„გერმანიის ელჩმა საქართველოში, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ადამიანები ვერ იქნებოდნენ განხილულნი პოლიტპატიმრებად“

„გერმანიის ელჩმა საქართველოში, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ადამიანები ვერ იქნებოდნენ განხილულნი პოლიტპატიმრებად“

კორონავირუსის გადავლის შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებისთვის მოიცალეს. მათ ლექსიკაში გაჩნდა ტერმინი „პოლიტპატიმრები“. სენატორი რიში, ევროპარლამენტარი კუბილიუსი, ევროპარლამენტარი გელერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ე.წ პოლიტპატიმრების შესახებ არც ერთ მოლაპარაკებაზე თანხმობა არ მიუცია ოპოზიციისთვის და „ნაციონალებისადმი“ სიმპათიით განწყობილი დასავლელი პარტნიორები შეცდომაში არიან შეყვანილნი.

როგორ უნდა შეინარჩუნონ დაპირისპირებულმა ბანაკებმა სახე, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

8 მარტის შეთანხმება ჩავარდა, მხარეები ამის გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ოპოზიციას მხარში ამოუდგნენ ამერიკის სენატორი რიში, ევროპარლამენტარი კუბილიუსი... „ნაციონალებს“ სათქმელად აქვთ, რომ თვით საერთაშორისო თანამეგობრობამაც კი ახსენა პირველად ცნება „პოლიტპატიმარი“. როგორ უნდა აიცილოს „ქართულმა ოცნებამ“ რეპუტაციული ზიანი?

- გამოსავალი არის სწორედ ის, რაც წერია თავად შეთანხმების ტექსტში. ამ ტექსტში შავით თეთრზე წერია, „იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა და ამ მხრივ იქნეს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, მაქსიმალურად უნდა ამოქმედდეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მექანიზმები“. ამით დიპლომატებმა დიპლომატიურად, მაგრამ ძალიან გასაგებად მიანიშნეს ოპოზიციას და, სავარაუდოდ, ალბათ, ხელისუფლებასაც, თუ რა გზით უნდა წასულიყვნენ. გასაგებია, ეს ვერ იქნებოდა ის გზა, რომ მმართველი პარტიის რომელიმე ხელმძღვანელებს აეღოთ ტელეფონი, დაერეკათ სასამართლოში, პროკურატურაში და ეთქვათ, შეაჩერეთ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე, გამოუშვით იგი ციხიდან, ან გააჩერეთ გიორგი რურუას საქმე, გამოუშვით ისიც ციხიდან. ამას მმართველი პარტია ვერ გააკეთებდა. შესაბამისად, რჩებოდა ერთადერთი გზა, განაჩენის დადგომის შემდეგ ამ სამ პიროვნებას, დადგენილი წესით, როგორც ამას ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ითვალისწინებს, პრეზიდენტისთვის მიემართათ შეწყალებით. დიდი ალბათობით, იმისთვის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია მოეხსნა, მშვიდი და არაპოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო შეექმნა, პრეზიდენტი ამ ადამიანებს შეიწყალებდა და ისინი გამოვიდოდნენ ციხიდან. ეს იქნებოდა ყველაზე ცივილიზებული გზა.

თუმცა ოპოზიციას უნდა, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. მას უნდა, ერთი მხრივ, მიაღწიოს ამ ადამიანების ციხიდან გამოშვებას, მეორე მხრივ, ხელისუფლებას მიაყენოს პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, აიძულოს ხელისუფლება, რომ „ქართულ ოცნებამ“ აღიაროს, თითქოს მას ჰყავს პოლიტპატიმრები. 8 მარტიდან მოყოლებული, ოპოზიციის რიტორიკაში, შინ თუ გარეთ, მუდმივად ხდება ამ თემის პედალირება, რომ ეს სამი ადამიანი თურმე პოლიტპატიმარია, გაფუჭებული ფირფიტასავით ამას იმეორებენ. გასაგებია, არც ერთი ხელისუფლება, მით უმეტეს, „ქართული ოცნება“ არ არის დაინტერესებული და არც აღიარებს იმას, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები მაშინ, როცა ეს ადამიანები არანაირი კრიტერიუმებით პოლიტპატიმრები არ არიან.

