რას ითხოვენ მშენებლები მთავრობისგან და რას მიიღებენ საბოლოოდ?

რას ითხოვენ მშენებლები მთავრობისგან და რას მიიღებენ საბოლოოდ?

სექტორს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა, პრემიერი ანტიკრიზისულ გეგმას კვირის ბოლომდე შესთავაზებს. საუბარია სამშენებლო ბიზნესზე, რომელიც შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად მძიმე მდგომარეობაში რჩება.

გიორგი გახარიამ იმ დარგებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა დაეხმარება და ხაზი გაუსვა, რომ მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა. მათ შორისაა მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა. მთავრობის დადგენილებით, დეველოპერებს საქმიანობის აღდგენის უფლება 11 მაისიდან მიეცათ, ახლა კი მათთვის სპეციალური ანტიკრიზისული პაკეტი მზადდება.

კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორმა ინვესტიციების მოზიდვა და საქმიანობის გაგრძელება შეფერხების გარეშე შეძლოს, „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური 4 შეღავათს ასახელებს:

„ახლა მნიშვნელოვანია გაყიდვის მიმართულებით არსებული ვითარების გამოსწორება. ამიტომ კარგი იქნებოდა, ვისაც ბანკებთან აქვს ვალდებულება, ეს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი კიდევ გადაავადოს. წლის ბოლომდე მაინც ამ პროცენტის გადახდა რომ არ მოხდეს;

მეორე - მოგეხსენებათ, თავის დროზე, საბანკო რეგულაციებით იპოთეკური სესხის გაცემაც ძალიან შეზღუდეს. მესმის, ამას თავისი ახსნა ჰქონდა, მაგრამ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უძრავი ქონების ბაზარზე რყევა მაშინვე გამოიწვია. ახლა წარმოიდგინეთ, დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც მყიდველი ისედაც რთულად მოსაძებნია, კიდევ დამატებული ბანკებთან არსებული ბარიერები როგორ აისახება ბიზნესზე. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ნაწილი, თუნდაც ამ კრიზისული პერიოდის გამო, დროებით მაინც თუ გაუქმდება, სამშენებლო სექტორს ძალიან დაეხმარება;

მესამე - ნებართვების გაცემა. თქვენ იცით, რომ ბოლო წლებში ძალიან გართულდა პროექტების დამტკიცება. გასაგებია, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ქაოსური მშენებლობები მიმდინარეობდა და ამის შეზღუდვა იყო საჭირო. მაგრამ იმ პროექტებისთვის, რომელზეც ნებართვა გაიცემა, მოკლე დროში უნდა მოხდეს ამის გაკეთება. როდესაც ნებართვის მიღებას სჭირდება 2 წლამდე პერიოდი, ეს ძალიან არაადეკვატური დროა. ამის გაკეთება შესაძლებელია 6 თვეშიც;

მეოთხე - მნიშვნელოვანია დღგ-ის ნაწილში შეღავათები. ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რომელიც გააჟღერა მთავრობამ, ძალიან კარგი იქნებოდა. დაველოდებით, მიიღებენ თუ არა ამას“, - განუცხადა კუნელაურმა „ბიპიენს“.

დედაქალქის მერიაში კი ხაზს უსვამენ, რომ ქალაქის ურბანული განვითარებისა და მშენებლობის წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა გაკეთდეს. კახა კალაძის თქმით, ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი მწვანე ზონები ალამაზებს ქალაქს და მერია ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, იგი უნდა გაგრძელდეს, ქალაქი განვითარდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად, ხარისხიანად, რათა არ მივიღოთ ისეთი კონკრეტული უბნები, მაგალითად, როგორიცაა სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთლიანად დედაქალაქისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გრძელდება სამართლებრივ აქტებზე მუშაობა. უახლოეს დროში დეველოპერებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალში ამ მიმართულებით მერიის მხრიდან, რათა მოხდეს ურბანული დაგეგმარების დოკუმენტის მომზადების პროცესის ხელშეწყობა.

Katana სახლის მშენებლობის ნებართვის აღებას რომ 6 თვე სჭირდებოდეს, ესეც კი კატასტროფაა, არამც თუ 2 წელი!..

მაგრამ მე ის მაინტერესებს, ნაცების დროს, უნებართვოდ, უგეგმოდ, უყველაფროდ წამოჭიმულ და სხვადასხვა სართულზე გაჩერებულ მშენებლობებს, რომელთაც 10-15 წელი აწვიმს და ათოვს თავღიას, როდის დაადგება საშველი?

რჩეულიშვილებმა პასუხი მაინც აგეს დანაშაულზე და ციხეში ჩასხდნენ, - სხვებს რომ ბუზიც არ აფრენიათ თავზე, ეს როგორი სამართალია?!

ვერაზე, ფილარმონიის გასწვრივ და სასტუმრო "საქართველოს" უკან, 2005 წელს ჩასაბარებელი კორპუსი, დღესაც რომ გადაუხურავი დგას, მე-11 სართულამდე ამოყვანილი და ვიღაც აფერისტის მიერ მრავალგზის გაყიდული, ამას ვერც ქალაქის მერია ხედავს და ვერც პროკურატურა, ხომ?!
არავის არ ეყურება იმ ხალხის ხმა, ვინც ამ ბინების საფასური ჯერ კიდევ 17 წლის წინ გადაიხადა და დარჩა ასე პირში ჩალაგამოვლებული, ხომ?!
იმ თაღლითის შვილი თუ "ოცნებაში" მუშაობს რაღაც "ანალიტიკოსად", მაშინ არა უშავს ასობით მოქალაქის გადაგდებას, ხომ?!
შემოდგომაზე, წიწილების დათვლის დრო რომ დაგიდგებათ, მაშინ შეგახსენებთ ხალხი, როგორ გეკიდათ მათი ბედი მთელი 8 წელი!!!
3 წლის უკან