ქონება გადამალეთ, ოქრუაშვილი მოდის!

ქონება გადამალეთ, ოქრუაშვილი მოდის!

გენერალურ პროკურატურაში ფულის ამოღების პირველი ეტაპი დამთავრდა. იწყება მეორე და არანაკლებ ხმაურიანი ეტაპი. საქმე ჩინოვნიკების ქონებას, სახლ-კარს, წილებს, აქციებს ეხება.

აქამდე, გავრცელებული ინფორმაციით, საშიშროებას მხოლოდ ძვირადღირებული სახლი, აგარაკი და მანქანა წარმოადგენდა, მაგრამ ირკვევა, რომ კანონი სამართალდამცავებს ბრალდებული ჩინოვნიკის წილებით და აქციებით დაინტერესების საშუალებასაც აძლევს. თუმცა, კანონით, პროკურორს მხოლოდ ბრალდებული ჩინოვნიკის ქონების შესწავლის უფლება აქვს. თუ თქვენ ამ ეტაპზე პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისებაში არ გადანაშაულებთ, მაშინ დროებით თავისუფალი ხართ. სანამ პროკურატურაში საქმე ჯერ აღძრული არ არის, იმ დრომდე თქვენი სახლი, მანქანა, აგარაკი, წილები და აქციები ყადაღისგან თავისუფალია და თქვენ ამ ქონების „გადამალვის“ საშუალება გაქვთ. მაგრამ პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩინოვნიკებს ვერც ეს გზა იხსნის - ნებისმიერი ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის გაშიფვრის საშუალება არსებობს, რადგან ეს ოპერაციები საჯარო რეესტრშია დაფიქსირებული. პროკურატურაში აცხადებენ, რომ რეესტრიდან კი არა, თუ დასჭირდათ, მიწიდანაც ამოიღებენ საჭირო ინფორმაციას. კანონი პროკურორს პირდაპირ ავალდებულებს, იმ ჩინოვნიკის ქონება შეაფასოს და შეისწავლოს, რომლის საქმეც ამ უწყებაში გამოსაძიებლად მოხვდება.

თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ის ჩინოვნიკებიც მოხვდნენ ბადეში, რომლებზეც ჯერ საქმე არ არის აღძრული. მაგალითად, თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელის ფეშენებელური სახლი, ან ძვირადღირებული მანქანა თვალს ძალიან ხვდება, მაგრამ ამ ჩინოვნიკზე პროკურატურაში საქმე ჯერ აღძრული არაა, პროკურორს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უფლება აქვს, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

კანონის მიხედვით, აუცილებელი არაა, ძირითადი საქმე და დაუსაბუთებელი ქონების საქმე ერთდროულად და ერთი გამომძიებლის ხელში იყოს. შეიძლება ეს საქმეები დამოუკიდებლადაც მიმდინარეობდეს და სასამართლომაც გადაწყვეტილება ცალ-ცალკე გამოიტანოს.

ამჯერად პროკურატურა თითქმის ყველა ბრალდებული ჩინოვნიკის ქონებას სწავლობს, მაგრამ აქტიური მუშაობა შოთა მეფარიძის და გია ჯოხთაბერიძის ქონების გარშემო მიდის. მეფარიძის ქონებიდან პროკურატურამ 9 ობიექტი უკვე დააყადაღა. დაყადაღებულია ასევე გია ჯოხთაბერიძის წილი „მაგთიში“ და მისი ძვირადღირებული მანქანა. მალე ამ დაყადაღებულ ქონებაზე ცალკე პროცესები გაიმართება.

რის უფლებას აძლევს კანონი პროკურორს დაუსაბუთებელი ქონების მოძიების პროცესში? ამ შემთხვევაში ამოსავალი მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციები არაა, რადგან ამ დეკლარაციას მხოლოდ თანამდებობის პირები ავსებენ, დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი კი თანამდებობის პირების ნათესავების ქონებასაც ეხება.

მაშ ასე: ვინ ითვლება ამ კანონის მიხედვით ნათესავად? ამ ჩამონათვალში შედის მეუღლე, შვილი, გერი, აგრეთვე მათთან ოჯახში მუდმივად მცხოვრები პირი: და, ძმა, მშობლის და შვილის გერები, შვილის და გერის მეუღლეები, დისა და ძმის მეუღლეები, დისწულები, ძმისწულები, დედის და მამის ძმა, დეიდები, მამიდები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მეუღლის მშობლები, მეუღლის და-ძმა, მათი მეუღლეები.

