სავალუტო ჯიხურებმა იძულებითი დახურვის გამო დიდი ზარალი მიიღეს. ამ სექტორში უამრვალი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც დღეს უმუშევრები არიან და შეიძლება შეზღუდვის გაუქმების შემდეგაც ვერ მოახერხონ დროებით დაკარგულ სამუშაოზე აღდგენა.
ოპოზიცია სავალუტო ჯიხურების გახსნას ითხოვს. მათთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევს მთავრობა გადამცვლელ პუნქტებს ამუშავების უფლებას. ჯიხურების თანამშრომლები კლიენტებს დაჯავშნული შუშის იქიდან ემსახურებიან, უშუალოდ გადასაცვლელ პუნქტთან მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება, შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ მხრივ უსაფრთხოება ისედაც დაცულია.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ შეზღუდვა კომერციული ბანკების სასარგებლოდ შეგნებულად კეთდება.
„უარს ეუბნებიან მუშაობაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომელიც არის ყველაზე დაცული, იზოლირებული, ჯავშნიანი შუშით, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან, ფაქტობრივად, არ აქვთ შეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ კეთდება ვიღაცეების სასარგებლოდ და ეს კეთდება ბანკების სასარგებლოდ. ჩვენს ხარჯზე, რიგითი მოქალაქეების ხარჯზე რომ იშოვონ ფული და ათასზე მეტი ვალუტის გადამცვლელლი პუნქტის თანამშრომელი, დაახლოებით ოთხი ათასი კაცი, კვლავ დატოვონ უმუშევრად“, - განაცხადა გოცირიძემ.
ვიდრე ამ მხრივ მდგომარეობა საბოლოოდ გართულებულია, ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ დახურულ გადამცვლელ პუნქტებს აამოქმედებს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაიხსნება. კაკულია ამტკიცებს, რომ ახლო მომავალში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
„პირდაპირ დღე შეიძლება ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. დღეს, ახლა ზუსტად ვერ გვეტყვით, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, ძალიან მალე ამოქმედდება სავალუტო ჯიხურები“, - აღნიშნა კაკულიამ.
ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიების საქმიანობის განახლება, მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი. რამდენადაც მთავრობა ეკონომიკის გახსნის ეტაპებს წინმსწრებად ასრულებს, წესით სავალუტო პუნქტების ამოქმედების დრო ისედაც მოახლოვდა.
სავალუტო ოპერციებით დაკავებულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა საგრძნობი ზარალი განიცადეს. საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ უმუშევრობის გამო მცირეკაპიტალიანმა სექტორმა, შესაძლოა, ზარალს ვეღარ გაუძლოს და ბაზარი ბევრმა დატოვოს.
სპეციალისტების აზრით, სავალუტო ჯიხურების დახურვა სავალუტო ბაზრის შეზღუდვას ნიშნავს, რადგან ბევრი მოთამაშე დროებით გადის ბაზრიდან და ბანკებს მონოპოლიის, შეთანხმების და მეტი სპეკულირების საშუალება ეძლევათ, რითაც ზარალობს მომხმარებელიც, რადგან მათ, ბანკების გარდა, ფულის გადაცვლის სხვა ალტერნატივა არ აქვთ.
არასაბანკო ფინანსური სექტორის საქმიანობა 31 მარტს შეწყდა. ამ ეტაპზე ვალუტის გადაცვლას მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშია შესაძლებელი.