ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის „ვერანაირ კონფლიქტს ვერ ხედავს“

ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის „ვერანაირ კონფლიქტს ვერ ხედავს“

ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისგან ასე შორს არასოდეს მდგარა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ღია ოკუპაციაზე ევროპელები და ამერიკელები მხოლოდ სიტყვიერი შეშფოთება–აღშფოთებით იფარგლებიან. მოსკოვში ამას კარგად ხვდებიან და უკანდახევას არ ფიქრობენ.  

„ოფიციალური მოსკოვი საქართველოსა და რუსეთს შორის „ვერანაირ კონფლიქტს“ ვერ ხედავს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სერგეი ლავროვის უწყებამ ასტანაში გამართულ ეუთოს სამიტთან დაკავშირებით გაავრცელა.

მასში სამიტის იმ მონაწილეების გამოსვლებია გაკრიტიკებული, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მხარეებად საქართველოსა და რუსეთს და არა საქართველოსა და ცხინვალს მიიჩნევენ. 

„ბევრი ლიდერის გამოსვლისას ისმოდა საქართველოში არესებული კონფლიქტების თაობაზე მსჯელობა იმ ქვეტექსტით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიან და გარკვეული კონფლიქტი არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთი ვერავითარ კონფლიქტს ვერ ხედავს, ხოლო არსებული ვითარება, 2008 წელს, სამხრეთ ოსეთზე საქართვეელოს თავდასხმის შედეგია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ამასთან, მასში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ მოსკოვი „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რადგან ეს არის ერთადერთი გარანტი ამ ტერიტორიების უსაფრთოებისა, ისე როგორც ოსი და აფხაზი ხალხის თვითგამორკვევისა“. 

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ადრინდელ საზღვრებში საუბარიც ზედმეტია. სიტუაცია რომელიც წარმოიქმნა არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმის შედეგი. ეს არაფრით პროვოცირებული თავდასხმაა. თავდასხმაა, რომელიც განხორციელდა საქართველოს მიერ ყველა საერთაშორისო ნორმის, ჰელსინკის შემაჯამებელი აქტისა და ეუთოს სხვა დოკუმენტების, მათ შორის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შესახებ დოკუმენტების დარღვევით“, – აცხადებს სერგეი ლავროვი. 

მისივე თქმით, რუსეთი იძულებული იყო ამ „არაფრით პროვოცირებული“ თავდასხმისათვის პასუხი გაეცა და ამ „პასუხის“ ერთადერთი მიზანი ცხინვალის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების სიცოცხლის დაცვა იყო. 

„რუსეთი იძულებული იყო მიეღო ეს უმძიმესი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სამშვიდობოების სიცოცხლის და ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხრეთ ოსეთის სხვა დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლების დაცვისაკენ. ამ შემთხვევაში კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ადრინდელ საზღვრებში საუბარიც კი არ შეიძლება“, – აცხადებს სერგეი ლავროვი. 

შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

„ევროკავშირი ხელახლა ადასტურებს საკუთარ მტკიცე და თანამედროვე ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – 
განაცხადა ასტანაში ეუთოს სამიტის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა და სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. 

„ევროკავშირი მიესალმება ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების დადასტურებას ასევე სამიტის ერთობლივი განცხადების მიღებას. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა ყოვლისმომცველ და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს წინადადებების წამოყენებას იმ პრიორიტეტების საფუძველზე რომლებსაც იზიარებენ ეუთოს წევრი-ქვეყნები - მათ შორისაა პოტენციალის გაუმჯობესება პოტენციალის პრევენციის მართვისა და მოწესრიგებისათვის გაჭიანურებული კონფლიქტების მოწესრიგებაში პროგრესის მისაღწევად. 

„რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი ხელახლა ადასტურებს საკუთარ მტკიცე და თანამედროვე ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის სრული გათვალისწინებით. 

ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას კონფლიქტების გადაჭრის საერთაშორისო ძალისხმევისადმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩათვლით, ასევე უსაფრთხოების სტაბილიზებისა და ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარებისადმი და 2008 წლის 12 აგვისტოს სრულ ინპლემენტაციისადმი“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა და ხაზგასმით აღნიშნა: „ევროკავშირი ასევე ადასტურებს მხარდაჭერას ეუთოს მისიის აღდგენისადმი საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვებისაკენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.

თავის მხრივ, ნატო კიდევ ერთხელ მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. როგორც ტელეკომპანია BBC-ს ეთერში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, ალიანსი ასევე ითხოვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებას. 

„რუსეთთან საქართველოს საკითხის განხილვას ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. დიახ, ჩვენ გაქვს უთანახმოებები მოსკოვთან, ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი სწორედ საქართველოა. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკას მოვითხოვთ. 

რუსეთს საკუთარი პოზიცია აქვს, ჩვენ - ჩვენი. რაც შეეხება აზრთა ამ სხვადასხვაობის პირობებში მოსკოვთან სტრატეგიული თანამშრომლობის მიზეზებს, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ეს არის შანსი, მივაღწიოთ საქართველოს პრობლემის პოზიტიურ გადაჭრას და პარალელურად განვიხილოთ ის საკითხები, რომლებშიც ერთმანეთს ვეთანხმებით“, - განაცხადა რასმუსენმა გადაცემა „ჰარდ თოქში“ სტუმრობისას.