მოსახლეობის შეჭირვებული ფენა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინშია. ამდენად, საინტერესოა, კორონაპანდემიის პირობებში რომელი წესების დაცვა მოგვიწევს ტრანსპორტში, რათა უნებლიეთ ვირუსის გამავრცელებლები და ვირუსის მიმღებლები არ გავხდეთ. ამის შესახებ დარგის სპეციალისტები გვესაუბრებიან.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ უნდა აკრძალულიყო. უბრალოდ, იქ თავიდანვე უნდა შემოეღოთ განსაკუთრებული წესები, რადგან არავინ იცის, ვირუსის გავრცელების რისკი როდის შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტროსგან ვიცით, რომ ეს ვირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენთან, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ ასე აკრძალული ვერ იქნება.
რაც შეეხება წესებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დავიცვათ, რათა კორონავირუსს თავი ავარიდოთ და არც სხვას გადავდოთ ეს დაავადება, დავით მესხიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან წესზე საუბრობს: პირველი, ეს არის მძღოლის იზოლირება, მათ შორის, მიკროავტობუსის, ტაქსისა და ავტობუსის შემთხვევაში. მძღოლი უნდა იყოს შესაბამისი მოწყობილობით იზოლირებული მგზავრებისგან და ეს არის ყველაზე გამოხატული პირველი რეკომენდაცია. მეორე, პირბადეები ყველა მგზავრსა და მძღოლს უნდა ეკეთოს, ვინაიდან პირბადის გარეშე მგზავრობა ყველგან აკრძალულია. მესამე, ხელების სპირტით დამუშავება, ანუ ავტობუსში ასვლის წინ სპეციალური მცირე დანადგარი-სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი უნდა იყოს, საიდანაც მგზავრისთვის სპირტით ხელების დამუშავება იქნება შესაძლებელი. მეოთხე, ეს არის ახალი სპეციალობა, რომელიც ტრანსპორტის სექტორში გაჩნდა - მგზავრის დამხმარე. მაგალითად, ჩვენთან არიან კონტროლიორები, რომლებიც დადიან და უბილეთოებს აჯარიმებენ. ეს კონტროლიორები უნდა გამოვიყენოთ მგზავრთა დახმარებისთვის და არა დაჯარიმებისთვის, რადგან ახლა არავის სცხელა მგზავრის დაჯარიმებისთვის. ამდენად, უნდა გადამზადდნენ კონტროლიორები და გააკონტროლონ, ყველა მგზავრი პირბადით არის თუ არა, დისტანცია დაცულია თუ არა მეტროსადგურებში, ავტოსადგურებში, ავტობუსში. მეხუთე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ზე მეტით არ უნდა დაიტვირთოს. დავუშვათ, ტრანსპორტში 40 მგზავრის განთავსების საშუალებაა, კორონაპანდემიის პირობებში უნდა ჩასხდეს მხოლოდ 20 მგზავრი და არა 40. ეს განაპირობებს დისტანციასაც.
„აქ მთავარი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თავდაპირველად ამბობდნენ, პირბადე დიდი არაფერია, შეგიძლიათ, ბინტი დაახვიოთ და ის გამოიყენოთო. ეს მცდარია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, რადგან პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი მუნიციპალიტეტების დონეზე, რადგან ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახია, რომელთაც არც კერძო ავტომობილი ჰყავთ, არც ტაქსის ფული გააჩნიათ. მთავრობაში, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, მათ ჰყავთ სახელმწიფო ავტომობილიც, კერძო ავტომობილიც, აქვთ ტაქსის ფული და არ შედიან ამ ადამიანების მდგომარეობაში, რაც არაჰუმანურია. პირდაპირ უნდა ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არაჰუმანურია. თბილისის პირობებში ავტობუსების რაოდენობა 1200-1300-მდე მაინც გაზარდონ. ამით შემცირდება ერთ ავტობუსში მგზავრთა რაოდენობა. ეს არის საერთაშორისო პასუხი ამ გამოწვევაზე, რომლისთვისაც არ არიან მზად. მეეჭვება, რომ ტურისტული კომპანიები თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებს მგზავრებით გადატვირთავენ, ამიტომ მუნიციპალიტეტებმა მათ უნდა შესთავაზონ ახალი სამსახური, ახალი რეალობა და მათი სატრანსპორტო საშუალებები უნდა დაამატონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს“,-აცხადებს დავით მესხიშვილი, რომლის თქმითაც, ვინაიდან მოსახლეობის 40% დედაქალაქში იყრის თავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ადამიანების დატოვება არაჰუმანური აქტია.
მისი აზრით, წესით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მათ უნდა მოგვაწოდონ რეკომენდაციები. ამასთან, მგზავრობა არ უნდა გაძვირდეს, ეს არის სოციალური პროექტი და ასეთ დროს ტრანსპორტის ბიზნესზე საუბარი არასწორია.
დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ, თუ ვინმეს სახელმწიფომ დახმარება უნდა გაუწიოს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის ავტობუსები ისედაც დოტაციაზე მუშაობდნენ, ეს წამგებიანი ბიზნესია, ახლა კი მეტი თანხის გადახდა მოუწევთ მუნიციპალიტეტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
„ათას სისულელეში, გასართობ ატრაქციონებზე ფულის დახარჯვას სჯობს, ტრანსპორტზე დახარჯონ ფული, რომ ადამიანებს გადაადგილების საშუალება მიეცეთ. რაც შეეხება ავტომობილებში სამ ადამიანზე მეტის ჩასხდომის აკრძალვას, ეს ცალსახად პოლიტიკური საკითხია და საერთოდ არ უკავშირდება უსაფრთხოებას. მარტივი შეკითხვა დავსვათ, ჩვენს კერძო ავტომობილში ვის ვუღებთ კარებს? ძირითადად მეგობარს, მეზობელს, დეიდაშვილს, ბიძაშვილს, მეუღლეს, შვილს, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახის კარებსაც ვუღებთ ჩვეულებრივ. თუ დაინფიცირებულია ადამიანი, ოჯახში მცხოვრებ 7-8 ადამიანთან რომ შეუშვა, იქ უფრო საშიშია, თუ კერძო ავტომობილში? რა თქმა უნდა, ოჯახში მისი შეშვება უფრო საშიშია. მაშინ ყველაფერი აიკრძალოს. თუ მაინცდამაინც შეზღუდვა უნდათ, გვითხრან, რომ ავტომობილში პირბადეების გარეშე ადამიანების მგზავრობა აკრძალულია. აქ რა შუაშია წინ და უკან ჩასხდომა? ამას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, რომ საპროტესტო აქციებისას ადამიანებს თავშეყრის სურვილი არ გაუჩნდეთ“.
„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღსადგენია. ეს იქნება საქალაქო, თუ საქალაქთაშორისო ტრანპორტი, დროულად უნდა აღდგეს, რადგან სამსახურები იხსნება და ეტაპობრივად მოთხოვნა იზრდება გადაადგილებაზე.
ეკა ლალიაშვილის განმარტებით, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, პირბადეები, დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია ტრანსპორტში, კონტროლიორი აუცილებლად დაგვჭირდება ავტობუსებში, ვინც რიგს დაარეგულირებს და დისტანციას შეამოწმებს. შუშები ჩაწეული უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში, შიდა კონდიცირება არ უნდა გამოიყენონ, რადგან გამოცდილება გვკარნახობს, რომ კონდიცირებას გადააქვს ეს ვირუსი, რომელიც სალონში ტრიალდება. დაახლოებით ეს იგივე წესებია, რაც სილამაზის სალონში მოქმედებს. ამიტომ რაც მალე გავაჟღერებთ ამ წესებს, მით უკეთესი ჩვენი ხალხისთვის.
„რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ ხშირ შემთხვევაში, საუბარია მიკროავტობუსებზე. ეს მოცემულობა გვაქვს და უცებ ვერ მოხდება მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლება, სადაც განიავება უფრო აქტიურია და მეტი დისტანცია შეიძლება დავიცვათ. თუმცა, სადაც ეს მოსახერხებელია, შეიძლება ჩანაცვლდეს მატარებლით, თუ არადა, „მარშრუტკაში“ უნდა იყოს შუშების ჩამოწევის შესაძლებლობა და უნდა შემცირდეს მგზავრთა რიცხვი. გამორიცხული არ არის, ამით მგზავრობა გაძვირდეს, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია და ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ. ესენი კერძო მძღოლები არიან, მათთვისაც რთულია გადაწყობა, 2 ათასი მიკროავტობუსი მარტო თბილისში დადის. არ ვიცი, რას ფიქრობენ მთავრობაში, აბსოლუტურად არ ჟღერდება ტრანსპორტთან მიმართებით ინფორმაცია. არა მგონია, ეს კარგი იყოს, ეს ისევ ღარიბ ფენას აწვება ტვირთად, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან ვერც ქალაქებში, ვერც რეგიონებისკენ. სხვათა შორის, კერძო სამარშრუტო ტაქსის არაერთი მძღოლი გვიკავშირდება, გვეუბნებიან, რომ ვალები აქვთ აღებული, ყველა ბანკმა არ გადაუვადა კრედიტი და ძალიან ცუდ დღეში, გაურკვევლობაში არიან, რადგან არ იციან, ბანკს როდის დაჰპირდნენ გადასახადის გადახდას. ამიტომ საჭიროა ამას ნათელი მოეფინოს“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.