„ისინი არ იყვნენ პოლიტპატიმრები, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს დასავლეთს და, როცა დაერქვათ პოლიტპატიმრები, ამის შემდეგ მოუწიათ უკანდახევა“

„ისინი არ იყვნენ პოლიტპატიმრები, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს დასავლეთს და, როცა დაერქვათ პოლიტპატიმრები, ამის შემდეგ მოუწიათ უკანდახევა“

ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. პრეზიდენტმა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ორ ადამიანს ქვეყნის ბედი არ გადააყოლა და ოპოზიციის ლიდერები ციხიდან გაათავისუფლა. „ქართულ ოცნებაში“ პირველად „შემოსწყრნენ“ პრეზიდენტს, მას ზეპარტიული გადაწყვეტილება დაუწუნეს და ეს ქმედება გულდასაწყვეტად და არაპოპულარულად შეაფასეს. სამაგიეროდ, კმაყოფილია საერთაშორისო საზოგადოება და 500-მილიონიანი დახმარებაც საქართველოსკენ დაუბრკოლებლად გამოიგზავნება.

რა შეიცვლება ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლების შემდეგ, ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ ხელისუფლებამ სახე შეინარჩუნა, თუ რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა „ქართულ ოცნებას“ და მისი გამოსწორება შეუძლებელია? იყო თუ არა პატიმრების გამოშვება კაპიტულაცია ხელისუფლების მხრიდან?

- ჯობდა, ეს გაეკეთებინათ და პატიმრები გამოეშვათ, ვიდრე არ გამოეშვათ. თუმცა ყველაფერს აჯობებდა, საქმე აქამდე არ მიეყვანათ. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ეს არ იქნებოდა, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და უნდა დავუფასოთ ქალბატონ ზურაბიშვილს. თუ ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე, საქართველოზე და არა იმაზე, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა ამით, მაშინ ამ სწორი გადაწყვეტილებით მოიგო სახელმწიფომ. თუ ვეძებთ მიზეზებს, ვისი წარმატება იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, პირველ რიგში, ეს არის დიპლომატების წარმატება, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ საქართველოში დემოკრატიას კარგავდნენ, რომ შიდა რესურსებით ამას ქართული საზოგადოება ვერ უმკლავდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ კორონავირუსი მათ სასარგებლოდ მუშაობდა და მოინდომეს, გადაგდების მეორე სერია დაედგათ, თანაც, მარტო საკუთარი ხალხის გადაგდებას კი არ აპირებდნენ, არამედ ამას დაამატეს დასავლელი პარტნიორები. ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო. ამ შემთხვევაში, ევროპელები და ამერიკელები თავიანთ ინტერესებს კი არ იცავდნენ საქართველოში, სიტყვაზე, კი არ ითხოვდნენ ამერიკული ან ევროპული პროდუქტები გაგვეყიდა საქართველოს ტერიტორიაზე, შეგვევიწროვებინა რუსული პროდუქტები, არამედ ჩვენ გვეხმარებოდნენ. ისინი ჩვენს გამო გაისარჯნენ, ნახეს, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ბედნიერები იყვნენ ამით და უცებ მათი გადაგდებაც მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, კარგია. რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ ამით სახე ვერ შეინარჩუნა, მაგრამ უფრო მეტად აღარ გაიფუჭა სახე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ გაანულა უარყოფითი მომენტები, ასე არ არის. უარყოფითი მომენტები დარჩა, ყველას ახსოვს ორჯერ ზედიზედ გადაგდება 14 ნოემბერს და ახლა უკვე 8 მარტის ხელშეკრულების, ეს უკვე მათ ბუნებაშია გაჯერებული. ხომ არსებობს მსოფლიოში კორონავირუსი, „ქართულ ოცნებაში“ გადაგდების ვირუსით არიან დაავადებულნი და ვერავითარი ანტივირუსით ამას ვერ ეშველება. აქ ერთადერთი მკურნალი ევროპა და ამერიკაა.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თვით 26 მაისსაც კი მან ვერ მოახერხა, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაში დაერწმუნებინა დასავლეთი. გასაოცარია, როგორ მოახერხა ეს ამ ხელისუფლებამ და საერთოდ, როგორ ხერხდება, რომ დასავლეთი ზოგჯერ პოლიტპატიმტრების სახელს არქმევს ადამიანებს, ზოგჯერ კი არ არქმევს? ეს ხომ არ მოასწავებს, რომ დასავლეთს აღარ აქვს „ქართული ოცნების“ ნდობა და ხელისუფლების შეცვლაზე დაიწყეს ფიქრი?

