აშშ გულდასმით აკვირდება კოჰაბიტაციის პროცესს

აშშ გულდასმით აკვირდება კოჰაბიტაციის პროცესს

თბილისში ორდღიაანი ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი კეტრინ ნიუკომბი. ტომას მელია ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრები იგეგმება პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ტომას მელიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში კოჰაბიტაციის, ქვეყნისთვის ამ ახალი პოლიტიკური პროცესის, დინამიკას და კვლავ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში ტომას მელიამ განაცხადა, რომ მისი ეს ვიზიტი გაგრძელებაა თბილისში საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე განხორციელებული ვიზიტისა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის სტუმართან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეხვედრისას ლაპარაკი იყო სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე, რელიგიის თავისუფლების თემაზე და სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე, რომელიც მალე ჩატარდება. თეა წულუკიანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ამერიკელი სენატორების მიერ გამოქვეყნებული წერილის თაობაზე, რომელშიც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ სასამართლოს არ იყენებს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბოლოდროინდელი დაპატიმრებები შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართული არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება, თუმცა მოწოდება ძალიან კარგია:

”ძალიან კარგი მოწოდებაა. რადგან საქართველოში 25 ოქტომბრის შემდეგ არც ერთი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს”.

თავად შეერებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომას მელიამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტატები კოჰაბიტაციის პროცესსს გულმოდგინედ აკვირდება და რომ საქართველოში იგი უნდა წარიმართოს ქართველი ხალხისთვის საუკეთესო გზით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურად იღებს შეერთებული შტატების რეკომენდაციებს, რათა სამართლის აღსრულების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა:

„მიგვაჩნია, რომ მთავრობა ისმენს ამ ჩვენს ხმებს და გაზრდილი ყურადღებით ეკიდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს. დღეს ამ თემებზე ვისაუბრეთ იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. მათ დაგვიდასტურეს საკუთარი განწყობა - უმაღლესი სტანდარტების შესაბამისობით წარიმართოს ეს სასამართლო პროცესები და გამოძიება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესებისათვის თვალყურის მიდევნებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეს თემა იყოს განხილვის საგანი, რამდენადაც ის ეხება სამართალს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის ამერიკელ სენატორებს მიმდინარე მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას მომავალ კვირაში მიაწვდის.
ტომას მელიასთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მათ საუბარი ჰქონდათ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებისას და სასამართლო პროცესში კანონის უზენაესობის გათვალისწინების აუცილებლობაზე. ამასთან, თამარ ჩუგოშვილის სიტყვებით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს კონკრეტული ხედვა, თუ რა შემთხვევებშია აუცილებელი დაკავება, მაშინ როცა პროკურატურაში ასობით განცხადებაა შესული:

”სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ერთი მხრივ, მიმდინარე დაკავებებზე სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა იყოს სრულად დაცული და გარანტირებული ასევე იმ პირების უფლებები, ვისი დაკავებაც ხდება. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო, მეორე მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს ცხადი ხედვა გამოძიებებს როგორ წარმართავს და სად გადის ხაზი, რომლის მიღმაც ადამიანები დაექვემდებარებიან პასუხისმგებლობას, მეორე ნაწილი კი, მართალია, მონაწილეობდა გარკვეულ უკანონო ქმედებებში, მაგრამ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. მე ვფიქრობ, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც ათასობით საჩივარი არსებობს და მოთხოვნაა გამოძიებაზე, ასეთი გარკვეული ხედვა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს”.

უნდა აღინიშნოს, რომ ტომას მელიასთან კიდევ ერთი სასაუბრო თემა იყო უმცირესობის საკითხი - შეეხება ეს რელიგიურ, ეთნიკურ თუ სექსუალურ უმცირესობებს. სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხემძღვანელის ბექა მინდიაშვილის სიტყვებით, საუბარი იყო კონკრეტულ შემთხვევებზეც და ზოგად ტენდენციაზეც. განსაკუთრებით გამოიყო მუსულმანების მიმართ შეუწყნარებლობის თემა. ბექა მინდიაშვილის განცხადებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ტენდენცია საგანგაშოა:

”თუკი წინა ხელისუფლების პირობებში, რელიგიური უმცირესობებისა და რელიგიის თავისუფლების დამცველებს შეგვეძლო უკვე საკანონმდებლო დისკრიმინაციის ან საგადასახადო დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე დაგვეწყო მუშაობა, ახლა, ფაქტობრივად, ყველაფრის ახლიდან დაწყება გვიწევს და, ფაქტობრივად, დავბრუნდით 10 წლის წინა პერიოდში, როცა ელემენტარული უფლებები არ იყო გარანტირებული რელიგიური უმცირესობებისთვის, და მთავრობასთან ლოცვის უფლებაზე გვიწევს მუშაობა”.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიამაც გაუსვა ხაზი უმცირესობათა საკითხებთან დაკავშირებული ინციდენტების არსებობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ნებისმიერი უმცირესობის - მათ შორის, რელიგიურის - მიმართაც საზოგადოება ტოლერანტული იქნება, რადგან ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური ჭეშმარიტება, და რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია:

”საუბარი შეეხო ტოლერანტობას მრავალფეროვნებისადმი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველამ ვიცით, რომ იყო გარკვეული ინციდენტები, დაძაბულობა და ძალადობაც კი, რომელიც შეეხო რელიგიურ და სხვა უმცირესობებს. ჩვენ პოზიტიურად შევხვდით პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებას, რომელიც ეხებოდა შემწყნარებლობის ქართულ ტრადიციას. იმედი გვაქვს, რომ ამ სულისკვეთებას ყველა დანარჩენი ლიდერიც გაიზიარებს. წარმატებული დემოკრატიის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ არა მხოლოდ უმრავლესობა წყვეტს, თუ როგორი მმართველობა ან კანონი უნდა იყოს, არამედ ასევე გათვალისწინებულია უმცირესობების მოსაზრებაც. აშშ-ის მთავრობა, ობამას ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი, ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით, აღვიქვამთ დემოკრატიას როგორც ინკლუზიურ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ნებისმიერი უმცირესობის აზრი და უფლებები, იქნება ეს „ელ ჯი ბი ტის“ საზოგადოება, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია”.

ტომას მელია, თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტსაც შეხვდება.