მიუხედავად ანტიკრიზისული გეგმისა და ვიზიტორებისთვის ივლისადან საქართველოს ღირშესანიშნაობების გახსნისა, ტურიზმი ყველაზე დიდ დარტყმას ვერ ასცდება. საბაზო სცენარით 2020 წელს საქართველოში ტურიზმი 65%-ით შემცირდება.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ზეგავლენა გამოიკვლია, ეკონომიკის აღდგენის სამი სცენარი არის განხილული - სწრაფი აღდგენა; საბაზო; გვიანი აღდგენა. სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ტურიზმი წელს მხოლოდ 55%-ით შემცირდება. საბაზო სცენარით - 65%-იან კლებას ვარაუდობენ, ხოლო ეკონომიკის გვიანი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ქვეყნის ტურიზმის 80%-იან ვარდნას გარდაუვლად მიიჩნევენ.
მთავრობა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცდილობენ დარგზე შოკი შეარბილონ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად მიდის მსჯელობა.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული და წარმომადგენლობითი შეხვედრა გვქონდა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან“, -განაცხდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის დახმარების პაკეტის განახლებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა ტურიზმის სექტორისგან, თუ რა სჭირდებათ მათ, რათა განაგრძონ ტურიზმის სექტორში ოპერირება. მოვისმინეთ არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც დაგვეხმარება ეფექტური და მიზნობრივი დახმარების ფორმირებაში.
ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ადამიანებს იმისთვის, რომ მათ არ დაკარგონ დასაქმების ადგილები და შესაბამისად, შემოსავლის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რათა განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
როგორც გაირკვა, ხელისუფლებაში ყველა ერთხმად არ ეთანხმება ტურიზმის დახმარების პრიორიტეტულ პროგრამას. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულია ფიქრობს, რომ ტურიზმში ყველაზე მეტი თანხა არ უნდა დავხარჯოთ.
„ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მე დავსვი საკითხი ასე: მთავარია, ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვთქვათ, რომ დავხარჯეთ ის თანხები იმ ინდუსტრიაში, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო და არა იმაში, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავალი შემოჰქონდა ადრე. პირდაპირ ვთქვი, რომ ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი თანხა ტურიზმში უნდა დავხარჯოთ. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია დავნახოთ ის გამოწვევები, რაც შემოსავალს მოიტანს. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ადამიანები ყველაზე ნაკლებს დახარჯავენ მოგზაურობაში. ეს ცხადი ტენდენციაა და ამას უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა კაკულიამ.
ის დაეთანხმა ლევან კობერიძეს, რომ ახლა ქვეყანას აქვს შანსი მკაფიოდ გამოკვეთოს, თუ რა ეკონომიკურ პოლიტიკას აირჩევს, რადგან მთელი მსოფლიო ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს.
„ადრე ტენდენციები იყო, რომ ბევრი ქვეყანა მიყვებოდა ინერციას ეკონომიკაში, ახლა არის ამერიკაც, ჩინეთიც და სხვა ქვეყნებიც მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკას განსაზღვრავენ მომავალში. ჩვენც უნდა ჩამოვყალიბდეთ ამაში და შევარჩიოთ პრიორიტეტები“, - განაცხადა კაკულიამ.
ამასობაში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტარტისთვის ემზადება. ისინი ვარაუდობენ, რომ ისრაელი იქნება ის პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები შემოვლენ.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ეფექტურად. როგორც სამუშაო პროცესებიდან ჩანს, ისრაელი სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც ჩვენ მოგზაურებს ივლისიდან ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანიაც ადასტურებს, რომ საქართველო განიხილავს ისრაელს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლისთვისაც შეიძლება გაიხსნას ტურიზმი, ასევე ისრაელიც განიხილავს საქართველოს ასეთ მიმართულებად.
„ჩვენ ინტენსიურად მოკლე დროში უნდა გავიაროთ გრძელი გზა, ეს არის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ტენდენციები, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაიცვალოს. ის, რომ იმ 8 სახელმწიფოს შორის ისრაელი საქართველოს მოიაზრებს რომელთანაც გაიხსნება ტურიზმი და საქართველო, თავის მხრივ, ისრაელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ადგილობრივი ტურიზმი საერთოდ გაქრება, რადგან ხალხი იმპორტირებული კლასტერების შიშით გარეთ ვერ გამოვა.
გასაოცარია რატომ იგდებს ხელისუფლება თავს ასეთ შარში, კარსმომდგარი არჩევნების წინ?!