდექი და ვამბობ, ევროსაბჭომ იცის, რომ ყველაზე კარგი სასამართლო საქართველოშია, ვისმენ აქ ამ ქვეყნების წარმომადგენლების საუბარს და მინდა გითხრათ რომ ჩვენთან, ამ „ყველზე დემოკრატიულ“ ქვეყანაში მეფარიშვილის საქმე სასამართლომ გააყალბა და ადვილი წარმოსადგენია რა იქნება სხვა ქვეყნებში. ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ანასტასია შადაროვა, მან რამდენჯერმე მკითხა ეს მართლა ასე მოხდაო? დაიწერა სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასკვნა და ამ შემთხვევაშიც დარეჯან მეფარიშვილი საქმე იყო პრიორიტეტული. ნინო, ჩვენ არ გავასაჩივრეთ გაყალბებული გადაწყვეტილება და ისეთი დასკვნები მოდიოდა ევროკავშირიდან, ევროპარლამენტიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმი იძულებული გახდა გაყალბება ეღიარებინა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კუბლაშვილმა შეცვალა გადაწყვეტილება, ანუ პირვანდელი სახით აღადგინა! ეს იცით რა არის? კუბლაშვილმა ამით განაცხადა - ჩვენ თავის დროზე მოვხსენით მოსამართლეები, მაგრამ ახლა იმასაც ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვიყავით მონები და მითითებებით ვმუშაობდითო. პრეცედენტი დაუშვეს და ხაზგასმით აღსანიშნავია, ამ ახალ გადაწყვეტილებას ხელს აწერს ირაკლი შენგელია, მოსამართლე, რომელმაც თავის დროზე კანონიერი გადაწყვეტილება გააყალბა. ამით ირაკლი შენგელიამ თქვა მე შემსრულებელი ვიყავი, მაგრამ ერთი პროცენტი ღირსება მაქვს დარჩენილიო, მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაცეებს ეს ერთი პროცენტი ღირსება არ ქონიათ. ამით რა დამტკიცდა იცით? მე და დარეჯან მეფარიშვილს 4 წლის წინ უზენაეს სასამართლოში გაყალბებული გადაწყვეტილება რომ გაგვესაჩივრებინა, გვეცნო ეს სიყალბე, ახლა გვეტყოდნენ თქვენ სცანით ეს სიყალბე. ოთხი წელი ველოდით მე და დარეჯან მეფარიშვილი გამარჯვებას. კუბლაშვილის სასამართლომ რომ ვერ მოგვატუა ეს დავამტკიცეთ, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე სასჯელაღსრულების ახალ ხელმძღვანელობას ღირსება საერთოდ არ ჰქონია. მთავარი პარადოქსი იცით რაა? - იყო დრო, როცა თავის დროზე მე ვიყავი ერთადერთი ადვოკატი, რომელიც სოზარს იცავდა და დარეჯან მეფარიშვილი იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც სოზარს ხმალამოღებული იცავდა. მე მახსოვს დარეჯან მეფარიშვილს სოზარის დაცვის გამო მაშინდელმა ერთ-ერთმა მინისტრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, მაშინდელი სასამართლო პროცესი იყო პირველი, რაც შემდეგ განმეორდა ფოტორეპორტიორების საქმეზე.
რომელი პროცესი იყო ფოტოგრაფების სადარი?
