სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი იწურება. ახლოვდება გადავადებული ვალდებულებების დაფარვის დრო, თუმცა ირკვევა, რომ ბანკებმა შესაძლოა, კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში გაახანგრძლივონ შეღავათი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ანალიზი გაკეთდება.
დეპუტატის აზრით, იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, საკრედიტო შენატანის პერიოდის სამთვიანი გადავადება საკმარისი არ არის, თუმცა ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ბანკებმაც შემოსავლების დანაკლისი განიცადეს.
„რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო. მეორე მხრივ, მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითრებისა და დაკრედიტების პროცესებში.
რამდენად შეუძლიათ ბანკებს მორიგი შეღავათის დაწესება, ეს უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების კუთხით ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულის, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში. ეს ბალანსია გასარკვევი.
მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ სხვა ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა, ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში შეღავათის გაკეთების შესაძლებლობა. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“, - განაცხადა კაკულიამ.
ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3-თვიან საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა რომ მიმდინარეობს, ამას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძეც ადასტურებს, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც თავიდან მოხდა, აღარ იგეგმება. გარკვეული შეთავაზებები კი ისევ განიხილება.
„საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ისე ერთბაშად და იგივე პრინციპით, როგორც გადავადდა ყველასთვის, აღარ იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მსესხებლებისთვის. ამ ეტაპზე, ბანკების მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არის, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შეთანხმებამდე მივალთ“, - განაცხადა ძნელაძემ.
საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ლოგიკურად მიაჩნია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელ გიორგი კეპულაძესაც. იგი თვლის, რომ არავითარი აზრი არ აქვს, ბანკებმა მოითხოვონ სესხი, რომელზეც იციან, რომ მომხმარებელი ვერაფერს გადაიხდის.
„ეკონომიკის გარკვეული სექტორები, სამწუხაროდ, ასე სწრაფად ვერ ამუშავდება და შესაბამისად, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ ექნებათ შემოსავალი. მგონია, რომ საბანკო სექტორი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური. რა აზრი აქვს, მოითხოვო სესხი, თუ იცი, რომ მას ვერ გადაიხდიან? ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საშეღავათო პერიოდი გაგრძელდეს ყველასათვის ან კონკრეტულ სექტორებთან აწარმოონ მოლაპარაკება ამ კუთხით ფინანსურმა ინსტიტუტებმა.
ბანკებს აქვთ საკმაოდ დიდი კაპიტალიზაცია, რათა არ შეექმნათ პრობლემა, მაგრამ მაინც უნდა შევხედოთ ორივე მხრიდან. ბანკებმაც არ უნდა მიიღონ ზიანი, რომელიც შემდეგ მათი ვალდებულებების შესრულებაზე აისახება უარყოფითად“, - აღნიშნა კეპულაძემ.
ბანკებს არაფერიც არ დაუკარგავთ. პირიქით, ისარგებლეს.
მარტივი ლოგიკაა - სამუშაო დღე და შესაბამისად, ხარჯები შეუმცირდათ, საბანკო სარგებელი (%) უკლებლივ და სტაბილურად ერიცხებათ, რომლის მიღება გარანტირებული აქვთ. კრიზისის დასრულების შემდეგ სესხებზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება.
აბა იმ ბიზნესებმა რა ქნან, სამი თვეა ერთი თეთრი რომ არც დარიცხვიათ (პირიქით, გადასახადების გადახდის ვადები ამოიწურა და ჯარიმების ქარიშხალი ტრიალებს. ანგარიშებზე შემოსავლების ნაცვლად ინკასოები ედებათ) და არც მიუღიათ.
ბანკებს იმხელა რესურსები და მიმდინარე საოპერაციო შემოსავლები აქვთ, მათ მაგიერ წუწუნი უბრალოდ უხერხულია.