საკმაოდ გრძელი ჩამონათვალია და თუ მაგალითად, გამოძიებამ დაადგინა, რომ თანამდებობის პირის რომელიმე ნათესავის სახელზე 100 000 ლარიანი სახლია გაფორმებული, მაგრამ ამ ნათესავის შემოსავალი თვიურად 120 ლარია და მას სარჩენად კისერზე, სულ მცირე, ხუთსულიანი ოჯახი აწევს, პროკურორს უფლება აქვს, ეს ადამიანი დაიბაროს და სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა მოსთხოვოს. ანუ თუ თქვენ, მაგალითად, ავთანდილ ჯორბენაძის მამიდაშვილი ხართ და დავუშვათ, რომელიმე სააფთიაქო ქსელის დიდი წილი გეკუთვნით, მაგრამ ამ სფეროსთან არაფერი გაკავშირებთ, პროფესიით ინჟინერი ხართ და თქვენი ხელფასი სულ რაღაც 200 ლარს ითვლის, პროკურატურიდან ზარს აუცილებლად ელოდეთ, თუ ზემოხსენებული თანამდებობის პირის ნათესავი ქონებას ან წილს ვერ დაასაბუთებს, მაშინ ეს სახლი დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვლება და მის შემდგომ ბედზე სასამართლო იზრუნებს. ასეთივე ბედი ელის ძვირადღირებულ მანქანებს.

გამოსავალი არც სახლების სასწრაფო წესით გაყიდვა და ფულის ბანკებში შეტანაა. ჯერ ერთი, სასამართლო ამ ქონებას ყადაღას დაადებს და მის გაყიდვას ვერ მოახერხებთ. მეორეც, საქართველოში უკვე შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და საქართველოს ბანკებიდან კი არა, უცხოეთის ბანკებიდან შეუძლია პროკურატურას თქვენი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

თანაც საქართველო პატარა ქვეყანაა, თუ ხმა გავრცელდა, მაგალითად, პროკურატურა მამალაძის ნათესავების სახელზე არსებული ქონებით დაინტერესდაო, ამ სახლ-კარს და აგარაკებს არავინ იყიდის, თავს ზედმეტ ხიფათში არავინ ჩაიგდებს.

რაც შეეხება წილებს და აქციებს, თუ გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ თანამდებობის პირმა თავისი სამსახური გამოიყენა და მაგალითად, თავის ბიძაშვილს რომელიმე საწარმოს წილი კანონის დარღვევით ან მიზერულ ფასად შეაძენინა, მაშინ პროკურატურა სასამართლომდე ამ წილს დააყადაღებს, ხოლო შემდეგ თუ სასამართლო უკანონობას მართლა დაადგენს, წილის „ნაციონალიზაცია“ მოხდება. ანუ იგი სახელმწიფოს გადაეცემა.

სავარაუდოდ, ასეთივე ბედი მოელის ჯოხთაბერიძის წილს „მაგთიში“. ანუ ეს წილი ვარდების რევოლუციის შედეგად შობილ ახალ ქართულ სახელმწიფოს გადაეცემა.

თუ გამოძიება დაადგენს, რომ თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში წილი ჰქონდა, მაგრამ ეს წილი სხვაზე ჰქონდა გაფორმებული და თვითონ მოგებას იღებდა, მაშინ ეს ჩინოვნიკი ვალდებულია, უკანონოდ მიღებული თანხა უკან დააბრუნოს.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ როგორც თანხების შემთხვევაში ჩინოვნიკს შეუძლია მითვისებული ფული ნებაყოფლობით დააბრუნოს უკან, ასევე კანონი მას საშუალებას აძლევს, დაუსაბუთებელი ქონებაც სახელმწიფოს ნებაყოფლობით გადასცეს. გამორიცხული არაა, რომ საქართველოში 30-იანი წლების პრაქტიკა განმეორდეს და გაკულაკების მოლოდინში, ყოფილმა ჩინოვნიკებმა ქონება განზრახ დააზიანონ კიდეც, მაგალითად, მოკლე ჩართვის იმიტაცია გაათამაშონ და სახლი გადაწვან.

რა მოხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში? პროკურატურის პასუხი ასეთია: ყველა შემთხვევას გამოძიება შეისწავლის, ჩავატარებთ ექსპერტიზას და რეალურ სურათსაც დავადგენთ. ხოლო თუ ქონების განგებ დაზიანება დადასტურდება, მაშინ კანონი ჩინოვნიკს „ამ ქონების ეკვივალენტური თანხის გადახდას დააკისრებს“.

ვნახოთ, რა იქნება ხვალ. პროკურატურაში ნაღდი ფულის ამოღების პროცესი თითქმის დამთავრდა, ახლა უკვე უძრავი ქონების „ნაციონალიზაციის“ ხანა დადგა.