- მე არ მჯერა, რომ დასავლეთი ცვლის ჩვენს ხელისუფლებას. არასდროს დასავლეთს საქართველოს ხელისუფლება არ შეუცვლია. ყოველთვის ქართველი ხალხი ცვლიდა ხელისუფლებას. უბრალოდ, დასავლეთი მიესალმება ხელისუფლების შეცვლას, როცა ხედავს, რომ ხელისუფლება ჩიხში შედის. ეს მოუვიდა როგორც „მოქალაქეთა კავშირს“, ისე „აღორძინების“ ხელისუფლებას აჭარაში, ასევე, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას და ეს შეიძლება მოუვიდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც. სხვა საკითხია, დასავლეთი ვის მხარეს დგას, დასავლეთი ყოველთვის ცვლილებების მხარესაა, რადგან ხედავს, რომ, როგორც კი „მოქალაქეთა კავშირის“, „ნაცმოძრაობის“, ან კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებები ჩიხში შედიან და უარყოფენ დემოკრატიის პრინციპებს, ასეთ დროს დასავლეთი ცალსახად და მკაფიოდ მხარს უჭერს დემოკრატიისთვის მებრძოლ ძალებს. დასავლეთი არ არის რუსეთი, რომელიც ცვლის სხვა ქვეყნებში ხელისუფლებებს, საქართველოს ხელისუფლებას ცვლის ქართველი ხალხი, დაწყებული კომუნისტური რეჟიმიდან. ჯერ კიდევ კომუნიზმი ძლიერი იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, ჩვენმა ხალხმა გააკეთა ეს, სხვამ არავინ. უბრალოდ, დასავლეთმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ვიღაცას, ან შეეწინააღმდეგოს.

ფაქტია, სააკაშვილის დროს უფრო მოზომილი განცხადებები კეთდებოდა დასავლეთის მხრიდან და მიშა ამას აღწევდა თავისი პიარით, ლობისტებით.

- მარტო მიშა არ იყო იქ, მთელი „ნაცმოძრაობა“ იყო. მე წინააღმდეგი ვარ, მხოლოდ პიროვნებებზე ჩამოვკიდოთ პასუხისმგებლობა. დღესაც პასუხისმგებელი არა მარტო ივანიშვილია, არამედ მთელი „ქართული ოცნება“, ისევე, როგორც მაშინაც პასუხისმგებელი იყო არა მარტო სააკაშვილი, არამედ მთელი „ნაცმოძრაობა“. ბურჯანაძე ახსენეთ და დასავლეთის თვალში ბურჯანაძე არ აღიქმებოდა დემოკრატიულ ფრთად, სააკაშვილი კი მაინც აღიქმებოდა, ამიტომ დასავლეთს ბოლომდე, კრიტიკულ მომენტამდე სჯეროდა, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ახლოს იყო დემოკრატიასთან. ცხადია, ძნელი იყო, დასავლეთისთვის ვინმეს დაეჯერებინა, რომ საქართველოში რთულად იყო საქმე. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიგებიდან გაისტუმრა „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, რომლებიც დასავლურ ღირებულებებთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ასოცირდებოდნენ, „ქართულ ოცნებას“ ეს იმუნიტეტი მოეხსნა. დასავლეთში არ სჯერათ პარტიის, რომელიც დარჩა უსახოდ და არ ჰყავს ფიგურები, რომლებიც დემოკრატიაზე ლაპარაკობენ. არავინ არ არის დღეს „ქართული ოცნების“ დამცველი. პირადად მე არანაირად არ ვარ ოპოზიციის მომხრე, არც „ქართული ოცნების“ მომხრე აღარ ვარ უკვე, მაგრამ მეც მიჭირს, ვუთხრა დასავლელ პარტნიორებს, ენდეთ „ქართულ ოცნებას“. როგორ უნდა ენდონ, როცა 14 ნოემბერს გადააგდეს ქართველი ხალხი, ახლა აპირებდნენ 8 მარტის ხელშეკრულების გადაგდებას. ასე რომ, ახლა უფრო მკაფიო სიტუაციაა, „ქართული ოცნება“ ვერ ავლენს დასავლური ღირებულებების მიმართ მხარდაჭერას და დემოკრატიული სისტემით სახელმწიფოს წარმართვის ნებას. „ნაცმოძრაობის“ დროს კი ჩანდა მათი მონდომება, მოსწონებოდნენ დასავლეთს. „ქართული ოცნება“ არც კი ფიქრობს, მოეწონოს დასავლეთს. „ოცნება“ არც დასავლეთზე ფიქრობს, არც არაფერზე, მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას ფიქრობს და ებღაუჭება ჩვენს ექიმებს, რათა გადაირჩინოს ძალაუფლება.