იმისთვის, რომ ადამიანი პოლიტპატიმრად ჩაითვალოს, იგი ოფიციალურად უნდა აღიარონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროპის საბჭომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ემნისტი ინტერნეიშენალმა“, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ყველა დასკვნა, რაც დაიწერა ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, ძირითადად, მაინც ეყრდნობა ვარაუდებს, ხომ არ არის შესაძლო პოლიტიკური მოტივები მათ დაჭერაში?! ცალსახად მათი შერაცხვა პოლიტპატიმრებად არ მომხდარა. მეტსაც გეტყვით, გერმანიის ელჩმა საქართველოში, რომელიც მონაწილეობდა 8 მარტის შეხვედრაში, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ადამიანები ვერ იქნებოდნენ განხილულნი პოლიტპატიმრებად, ანუ გერმანიის ელჩის შეფასება ეწინააღმდეგება იმ შეფასებას, რაც გააკეთა „ტვიტერში“ რიშმა, კუბილიუსმა და სხვა ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები და „ნაცმოძრაობის“ პარნტიორები არიან.

ყოველ შემთხვევაში, ამ უცხოელების ჩარევის შედეგად რეპუტაციული ზიანი მიადგა „ქართულ ოცნებას“. სენატორი რიში არ არის რიგითი ამერიკელი. ოპოზიცია გამოსავალს სთავაზობს ხელისუფლებას, გამოუშვას ივანიშვილმა ეს ადამიანები ციხიდან და თუნდაც ნუ დაარქმევენ პოლიტპატიმრებს.

- როგორ გამოუშვებს ივანიშვილი ამ ადამიანებს, რა მექანიზმი აქვს ამ ადამიანების ციხიდან გამოშვებისთვის? ციხიდან მათი გამოსვლის ერთადერთი მექანიზმია, „ნაცმოძრაობამ“ განაცხადოს, რომ ეს ადამიანები არ არიან პოლიტპატიმრები, შემდეგ პრეზიდენტმა, რომელსაც აქვს ამის უფლებამოსილება, მიმართვის გარეშე გამოსცეს შეწყალების აქტი იმ მოტივაციით, რომ წინ გველის მნიშვნელოვანი არჩევნები და სასურველია, წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, დემოკრატიული, არადაძაბული, არაპოლარიზებული იმისთვის, რომ პოლიტიკური კონფრონტაცია დაცხრეს. ეს იქნებოდა გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს პოლიტიკური სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა, მაგრამ ოპოზიცია დღემდე ამას არ თანხმდება.

ცხადია, ოპოზიცია არ იტყვის, რომ ეს ადამიანები არ არიან პოლიტპატიმრები. საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგებად ოპოზიციას პოლიტპატიმრებად მათი მოხსენიება აწყობს.

- მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ არსებობს ორი გამოსავალი - ან ხელისუფლებაზე მოხდება ძალიან ძლიერი ზეწოლა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ეს დაახლოებით ისეთი ზეწოლა იქნება, როცა ხელისუფლება თავის დროზე დათანხმდა 120/30 სისტემით არჩევნების ჩატარებას. ალბათ, ამ ზეწოლის შედეგად მოიძებნება რაღაც ფორმულა, რომ არც ხელისუფლება იყოს კუთხეში მიყენებული, არც ოპოზიციამ არ დაკარგოს სახე და ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან. თუმცა ამ ერთი ვარიანტის გარდა არსებობს მეორე ვარიანტიც, ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს თავის პოზიციას, არ გამოუშვებს ოქრუაშვილს, უგულავას, რურუას ციხიდან, მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშეც, რადგან პარლამენტში ეყოფა ხმები იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება გაიტანოს და უკვე ოპოზიცია გამოცხადდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც ეწინააღმდეგება არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. თუ ეს მოხდა და ხელისუფლებამ კონსტიტუციური ცვლილებები გაიტანა ოპოზიციის ხმების გარეშე, ეს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსთვის“ სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა იქნება, ისევე, როგორც რეპუტაციული დარტყმა იქნება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ახლა „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბებიან და, ფაქტობრივად, „ნაციონალების“ სიტუაციურ მოკავშირეებს წარმოადგენენ. ამიტომ ვვარაუდობ, რომ სწორედ ამ დღეებში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია იქნება საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთის სტრუქტურებს შორის, რათა მოძებნონ ურთიერთმისაღები ფორმულა. ალბათ, ისევ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწევთ ამ საქმეში ჩართვა და ურთიერთმისაღები ფორმულის მოძებნა. ალბათ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, რომელიც ახლა ჩუმად ზის და ხმას არ იღებს.

 

dimpi ბიჯო, ნუ უძახით მაგათ ნაციონალებს, 1 - "ნაციონალი" არაა სა₾ანძღავი სიტყვა, 2 - მაგათ არაფერი საერთო არა აქვთ ნაციონალურთან, 3 - პირიქით ანტინაციონალური რეჟიმი ჰქონდათ..............
მაგნენი არიან ნაცები, ნაცები... უფრო სწორად კი ნაც-სექტა
3 წლის უკან
Katana . "თუმცა, არსებობს მეორე ვარიანტიც: ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს თავის პოზიციას, არ გამოუშვებს ოქრუაშვილს, უგულავას, რურუას ციხიდან, მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშეც, რადგან პარლამენტში ეყოფა ხმები იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება გაიტანოს და უკვე ოპოზიცია გამოცხადდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც ეწინააღმდეგება არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას."

წერტილი!
არ უნდა ამას არავითარი "ან"!
შეთანხმება არის ის, რაც შეთანხმების ტექსტში წერია!
ხოლო თუ იძახი, რომ ტექსტში მათი გამოშვება არ წერია, მაგრამ ვიგულისხმეო, ჩათვალე, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ის იგულისხმა, რაც წერია!
მორჩა!
3 წლის უკან
Serapina ასეთი შედეგი მოსდევს იმას, კრიმინალებს რომ ოპოზიციას დაარქმევ და ციხის ნაცვლად პარლამენტში წამოასკუპებ!
უცხოელი პოლიტიკოსები, ცოტა სინდისის და უმეტესობა პირადი სარგებლის გამო, ან აქეთ დადგება, ან იქეთ...
სასაცილო და სატირალი ერდროულად ის არის, ჩვენც (საზოგადოება), რომ ამდენი ხანი ამ სისულელეს (გან)ვიხილავთ... და ვისმენთ! ...ისე მუსაიფობენ ტელეეკრანებიდან, ეს ჩვენი პოლიტიკოსებად წოდებულები, გეგონება სხვა სფეროები მოაწესრიგეს და აგერ, მცირე გაუგებრობას არკვევენ.
ამათ რაც არ უნდა ვუწოდოთ, მათი ყოველი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და მომავლაშიც ასეთი იქნება!
3 წლის უკან
Katana ...ზაალ ბატონო, არ გაჭრა არანაირმა შეგონებამ :)
პრეზიდენტის მიერ მაგათი შეწყალება ჰგავს კურიოზულ შემთხვევას, როცა საკუთარ კარში შეგნებულად გაგაქვს გოლი, რომ მოწინააღმდეგეს ასიამონო... რომლის შემდეგაც შენი გულშემატკივრები დედას გაგინებენ, ხოლო მოწინააღმდეგის გუნდიც და გულშემტკივრებიც მასხრად გიგდებენ!..
3 წლის უკან