მოსახლეობას, ეკონომიკის ასე თუ ისე ამოქმედების პირობებში, ახლა ყველაზე მეტად ორი საკითხი აწუხებს: ტრანსპორტი და ჯერ კიდევ მოქმედი საგანგებო მდგომარეობა. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე ყოველდღიურად მიმდინარეობს და თანდათან ახალი საიმედო ინფორმაციებიც ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის აზრით, პირველ რიგში, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა კერძო ავტომობილებზე უნდა გაუქმდეს. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, თანდათან მძღოლის გარდა, კერძო ტრანსპორტში ორზე მეტი მგზავრის მოთავსება გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება ტაქსებს, იქ შეზღუდვა ხანგრძლივად შენარჩუნდება და მგზავრები მხოლოდ უკანა სავარძელზე დასხდებიან, ისე როგორც დღესაა.
„შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თანდათან მოგვცემა ამის საშუალება და პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად შენარჩუნდება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
რაც შეეხება სხვა ტიპის ტრანსპორტს აქ ჯერ კიდევ გაურკვეველია ვითარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც ინფექციის ზრდის მატების რისკია.
გამყრელიძემ განმარტებით, მგზავრთა გადაყვანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას მთავრობის ცალკე სხდომა მიეძღვნება.
„როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინირებისა ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა და ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. მას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, - განუცხადა „აპიენს“ გამყრელიძემ.
ზემოაღნიშნული საკითხები კი იქამდე ვერ გადაწყდება, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს. მისი გაუქმების თაობაზე პირველი მინიშნება გააკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი შეფასებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს. იგი იმედოვნებს, რომ 11 მაისიდან, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ იქნება.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და მანამდე გვექნება პირველი შედეგები, რაც მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ. ვიმედოვნებ, რომ 11 მაისის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სიძნელეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ აკრძალვების შემსუბუქებამ ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვიოს. თუ ასეთი მოცემულობა გვექნება, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი განმარტებით, ევროპის ყველა ქვეყანა ეტაპობრივად ხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ მათ ამის გაკეთება გაცილებით რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უწევთ, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია. ჩვენს ქვეყნასაც სხვებთან შედარებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, უფრო მეტი შანსი აქვს ამჟამინდელი სიტუაცია შეინარჩუნოს.