- პროცესი არა, თავად ფაქტი. ფოტორეპორტიორების საქმეზე ძალიან მაგრად დადგა „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ის რომ დამალულიყო, ძალიან კარგად იცით რაც მოხდებოდა. ახლა პარალელი - სოზარს შევარდნაძის დროს სასამართლოში უჩივლა მაშინდელმა აფხაზეთის შს და უშიშროების მინსიტრებმა, მაშინ მასმედიის არც ერთი საშუალება არ გამოეხმურა ამ საქმეს. ერთადერთი ჟურნალისტი, ვინც სოზარს გვერდით დაუდგა დარეჯან მეფარიშვილი იყო. ის მოვიდა პროცესზე და რომ დაინახა არც ერთი ჟურნალისტი არ ესწრებოდა სხდომებს, წავიდა მეფარიშვილი, ფეხით მოიარა ყველა გაზეთი, მათ შორის ისეთებშიც მივიდა ვისაც პირდაპირ აკონტროლებდა შევარდნაძე, ყველა რედაქცია ჩააყენა საქმის კურსში, მეორე დღეს ყველა გახდა იძულებული დაინტერესებულიყვნენ სოზარის და აფხაზეთის შს და უშიშროების დავით. მე მახსოვს იბეჭდებოდა სტატიები სათაურებით - „პრესა პრესის ქვეშ“, „აქვს თუ არა სამინისტროს ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია?“, ძალიან მაგარ სტატიებს წერდა, ძალიან მაგარი მხარდაჭერა გაუკეთა. პროცესიდან თვალცრემლიანი გამოვედი და ვთქვი - საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, ჟურნალისტი, რომელმაც გააერთიანა ჟურნალისტები, ერთად დააყენა „კავკასიონის“ და სოზარის ირგვლივ. ეს იყო მეფარიშვილის გამარჯვება! ამ ერთმა ჟურნალისტმა აიძულა მოსამართლეები სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ და სოზარისთვის არ დაეკისრებინათ ის თანხა რასაც მას მაშინ შსს და უშიშროება სთხოვდა, მითუმეტეს რომ ჩვენ მაშინ პროცესი დავტოვეთ და ჩვენს გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება მოსამართლემ. ამ პროცესის შემდეგ მე მემუქრებოდნენ, მეფარიშვილს კი ხელით შეეხნენ. მარტო დადიოდა მეფარიშვილი, - მარტო! ეს მაშინდელი რეჟიმისთვის იყო საშინელება, მაშინ გადაწყდა „ზემოთ“, რომ ჟურნალიტს საქმე არ უნდა წაეგო და როგორც მახსოვს მე და შენ შენს წინააღმდეგ წარმოებული 7 საქმიდან არც ერთი არ წაგვიგია. მე ვიყავი ერთადერთი ადვოკატი, რომელიც სოზარსაც იცავდა და დარეჯანსაც.
ახლა სოზარისგან იცავ დარეჯანს, პარადოქსია.
- ახლა ძალიან ცუდი რამის გაკეთება მიწევს. მე მინდა ვკითხო სოზარ სუბარს, რომელთანაც მე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს: როდის იყო სოზარ სუბარი მართალი, როდესაც სახალხო დამცველის რანგში ამ საქმეზე ამბობდა, რომ დარეჯან მეფარიშვილს ბაჩო ახალაია დევნის და მეფარიშვილი არის დევნის მსხვერპლი, თუ ახლა, როდესაც იგი მოერგო მინისტრის სავარძელს და ამბობს, რომ დარეჯან მეფარიშვილი დევნიდა ბაჩო ახალაიას. აი, ძალიან მაინტერესებს როდის იყო სოზარი გულწრფელი? გამოდის, რომ სოზარი გულწრფელი არც არასდროს ყოფილა, სოზარს ყოველთვის ამოძრავებდა პოლიტიკური მოტივები. როცა ის მეფარიშვილს იცავდა ეს მისი სულიერი მდგომარეობა კი არ იყო, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ჟურნალისტიკის ვარსკვლავის დაცვა მისთვის იქნებოდა პოლიტიკური დივიდენდები. სამწუხაროდ, მინდა დავეთანხმო იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე სახლახო დამცველს პოლიტიკურ დამღას ადებდნენ. დღეს სუბარმა დაადასტურა, რომ მისთვის პოლიტიკური მოტივებია მთავარი, მან გამოავლინა თავისი ბუნება და კერძო საჩივარი შეიტანა იმ საქმეზე რომელზედაც დასკვნა ეწერა და საერთაშორისო ორგანიზაციებში რომ დადიოდა ცრემლებს აღვარღვარებდა - ეს რა უქნეს ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილსო. სასწაულია...
დარეჯანი შეხვდა სოზარს, სუბარმა მას უთხრა რომ არ იცოდა კერძო საჩივრის არსებობის შესახებ, იგივეს ეუბნება დეპარტამენტის თავმჯდომარე ხასია, დეპარტამენტის იურისტი კი მეფარიშვილს უცხადებს რომ ზემოდან იყო დავალება კერძო საჩივარი შეეტანა.
