შემდეგი პანდემია შეიძლება, ამაზონის წვიმის ტყეებიდან წამოვიდეს, გვაფრთხილებს ბრაზილიელი ეკოლოგი დავიდ ლაპოლა. მისი თქმით, ადამიანების მიერ ცხოველთა ჰაბიტატის ხელყოფა, რაც ყველაზე დიდი ალბათობით მთავარი დამნაშავეა კორონავირუსის გავრცელებაში, ხე-ტყის ჩეხვის გამო ამაზონის რეგიონში გაშმაგებით მიმდინარეობს.
მკვლევართა განცხადებით, ერთ დროს ველური ზონების ურბანიზაციას დიდი წვლილი შეაქვს ზოონოზური დაავადებების, ანუ ცხოველებიდან ადამიანებზე გადმოსული დაავადებების გავრცელებაში.
მათ შორის არის ახალი კორონავირუსიც, რომელიც მეცნიერთა აზრით, სათავეს იღებს ღამურებში, შემდეგ კი, სავარაუდოდ მესამე სახეობის გავლით, სწრაფად გადმოხტა ადამიანებზე ჩინეთის ხუბეის პროვინციაში, სადაც სწრაფი ურბანიზაცია მიმდინარეობს.
ლაპოლა, რომელიც იკვლევს, როგორ ცვლის ადამიანთა საქმიანობა ტროპიკული ეკოსისტემების მომავალს, ამბობს, რომ იგივე პროცესები მიმდინარეობს ამაზონშიც.
„ამაზონი ვირუსების უზარმაზარი რეზერვუარია. უკეთესი იქნება, თუ იღბალს არ გამოვცდით“, — უთხრა მან ინტერვიუში AFP-ს.
მსოფლიოს უდიდესი წვიმის ტყე ამჟამად საგანგაშო მაჩვენებლით ნადგურდება.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ COVID-19-ის მსგავს დაავადებათა გავრცელებაზე
მსგავსი: რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ COVID-19-ის მსგავს დაავადებათა გავრცელებაზე
შარშან, ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს პრეზიდენტობის პირველივე წელს, ამაზონის ჩეხვის მაჩვენებელი 85 პროცენტით გაიზარდა და 10 000 კვადრატული კილომეტრის, თითქმის ლიბანის ზომის ტყე დაიკარგა.
ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) თანამგზავრული ფოტოების მონაცემებით, იანვრიდან აპრილამდე განადგურდა 1202 კვადრატული კილომეტრი და რეკორდი წლის პირველივე თვეებშივე დამყარდა.
ლაპოლას თქმით, ეს ამბავი ძალიან ცუდია არა მხოლოდ პლანეტისთვის, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისთვისაც. ლაპოლას სადოქტორი ნამუშევარი დაცული აქვს გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტში, დედამიწის სისტემების მოდელირებაში; ამჟამად კი ის ბრაზილიის კამპინასის უნივერსიტეტში მუშაობს.
„ვირუსები ცხოველებიდან ადამიანებში სწორედ მაშინ ხტებიან, როდესაც შენ ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევ“, — ამბობს იგი.
აივ-ი, ებოლა, დენგე
იგივე მოხდა აივ ვირუსის, ებოლასა და დენგეს ცხელების შემთხვევაში; „ყველა ეს ვირუსი გამოჩნდა და უზარმაზარი მასშტაბით გავრცელდა სწორედ ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის გამო“, — ამბობს დავიდ ლაპოლა.
სხვათა შორის, ყველა ეს ეპიდემია სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან გავრცელდა და უმეტესად დაკავშირებულია ღამურების კონკრეტულ სახეობებთან.
თუმცა, როგორც ლაპოლა ამბობს, უზარმაზარი ბიომრავალფეროვნების გამო, ამაზონი შეიძლება „მსოფლიოში უდიდესი კორონავირუსების აუზი“ გახდეს; რა თქმა უნდა, იგულისხმება ზოგადად კორონავირუსების ოჯახი და არა ამჟამინდელი პანდემიის მიზეზი, კორონავირუსი SARS-CoV-2.
„ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომ არ უნდა გამოიყენო ამაზონი არაგონივრულად, რასაც ახლა ვაკეთებთ“, — ამბობს იგი.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საგანგაშო მიზეზია ხე-ტყის გაშმაგებული ჩეხვა არალეგალი ფერმერებისა თუ მაღაროელების მხრიდან.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, რომელიც კლიმატის ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს და მაღაროებისა და სოფლის მეურნეობისთვის ადგილობრივთა დაცული ტერიტორიების გახსნა სურს, რამდენიმე დღის წინ ხე-ტყის ჩეხვასთან საბრძოლველად ამაზონში არმია გააგზავნა; ეს მისი მხრიდან უიშვიათესი ნაბიჯია.
ლაპოლა ამბობს, რომ მას ერჩივნა, მთავრობას გაეძლიერებინა არსებული გარემოსდაცვითი სააგენტო IBAMA, რომელსაც ბოლსონარუმ ბიუჯეტი შეუმცირა და თითქმის ვეღარ ფუნქციონირებს.
„იმედი მაქვს, შემდეგი მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს იმ რეგიონის დაცვას, რომელიც ალბათ ნამდვილად არის პლანეტის უდიდესი ბიოლოგიური საგანძური. საჭიროა შევცვალოთ ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასა და წვიმის ტყეს შორის“, — ამბობს დავიდ ლაპოლა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიო უფრო მეტ ეპიდემიას იხილავს; ეს პროცესი კი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი პროგნოზირება რთულია.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.