სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნება და მომსახურება მაშინვე გაძვირდება

სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნება და მომსახურება მაშინვე გაძვირდება

ერთ კვირაში სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნება და მომსახურება გაძვირდება. უკვე ცნობილია, რომ ტარიფები გაიზრდება, ახლა, უბრალოდ, გაძვირების მასშტაბები ზუსტდება. შეიძლება ერთი პაციენტის მომსახურების ღირებულებამ 50 ლარით მოიმატოს.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი ამბობს, რომ სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლებზე.

„სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლებზე. დღეს რომ ფასებს გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არც თუ ისე იაფია, ამიტომ სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ცოტათი მოიმატებს“, - განაცხადა გოგილაშვილმა.

ყველა ის სტომატოლოგიური კლინიკა, რომლებსაც გეგმური სამუშაოს დაწყების სურვილი აქვს, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს. ქვეყანაში სტომატოლოგიური კლინიკების მუშაობა 22 მაისიდან განახლდება. რამდენიმე კლინიკას საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც უწევდა მუშაობა და გადაუდებელი და მწვავე პაციენტების მომსახურება. შესაბამისად, მათთვის ეს რეკომენდაციები სიახლე არ იქნება.

სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის თქმით, სტომატოლოგია არის სფერო, რომელიც ინფექციის გავრცელების კუთხით რისკს ისედაც შეიცავს, ამიტომაც მოთხოვნები უსაფრთხოებისა და კონტროლის მაღალ რისკს ითვალისწინებს.

„რომ გითხრათ, მოუმზადებლები ვართ ამისთვის, ასე არ არის, რადგან ყველა სტომატოლოგი ყოველდღიურ საქმიანობაში ისედაც ბევრს აკეთებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის. შესაბამისად, არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული საკითხები, რომლებიც პრობლემას შეუქმნის კლინიკების გარკვეულ ნაწილს. თუმცა ეს არის კლინიკის მენეჯმენტის გადასაწყვეტი, როგორ მართავს ამ პროცესს“, - განაცხადა ალხანიშვილმა.

მთავრობის შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის სტომატოლოგიურ კლინიკებში აუცილებელია პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება იწყება დაწესებულებაში შესვლისთანავე, უნდა განხორციელდეს დისტანციური თერმომეტრიზაცია და პაციენტმა უნდა შეავსოს რისკის კითხვარი.

რაც შეეხება, ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში, აუცილებელია არსებობდეს ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია და საპირფარეშოები ყველა ჰიგიენური წესის დაცვით პერსონალისთვის და კლიენტებისთვის ცალ-ცალკე.

დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა იყოს 4-მეტრიანი დისტანცია.

კლინიკას უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე მიმღებში-მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

მისაღებში მომუშავე პერსონალისთვის აუცილებელია რეგისტრატურასთან მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, სახის ფარი, სამედიცინო ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანები.

ცალკე მოთხოვნებია სტერილიზაცია და დეზინფექციისთვის. ცალკეა გაწერილი ნარჩენების მართვის მოთხოვნები და ინფექციების საპრევენციო-საკონტროლო მექანიზმები.

როგორც სტომატოლოგიური კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს შეიძენენ. მათი მარაგისთვის კი კლინიკებს ხარჯი მნიშვნელოვნად ეზრდებათ, რადგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ოთხჯერაა გაძვირებული.

ხარჯის ასანაზღაურებლად, ქეთევან გოგილაშვილის თქმით, სტომატოლოგები იძულებული გახდებიან მომსახურება გააძვირონ.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა, რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. მოთხოვნებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს ორკვირიანი მარაგი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომელთა ფასი 400%-ით არის გაზრდილი. ერთი პაციენტის, მაგალითად, პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, - განაცხადა ქეთევან გოგილაშვილი და დასძინა, რომ ასოციაცია აპირებს განცხადებით მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს, ყურადღება მიაქციონ სტომატოლოგების პრობლემას.

„არ ვიცი, პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, - განაცხადა გოგილაშვილმა.