„ალიას“ ინფორმაციით, პროკურატურაში მალე ლევან მამალაძის ქონებითაც ოფიციალურად დაინტერესდებიან. მამალაძეს დეკლარაციაში მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს შეყვანილი.

მამალაძეს ოფიციალურად 5 000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი აქვს ჩოხატაურში, ასევე - 15 000-ლარიანი ნაკვეთი წავკისში, 40 000-ად შეფასებული ბინა ვაჟა-ფშაველაზე და 150 000-იანი ბინა ატენის ქუჩაზე. მამალაძეების ქონებას შეადგენს ასევე 30 000-იანი მანქანა („მიცუბიშის“ ჯიპი, რომელიც გავრცელებული ხმებით, უკვე გაყიდულია ცხინვალში), ცოლის 6 000-ლარიანი ბეჭედი და ასევე - 5 000-ლარიანი როიალი.

მამალაძის მეუღლეს „ქართუ ბანკში“ ვიზა-ბარათზე 2 424 ლარი, ხოლო ათენის ბანკში 3 408 ლარი უდევს. დაახლოებით ერთი წლის წინ ლევან მამალაძეს ნაღდი ფულის სახით 12 000 ლარი და 5 000 დოლარი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს - 26 000 ლარი და 22 000 დოლარი.

მოგეხსენებათ, რომ მამალაძე გუბერნატორი იყო და წელიწადში დაახლოებით 2 000 ლარამდე ხელფასს იღებდა, ხოლო მისი მეუღლე კავკასიის მოდების სახლის პარტნიორია და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, „საწარმოს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 18 000 ლარი შეადგინა“.

თუმცა, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება ინფორმაცია, როცა ყოფილი გუბერნატორის ბიძაშვილების, მამიდაშვილების, ცოლის მშობლების, ბიძების და კიდევ უამრავი ნათესავის ქონებით გამოძიება დაინტერესდება.

დაგროვილი ქონების ათვლა 1991 წლის 9 აპრილიდან იწყება. თუ თქვენი სახლი, აგარაკი 1991 წლის 9 აპრილამდეა აშენებული, მაშინ ამ ქონებას არაფერი არ ემუქრება. პროკურატურა დეტალურად შეისწავლის იმ შემთხვევებსაც, თუკი რომელიმე იტყვის, რომ ძვირფასეულობა, ანტიკვარები და ა.შ. ბაბუამ ან მშობლებმა დაუტოვეს.

სავარაუდოდ, ჩინოვნიკები და მათი ნათესავები ქონების წყაროდ, მაგალითად, რუსეთში ბიზნესის შედეგად დაგროვილ ფულს დაასახელებენ. თუმცა ამ კონკრეტული შემთხვევის გადამოწმებასაც წინ არაფერი უდგას, ხელზე ვაჭრობით მილიონების შოვნა არ შეიძლება, ხოლო თუ ჩინოვნიკს რუსეთში რაიმე ბიზნესი ჰქონდა, იგი ამ ქვეყანაში საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე იქნებოდა აყვანილი. ასე რომ, ერთი ზარი რუს სამართალდამცავებთან და - ინფორმაციის რეალობაც დადგინდება.

ვნახოთ, რამდენად უმტკივნეულოდ ჩაივლის ბიუჯეტის შევსების მეორე ეტაპი, ჩამორთმეული ქონების ახალ დანიშნულებას სახელმწიფო გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში, ეს ფუნქცია აღსრულების სამსახურს მიეცემა. თუ მაგალითად, ბიუჯეტს საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა არ აღმოაჩნდება, მაშინ რომელიმე ჩინოვნიკის უკვე „ექსპროპრირებული“ სახლს გამოიყენებენ და ამ სახლში საბავშვო ბაღს გახსნიან. ამის დიდი გამოცდილება საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა.

თუმცა ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ეკლესიებშიც კი საბჭოთა ხალხისთვის ისეთი აუცილებელი ობიექტები გახსნეს, როგორიც სამკითხველო და აბანოა.

მანამდე კი, მოსალოდნელი გაკულაკების თემაზე ერთი ანეკდოტი უკვე გაჩნდა: ერთ-ერთი ყოფილი ჩინოსნის კართან საეჭვო ხმები ისმის. ჩინოსანი კართან მიდის და ჭუჭრუტანიდან ნიღბიან ბიჭებს ხედავს. საბოლოოდ კი, როცა გაირკვევა, რომ მასთან „სტუმრად“ ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან, სახეზე ღიმილი ეფინება - თქვე ოჯახაშენებულებო, რა გული გამიხეთქეთ, თავიდანვე გეთქვათ, ვინც იყავით, მე ოქრუაშვილის ხალხი მეგონეთო.