რა ხდება

რა ხდება "რუსთავი 2"-ში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში პრობლემებია. არსებული ინფორმაციით, არხის კორესპონდენტები გაიფიცნენ და დღეს დილიდან გადაღებებზე გასვლაზე უარი თქვეს. ეს, ფაქტობრივად, დაადასტურა "კურიერის" 12:00 საათიანმა გამოშვებამ, რომელშიც არც ერთი ჩართვა არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. ჩვენ მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რას უკავშირდება ფინანსური პრობლემები "რუსთავი 2"-ში.

არჩევნებამდე არასამთავრობოები და მედიაექსპერტები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ "რუსთავი 2"-ის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იყო საბიუჯეტო სახსრები და ყოფილ ხელისუფლებას შესაბამისი სქემები ჰქონდა შემუშავებული.

არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიას აღნიშნული დაფინანსების წყარო მოესპო. ალბათ, გაუქმდა მანამდე პრესაში არაერთხელ აღწერილი სქემაც, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის "კურატორი" მაღალჩინოსნები ბევრ ბიზნესკომპანიას ტელეკომპანიაში რეკლამის მიტანას "ურჩევდნენ".

ასევე, ახალმა ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ს წინა ხელისუფლების დროს ათეულობით მილიონი დოლარის გადასახადი ეპატია და მეტიც, ტელეკომპანია, ფაქტობრივად, არ იხდიდა გადასახადს. ამჯერად მას უკვე მოუწევს გადასახადის გადახდა, რომლის ბოლო ვადა რამდენიმე დღეში იწურება.

მოკლედ, საბიუჯეტო დაფინანსების, გარანტირებული სარეკლამო შემოსავლების გარეშე დარჩენილ (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რეკლამა ტელეკომპანიას არც ახლა აკლია) და გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშე მყოფ "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების რომ შექმნილიყო, გასაკვირი არ არის.

ტელეკომპანიის ერთ-ერთ მთავარ მეწილეს, გიორგი ყარამანაშვილს კი არსებული ინფორმაციით, ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ "რუსთავი 2" ათეულობით მილიონ ლარიან დოტაციაზე დასვას. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეკომპანიის ერთ-ერთმა სახემ დავით კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ყარამანაშვილმა თანამშრომლებთან შეხვედრისას თქვა - "რუსთავი 2" ბიზნესპროექტი უნდა იყოსო. მისივე თქმით, ტელეკომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტი ახლა დგება.

არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული შემოსავლების გარეშე დარჩენილი ტელეკომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტი "ქამრების შემოჭერას" ითვალისწინებს, მათ შორის ხელფასის კუთხით. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტებს 35%-ით შეუმცირეს ხელფასი და ამან პროტესტი გამოიწვია.