ტურიზმი გაცოცხლებისთვის ემზადება. პირველი ეტაპისთვის, სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ საქართველოს მიმართულებით გააქტიურებას, თუმცა უკვე ევროპული სახელმწიფოებიც ინტერესდებიან. არ არის გამორიცხული, უნგრეთმა ყველას დაასწროს და საქართველოში პირველი ვიზიტორები სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოსულ სტუმრებს საკმაოდ რთული პროცედურის გავლა მოუწევთ.
„უნგრეთი შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ სახელმწიფოთა შორის, საიდანაც ჩვენთან შესაძლოა, პირველი ვიზიტორები ჩამოვიდნენ. შევხვდი უნგრეთის ელჩს საქართველოში და მან დაადასტურა ის დიდი სურვილი, რასაც გამოხატავენ უნგრეთის მოქალაქეები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ასევე არის მზადყოფნა ოფიციალურ დონეზე.
ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, უნგრულმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი“, რომელიც საქართველოს ბაზარზეც ოპერირებს, მზადყოფნა გამოხატა, რომ ტურისტების შემოყვანა უნგრეთიდან დაიწყოს.
ევროპული პრესა უკვე წერს, რომ საქართველო ტურიზმის მიმართულებით ცდილობს პირველი ევროპული ქვეყანა გახდეს, რომელიც ტურისტებს უმასპინძლებს. ეს, რასაკვირველია, დადებითი მომენტია, მაგრამ აქ ჩამოსუი უცხოლებისთვის პროცედურები მარტივი არ იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ისეთი წესები იქნება ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად, ისინი კარანტინში აღმოჩნდებიან.
საკითხზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც და აღნიშნა, რომ ტურიზმის მიმართულებით რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოყალიბდეს.
მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში დაინფიცირებულების საქართველოზე გაცილებით მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული, ყველა ქვეყანა ამსუბუქებს თანდათან შეზღუდვებს.
„ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში, ერთ თვეში და შეიძლება ერთ წელიწადშიც არ გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსთან თანაცხოვრების შესახებ. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს, პირველ რიგში, წესების დაცვა და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები. რაც შეეხება ტურიზმს, ამ კუთხით, რასაკვირველია, რისკი იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ჯერჯერობით ნებისმიერმა ორგანიზაციამ, კერძომ თუ სახელმწიფომ, იქნება ეს ტურიზმის ადმინისტრაცია თუ კერძო ასოციაციები, რაც არ უნდა მარკეტინგული კამპანია აწარმოონ, არ იქნება ეფექტური. „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის თქმით, უპირველეს ყოვლისა, ეს ხდება იმიტომ, რომ არავინ იცის რა მოლოდინი იქნება.
„ეკონომიკა გაჩერებულია. ტურიზმი გაჩერებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამაც არ იცის რა დატვირთვით და მოლოდინებით ამუშავდება ბიზნესი. ბიზნესმა უნდა დაიწყოს მუშაობა, ვხედავთ, რომ ივლისი-აგვისტოდან მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა დაიწყება.
წლევანდელი წელი იქნება მთლიანად სატესტო, აქედან გამომდინარე, სატესტო წელს ვერანაირ მასშტაბურ კამპანიას ვერ აწარმოებ, იმიტომ რომ არ ვიცით მოლოდინი რა არის. ამას გარდა, ძალიან დიდია უნდობლობა, არა მხოლოდ ქვეყნისადმი, არამედ საერთოდ ტურიზმისადმი“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ ასათაშვილმა.
პირველი ეტაპისთვის, სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ ტურისტულ აქტივობას, ანუ რეგიონში დაიწყება ტურისტული მიმოსვლა.
ეს უკვა ნოუ ჰაუა.
თუ ამ კარანტინს ბიუჯეტის ხარჯზე ჩავატარებთ, "ტურისტები" ნამდვილად არ მოგვაკლდება.
ვინც იქ უკვე იყო, ყველა იძახის, ასეთი კვება და კომფორტი ცხოვრებაში არ მღირსებიაო.