მმართველი გუნდის წევრები თითქოს ცდილობენ, გაემიჯნონ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, მათ უკვე შემოიტანეს ტერმინი - „რუსეთის სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება“. რამდენად მომგებიანია სააკაშვილის ტონალობაზე გადაწყობა?

- ეს პრიმიტიული, უსუსური თამაშია. ნაცვლად იმისა, მიესალმონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და თქვან, რომ ეს იყო საუკეთესო გამოსავალი სიტუაციიდან, ნაცვლად იმისა, ილაპარაკონ, რომ პრეზიდენტი ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და მას აქვს უფლება, იყოს არბიტრი, ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან პრეზიდენტს. ამით ყიდიან საკუთარ თავს. სასაცილოა ეს ყველაფერი, ყველამ კარგად იცის, რომ ზურაბიშვილს არასდროს დამოუკიდებელი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მით უმეტეს, ასეთ დროს. ისინი თამაშობენ იმ სპექტაკლს, რაც გაითამაშეს 14 ნოემბერს, მოდით, ზურაბიშვილს დავაბრალოთ, რომ მან შეიწყალა პატიმრები, ჩვენ კი ვთქვათ, რომ ეს ცუდია.

იქნებ, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ, კახა კალაძემ არც იცოდნენ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ და ივანიშვილმა პირადად დაურეკა სალომე ზურაბიშვილს?

- ეჭვი მეპარება. ივანიშვილი ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს დაძაბულობას შექმნიდა შიგნით, თავის პარტიაში. მდინარაძე, კობახიძე, ეს ხალხი გავლენიანი ფიგურები არიან დღევანდელ „ქართულ ოცნებაში“, ამიტომ მათ აუცილებლად შეატყობინებდა და მათთან ერთად შეთანხმდებოდა ამ სპექტაკლზე, რომ ზურაბიშვილს დავავალოთ მათი გათავისუფლება, მაგრამ მერე გავკიცხოთ.

ამით გაძლიერდნენ „ნაცები“ და „ევრონაცები“ საკუთარი ამომრჩევლის თვალში?

- გაძლიერდნენ, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ ისედაც თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც უფრო რელიგიური ტიპისაა, ეს რაღაც სექტასავითაა. მათ რწმენის დონეზე ჰყავთ აყვანილი სააკაშვილი და სააკაშვილის ე.წ. წარმატება უკრაინაში, რაც სინამდვილეში არავითარი წარმატება არ ყოფილა. სხვათა შორის, სააკაშვილის ეს „წარმატება“ აბსოლუტურად დასაბუთებულად აღიზიანებდა „ქართულ ოცნებას“, რადგან „ოცნებამ“ იცოდა, რაში დახურდავდებოდა სააკაშვილის თუგინდ ტაბურეტიდან რბილ სავარძელში გადაჯდომა. დახურდავდებოდა სწორედ სააკაშვილის ვითომც წარმატებაში ამომრჩევლების თვალში. „ქართული ოცნება“ არ არის პოპულარული და ახლა უფრო მეტად გახდა პოპულარული კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ ყველას ესმის, ეს უფრო ექიმების დამსახურებაა, ვიდრე მთელი ჩვენი ხელისუფლების. ამ ფონზე სააკაშვილის „წარმატება“ უკრაინაში, ასევე, ოპოზიციური ლიდერების გათავისუფლება „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდაა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუგდო ეს ბარტყი „ნაციონალებს“, არ უნდა გადაედგათ ეს წინდაუხედავი ნაბიჯი და არ უნდა დაეყენებინათ ეჭვქვეშ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელიც არ იყო აღქმული პოლიტპატიმრებად. არ უნდა მიეყვანათ საქმე კრიტიკულ სიტუაციამდე, რომ პოლიტპატიმრები დარქმეოდათ მათ დასავლელი პარტნიორების ენაზე. ისინი არ იყვნენ პოლიტპატიმრები, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს დასავლეთს და, როცა დაერქვათ პოლიტპატიმრები, ამის შემდეგ მოუწიათ უკანდახევა. ამიტომ, ვინც „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გულმხურვალე მომხრეა, ისინი კიდევ უფრო გამყარდებიან თავიანთ პოზიციებში, მათთვის გამარჯვების ყიჟინა და გამარჯვების განცდა გაიზარდა, „ქართული ოცნების“ მომხრეებში კი არ მომხდარა არავითარი ძვრები. დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვინც ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, ისინი ოქტომბერშიც ხმას მისცემენ „ოცნებას“. თუმცა მერყევ ამომრჩეველში, რომელიც საკმაოდ დიდი ნაწილია, სადღაც 40%-ია ამომრჩევლის, სიტუაცია შეიძლება გადაიხაროს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, არა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, არამედ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ და მათ ხმა მისცენ „ევროპულ საქართველოს“, თუნდაც იმავე „ნაცმოძრაობას“, მაგრამ არა მარტო მათ, ასევე, „ლელოს“ და სხვებს. ეს სერიოზული წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, საიდანაც ოცნებამ“ გამოსავალი იპოვა, მაგრამ არა - უდანაკარგოდ. პრესტიჟისა და რეპუტაციის დაკარგვა ნამდვილად მნიშვნელოვანი დანაკარგია ამომრჩევლის თვალში.

