მედია: „ხეტაფესა“ და „ვილიარეალს“ გარიგებული მატჩის მოწყობაში ადანაშაულებენ

მედია: „ხეტაფესა“ და „ვილიარეალს“ გარიგებული მატჩის მოწყობაში ადანაშაულებენ

ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის, „ლა ლიგის“ 2 კლუბს, „ხეტაფესა“ და „ვილიარეალს“ გარიგებული მატჩის მოწყობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი რადიოსადგური Cope ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 2018/19 წლების სეზონის ბოლო მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირების სანაცვლოდ „ვილიარელის“ ზოგიერთ ფეხბურთელს ფული გადაუხადეს. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. „ხეტაფემ“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა და ორი ქულით ჩამორჩა „ვალენსიას“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სავარაუდოდ, მატჩის ჩაწყობაში „ხეტაფეს“ კაპიტანი ხორხე მოლინა მონაწილეობდა. პოლიცია სწავლობს კლუბის ყოფილი ფეხბურთელების, კარლოს არანდასა და პაკო ესტებანის სატელეფონო საუბარს, რომელშიც სწორედ მოლინას ახსენებენ. არამდა და ესტებანი მოლინასთან დაკავშირებაზე და მატჩის ზუსტ შედეგზე მასთან მოლაპარაკებების გამართვაზე საუბრობდნენ.

ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ „ხეტაფესა“ და „ვილიარეალში“. კლუბების ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.