- მე ვეჭვობ, რომ ეს საჩივარი სამინისტროს დარაჯმა შეიტანა. მივიდეთ და გამოვკითხოთ დარაჯები, რატომ გაასაჩივრეს სოზარის ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება. მე გეტყვი - არ არსებობს მინისტრის გარეშე რამე მოხდეს! გამორიცხულია! თუ ეს მართლა მინისტრის გარეშე მოხდა, მაშინ რა გამოდის? ვთქვათ არ იცის, მეორე მომენტი დავუშვათ: მან ხომ გაიგო გადაწყვეტილება გასაჩივრებული რომ არის? ერთი კვირა გავიდა, რატომ არ ჩაატარა ბრიფინგი და არ თქვა შეცდომა მოხდა და გამოვითხოვე კერძო საჩივარიო? სოზარიმ ეს არ გააკეთა და არც გააკეთებს, ამიტომ მინდა მას ვუთხრა - მე რაც გავაკეთე მეფარიშვილის საქმეზე, ორჯერ მეტს გავაკეთებ ახლა და მაინც არ დავიხევ უკან. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდები, თუ სასამართლომ ამჯერად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო რა გამოდის? სკანდალია ეს - დარეჯან მეფარიშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ახალი ხელისუფლების მინისტრისაგან კუბლაშვილმა დაიცვა! ეს არის სკანდალი და არა მხოლოდ პრესის ფურცლებისთვის. თქვენ იცით რა მოხდა ახლა? დარეჯან მეფარიშვილი არის პირველი პოლიტიკური ნიშნით დევნილი ამ ხელისუფლების პირობებში, პირველი პოლიტიკური დევნილი ჟურნალისტი! სოზარმა ყველაფერს გადაუსვა ხაზი ამ კერძო საჩივრით, მისი ყველა საპარლამენტო მოხსენება წყალში გადააგდო, გამოდის ის ეთანხმება მოსაზრებას ახალაია კარგი ჩინოსანი რომ იყო! სუბარმა არასამართლებრივი და არაპოლიტიკური ნაბიჯი გადადგა ახლა და ძალიან მწარედაც ინანებს. მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სოზარ სუბარს ეგრევე მოვხსნიდი! დარეჯან მეფარიშვილი ახლა პირდაპირ ჯდება ევროსაბჭოს ასამბლეის 2012 წლის სამი ოქტომბრის დადგენილებაში „პოლიტიკური დევნილის და პოლიტიკური პატიმრების სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომლითაც ცოტა ხნის წინ ქალბატონმა ეკა ბესელიამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. აი, ზუსტად ის არის დევნა, რასაც ახორციელებდა ახალაია და რაც გააგრძელა სუბარმა! ახალ ხელისუფლებას მინდა მივულოცო, მას ყავს პირველი პოლიტიკური დევნილი ჟურნალისტი, რომელსაც დევნის ყოფილი სახლახო დამცველი, ეს არის შემზარავი ფაქტი. სოზართან ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანი სოფო ჯაფარიძე მუშაობს, მე ვთხოვ მას ჩაიხედოს ამ საქმეში და ის სირცხვილი რაც სამინისტრომ ჩაიდინა, რაღაცნაირად მოწმინდოს სამინისტროს.
კერძო საჩივარს წინ უსწრებდა ჩემს მიერ ჩაწერილი ინტერვიუ სოზარ სუბართან. სტატიის გამოსვლიდან მეორე დღეს შედის საჩივარი.
- სტატია არაფერ შუაშია, ეს არის სოზარის პირადი ტრაგედიაა, მე გეუბნებით, რომ თუ სოზარი კანონს არ დაიცავს ამ საქმეში, მე არ დავხუჭავ თვალს ამ უკანონობაზე, მომხდარს მთელი მსოფლიო გაიგებს. დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ ახალაია იყო სამოქალაქო სექტორის მტერი, ახალი მინისტრი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება დიდი პოზიტივით შეხვდა, მისი მხრიდან კანონის დარღვევა არის ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია! მას შეეძლო უკანონობა დაესამარებინა, პირიქით კი მოიქცა. გინდათ გითხრათ სასაცილო? მე და დარეჯანს არ გვინდოდა საქართველოში პროცესის მოგება, სტრასბურგში გვინდოდა საქმის წაღება, არ მოგვცა ამის საშუალება უზენაესმა, დაიცვა კანონი. ეს იმდენად ასპროცენტიანი საქმე იყო, ვერ გაბედეს ახალაიას დაცვა, მაშინ ერთი მოსამართლე გააგდეს სასამართლოდან და ახლიდან დაიწყეს პროცესები, მიუხედავად ამისა, ვერც ისინი გაექცნენ რეალობას და კანონიერი გადაწყვეტილება გააყალბებინეს, იფიქრეს გავასაჩივრებდით. კარგით რა, ეს რა გააკეთა სოზარმა, ეს რა ქნა! ახალაიასგან და სოზარისგან დევნილი კუბლაშვილის დასაცავი თუ იქნებოდა როგორ წარმოვიდგენდი ამას? ძალიან არაპოლიტიკური და არაკანონიერი ნაბიჯი გადადგა სუბარმა, თავად თუ არ იცის სოფო ჯაფარიძეს კითხოს და სასწრაფოდ ჩამოირეცხოს ის საშინელება რაც მთელს მსოფლიოში მოჭრის თავს ივანიშვილს, ნუ გაგვაკეთებინებს ამას მე და დარეჯან მეფარიშვილს!