Aburjga Tasmanieli ზოგიერთებს რამხელა ეშმაკი უზით ტვინში და როგორ მრუდე სარკეში აყურებინებს ყველაფერზე??!!!! აბა ახლა ამას რა უნდა ელაპარაკო, გახარებულია იმ თახსირი ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკ- სენატორ- კონგრესმენ ნაძირალებით, როლებიც ყველა თავისი სიტყვით, წერილით თუ მიხვრა-მოხვრით ამცირებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ზღუდავენ სუვერენიტეტს და სურვილი აქვთ საერთოდ წაგვშალონ მსოფლიო რუქიდან! ეხ ლავრენტი პავლესძევ როგორ დაგვაკლდით, როგორ აკლიხართ სამშობლოს!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძალიან შემზარავი ინტერვიუა. შემძაგდა ეს "კაცი"! მისი ნუბარ-ნააზრევიდან რაღაც ამონარიდები მინდოდა მომეტანა და კონკრეტულად გამეკრიტიკებინა, მაგრამ ვერ შევძელი. მთელი მისი ინტერვიუ ერთი მთლიანი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ბოროტი და უსამართლო ტირადაა, სამარცხვინო ტირადა! გუშინ რამდენიმე ადგილას ერთი და იგივე პოსტი დავდე რომელიც ეხებოდა პოლიტიკური პარტიების მავნებლურ საქმიანობას. იქ ვწერდი - სამოქლაქო ომი, სამშობლოს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის გაჩანაგება, რაიონების, სოფლების დაცლა, დემოგრაფიულ- ემიგრაციული კრიზისი, ქართული ენის დაკნინება დამრცობა, იერიში მართლმადიდებლურ მრწამსსზე, ერისათვის ყალბი არაქრისტიანული (ლგბტ და სხვა) იდეოლოგიის თავს მოხვევა, სიწმინდეების, ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა.... და კიდევ მრავალი სხვა, რომელი ერთი მოვთვალო?! კიდევ რა უნდა მოხდეს, როდის უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ ბოროტების სათავე საერთოდ პოლიტიკური პარტიების არსებობაშია! ყველაფერ ამ უმსგავსობას ცხადია, ყველა ხედავს, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური პარტიების არსებობა ისეთ აქსიომად განიხილება, რომელიც ევკლიდეს მე-5 პოსულატზე მყარად დგას რიგითი მოქალაქის ფსიქიკაში! შეიძლება ჩვენი საყვარელი სამშობლო საქართველო აღარც კი იყოს, მაგრამ პოლიტიკური პარტიები აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდნენ! ასეთია დღევანდელი მოცემულობა. -
თურმე ტანმა მიგრძნო და ამ ზაქარეიშვილზე დამიწერია! ამას სამშობლო რად უნდა, ამას დემოკრატია უნდა, დერმოკრატია??!!
3 წლის უკან
Maverick Tasmanieli, ამას ქვია ინტერვიუ გაბოროტებულ, ხაზინის ძუძუს მოწყვეტილ "ლიბერასტ დემოკრატთან"!
3 წლის უკან
Maverick Tasmanieli, ამას ქვია ინტერვიუ გაბოროტებულ, ხაზინის ძუძუს მოწყვეტილ "ლიბერასტ დემოკრატთან"!
3 წლის უკან
Maverick ადმინ, პოსტის მერე შეტყობინებას ვღებულობ, რომ
Threat found
This web page contains potentially dangerous content.
Threat: HTML/Refresh.PV trojan
Access to it has been blocked. Your computer is safe.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვახ მაინც რა ბრიყვია ეს ადამიანი?! სულ "იმ" რაღაც "კანავო"-ში მიედინება ამის ფიქრთა წყობა, სულ დასვლეთი უტრიალებს თავში ქარბორბალად...
3 წლის უკან