ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად არჩილ თალაკვაძე კანონპროექტის მომზადებას ითხოვს და კომიტეტის თავმჯდომარეებს მოუწოდებს, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი კანონპროექტები შესთავაზონ. საუბარია იმ კანონპროექტებზე, რომლებიც თუნდაც ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა რამდენადაა მიბმული წინასაარჩევნო სიტუაციასთან და სად უნდა ეძიონ ახალი სამუშაო ადგილები?
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, ასეთი შეთავაზება პარადოქსია, რადგან კანონპროექტებით სამუშაო ადგილები დედამიწაზე არ შექმნილა.
ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ჯანსაღი ინიციატივა იბლოკებოდა პარლამენტში, კომიტეტებზე, ახლა კი რაღაც არარეალურს იხილავენ.
„ამით სამუშაო ადგილები ვის შეუქმნია, რომელ ქვეყანას? ეს ინიციატივა რომ გახმიანდა, მაშინვე მივხვდი, სულ სხვაგან იმყოფება ჩვენი მმართველი გუნდი. ელემენტარულად, დარგებს გადახედონ, რომელ დარგებში გაუქმდა და დაიკარგა სამუშაო ადგილები? ეს არის ძირითადად მომსახურეობის სექტორი, რესტორნები, კაფეები, საცალო ვაჭრობა და ტურიზმი. ტურიზმი დამოკიდებულია, როგორც უცხოელებზე, ისე საკუთარი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. მაღაზია, საცალო ვაჭრობა, რესტორნები და კაფეები პირდაპირ დამოკიდებულია მსყიდველობით უნარიანობაზე.
ახლა რომ სასწაული გეგმა წარმოგვიდგინეს და ყველაზე მარტივი, რაც მოაფიქრდათ, ქონების გადასახადიდან გაათავისუფლეს კონკრეტული სფეროები, ეს სფეროები რომც გაათავისუფლო გადასახადებისგან, არაფერს მოიტანს, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ მსყიდველუნარიანობა. რაც არ უნდა გავხსნათ ეკონომიკა და დარგები გავათავისუფლოთ გადასახადებისგან, მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის გარეშე არაფერი გამოვა. თანაც, ეს ხომ ის სფეროებია, რომელთაც ექსპორტისთვის კი არ ვაწარმოებთ და უცხოელ მწარმოებლებზე კი არ ვართ დამოკიდებულნი, არამედ ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძის ინიციატივა, უბრალოდ, ჩვეულებრივი საკანონმდებლო ინიციატივაა იმისთვის, რომ შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ადამიანების დასაქმებისთვის.
„როგორც წესი, სამუშაო ადგილს ქმნის ბიზნესი. შესაბამისად, ისეთი საკანონმდებლო გარემო უნდა იყოს შექმნილი, რომელიც ბიზნესს მეტი სამუშაო ადგილის შექმნის სტიმულსა და საქმიანობის გაშლის შესაძლებლობას მისცემს. ამისთვის საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებები, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ბიზნესდავები სამართლიანად გადაწყდეს და სხვა. ამის შედეგად იქმნება სამუშაო ადგილები, ასევე, სამუშაო ადგილები იქმნება ახალი ინვესტიციების შემოსვლის შედეგად. სამწუხაროდ, ამ კუთხით საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ვვარაუდობ, რომ „კოვიდ 19“-ის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება ხელს გამოიღებს იმ კუთხით, რომ ის კომპანიები, რომლებიც ახლა ჩინეთიდან გამოდიან, შეძლებისდაგვარად, მოიზიდონ საქართველოში და ამით გააჩინონ ახალი სამუშაო ადგილები და ახალი ინვესტიციები. ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოს შექმნის ბიზნესის საწარმოებლად, ჩვენ უნდა მოვხსნათ დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები, რათა ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმული ჰქონდეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის აზრით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ობიექტური მოთხოვნაა, განსაკუთრებით, დღევანდელ პერიოდში, როდესაც პანდემია დასრულდება და ეკონომიკური პრობლემები წინ წამოვა. მმართველი პარტია თავის ავტორიტეტზე უნდა ზრუნავდეს მომავალი არჩევნებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობდეს.
„ასეთი ადგილების შექმნა ხელისუფლების პოლიტიკური მიზანი უნდა იყოს, თუკი მას სურს, კიდევ მოიპოვოს ამომრჩევლების მხარდაჭერა. თუმცა ერთი რამ ნურასდროს დაგვავიწყდება, „ქართულ ოცნებას“ თავისი ამომრჩეველი ჰყავს, „ნაციონალებსაც“ თავისი მუდმივი ამომრჩეველი ჰყავს. პოლიტიკური სიტუაცია, პანდემია, თუ სხვა რამ არ შეცვლის ამ სიტუაციას, მაგრამ არის კიდევ ამომრჩევლების მესამე სექტორი, რომელთა მხარდაჭერაზეც უნდა იზრუნოს ერთმაც და მეორემაც. ამიტომ ახალი სამუშაო ადგილების დაპირება იქნება ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, დამატებით მესამე სექტორი თავის მხარეზე გადმოიბიროს. ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არა მარტო ჩვენი ობიექტური ცხოვრება ითხოვს, არამედ წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგიაც“, - მიიჩნევს ავთანდილ დემეტრაშვილი.