ბიზნესი ზარალის დათვლიდან დახურვის სქემაზე გადავიდა

ბიზნესი ზარალის დათვლიდან დახურვის სქემაზე გადავიდა

ქვეყანაში ბევრი ბიზნესი დახურვის პირასაა. უჭირს როგორც მცირე ზომის კომპანიებას, ასევე მსხვილ ბიზნეს-ჯგუფებსაც. შველას ითხოვს ყველა, ვისაც კი მომავალი ცუდად ესახება. დახმარების ადრესატები არიან როგორც მთავრობა, ასევე კომერციული ბანკები თუ მსხვილი სავაჭრო ცენტრები.

„აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარებ კახა ხაზარაძე ამბობს, რომ წელს, ალბათ, ობიექტების 20%-ის დახურვა მოუწევთ. კომპანია ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს. სექტორი პანდემიის პირობებში რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, მათ შორის არის სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკებები, რაც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს ობიექტების, საშუალოდ, 20%-ის დახურვა მოგვიწევს. დღეის მდგომარეობით, 100-ზე მეტი ობიექტი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ თანამშრომლების 80%-ზე მეტი შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ სამსახურში. ეს ერთი გამოწვევაა, მეორე კი ეროვნული ვალუტის კურსია, რომელიც 2.80-დან 3.20-ზეა ასული. ეს კი, რა თქმა უნდა, საქონლის გასაყიდ ფასზეც აისახება. როცა ადამიანებს შემოსავალი კი არ ეზრდებათ, საერთოდ ვერ იღებენ, ამ დროს ფასის ზრდა პრობლემატური თემაა.

პრობლემაა ისიც, რომ უკვე ერთი თვეა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ცენტრებთან, რადგან არსებული კონტრაქტები ვერ იმუშავებს ბიზნესსა და მოლებს შორის და ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც წესი, სავაჭრო ცენტრებთან იდება გრძელვადიანი კონტრაქტები. მსგავსი კონტრაქტები მუშაობს, როდესაც ქვეყანაში რამდენიმეწლიანი პროგნოზი შეიძლება გააკეთო, ამიტომ ეს კონტრაქტები 3-5-7 და 8-წლიანიც არის. პანდემიამ კი რეალობა შეცვალა და ჩვენ ვერც იმ თანხას და ვერც იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიხდიდით იჯარის გადასახადს, ვერ გადავიხდით.

სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოვერგოთ ახალ რეალობას. ახალი რეალობის მორგება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან გვიჭირს ერთ სიბრტყეში სიტუაციის შეფასება, კონკრეტიკაში ვერ წავალ, რადგან მოლაპარაკების პროცესია“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ხაზარაძემ.

გარდა ამისა, გლობალური პანდემიის გავლენით შექმნილი კრიზისის გამო შეჩერებული ბიზნესები ხელისუფლებას ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. სესხებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება, კერძო სექტორი კი, არარსებული შემოსავლების ფონზე აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივების გარეშე საბანკო ვალდებულებებს ვერ მოემსახურებიან.

თუ ბანკები სასესხო ვალდებულებების გადავადებაზე უარს იტყვიან, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სარესტორნო ბიზნესიც. რესტორატორთა ასოციაციამ ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით წერილი უკვე გაგზავნა ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერის სახელზეც. სარესტორნო ბიზნესი საბანკო ვალდებულებების მინიმუმ ერთი წლით გადავადებას მოითხოვს.

„ჩვენი მოთხოვნა არის მინიმუმ ერთი წლით გადავადდეს საბანკო ვალდებულებები, რაც გააჩნიათ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს. თუ შევამცირებთ ამ პირების ვალდებულებებს, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ბიზნესები არ დაიხუროს, არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ეს არის ბიზნესის მოთხოვნა. დაახლოებით, 8-9 პუნქტიანი გეგმა გავაგზავნეთ. ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და ამ საკითხებზე მსჯელობა. პირადპირი ადრესატი ეკონომიკის მინისტრია. წერილი პრემიერის სახელზეც გავაგზავნეთ“, - განაცხდა რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.