"ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები და მონოპოლიები საქართველოში"

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე ადამიანს მიეცა ექსკლუზიური უფლება, ყველა ბიზნესში და ყველა სფეროში ჩარეულიყვნენ… სწორედ ამ ხალხის მეშვეობით იხვეჭს პრეზიდენტი მილიარდებს" – ლევან ჩიტაძე

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე ადამიანს მიეცა ექსკლუზიური უფლება, ყველა ბიზნესში და ყველა სფეროში ჩარეულიყვნენ. ესენი არიან ძმები შარანგიები. მათ შორის მთავარია რეზო შარანგია, მეტსახელად "დოდიკა". მასთან ერთად ბიზნესკარტელში მოღვაწეობენ ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, აგრეთვე, გია და ლევან ყარამანიშვილები. ისინი სარგებლობდნენ პრივილეგიებით, მოეგოთ ტენდერები, ჩარეულიყვნენ ყველა ბიზნესში (ნავთობბიზნესი, ფარმაცევტული ბიზნესი, გადაზიდვები, კავშირგაბმულობა, ტელეკომპანიები). მაგალითად, "სოკარში" თავდაპირველად მათ ჰქონდათ 24,5% წილი, ამდენივე ეკუთვნოდა ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც ეს წილი ჩამოართვეს. თავის დროზე, მათივე იყო ტელეკომპანიები - "იმედი", "რუსთავი-2", "მზე". ახლა აღმოჩნდა, რომ "რუსთავი-2"-ის მფლობე¬ლი არის ლევან ყარამანიშვილი. ამ კლანის ხელშია `ბილაინი~ (მის დირექტორად ერთ-ერთი შარანგია იყო დანიშნული), სატელეფონო ქსელი "ახტელი", მათვე ეკუთვნის "კავკასუს ონლაინი", თბილისის ტაქსოპარკი და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები. სწორედ ამ ხალხის მეშვეობით იხვეჭს პრეზიდენტი მილიარდებს", - აცხადებს უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები და მონოპოლიები საქართველოში"/ "ვინ აკონტროლებს ბიზნესს საქართველოში".

"ვინაიდან ეს ყველაფერი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, უცნობია, რა ოდენობის შემოსავალი მიიღეს შარანგიებმა, ან რამდენი მილიარდი აქვს სააკაშვილს. მართალია, დღეს მათ გარკვეულ კომპანიებში დაიწყეს თავიანთი აქციების გასხვისება და ცდილობენ, იქ გათეთრებული თანხები უსაფრთხო ადგილას შეინახონ, მაგრამ შემიძლია ჩამოგითვალოთ კომპანიები, რომელშიც ისინი დღემდე ინარჩუნებენ აქციებს. შარანგიები და მისი კომპანიონები ფლობენ საკონტროლო პაკეტს "საქართველოს რკინიგზაში", "ლიბერთი ბანკში", "საქართველოს ბანკში", "თბილწყალში", "კავკასუს ონლაინში", "ბილაინში", "სოკარში". დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახლახან ამ ადამიანების ჩარევით აშენდა სავაჭრო ცენტრი, მათი შექმნილია ბრენდი - "სახალხო აფთიაქი". "თბილისი ცენტრალის" 80% იყო მათი გავლენის ქვეშ და ოფშორებიდან კონტროლდებოდა. შარანგიებს ეკუთვნით "ჯიემსი ჰოლდინგი". რიყის რეაბილიტაციას სწორედ შარანგიები და მაქაცარია ჩაუდგნენ სათავეში. მათივე კუთვნილებაა "საქართველოს ლატარიის კომპანია". მათ მონოპოლიაზე ჯერ არ უთქვამთ უარი. ზუსტად ამიტომ ისევ ნარჩუნდება არაადეკვა¬ტურად მაღალი ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე, პურსა და სხვა პროდუქტზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე, 

"ამჟამინდელი კანონმდებლობით არც ერთ უწყებას არ შეუძლია მათი საქმიანობის გამოძიება. ამ ყველაფრისგან თავდაცვის ერთადერთი მექანიზმი არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს მისცემს საშუალებას, გამოიძიონ ოფშორული კომპანიების მოქმედება 2003-2012 წლების პერიოდში, გამოავლინონ და დააკავონ დამნაშავეები, ამოიღონ გათეთრებული თანხები და საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხონ. თუმცა ეს არის რთული და ხანგრძლივი პროცესი. რამდენიმე იურისტთან და კანონმდებელთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე და ვაპირებთ პარლამენტს მივაწოდოთ საკანონმდებლო ინიციატივა. კანონპროექტი აუცილებლად მოსამზადებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ ვერ ავიცილებთ თავიდან მომატე¬ბულ ფასებს საწვავზე, პურზე, მედიკამენტებზე... მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ სააკაშვილი და მისი ბიზნესდაჯგუფება იმყოფებოდა არაბეთში, მათ არაბულ ქვეყნებში დაფუძნებული აქვთ კომპანიები, იქაც არსებობს ოფშორული ზონები. ამ მონოპოლისტებმა ხელახლა გადაინაწილეს თავიანთი წილები, მოახდინეს თანხების კიდევ ერთხელ გათეთრება, სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა და დაიწყეს რამდენიმე კომპანიის გაყიდვის პროცესი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მათი დამსახურებაა, რომ დღეს თუნდაც მედიკამენტების ფასი არ მცირდება, სისტემა და სტრუქტურა ისევ ნარჩუნდება, სწორედ ისინი აკონტროლებენ ამ ბიზნესებს. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი დაბლა იწევდა, ჩვენთან იმატებდა, ვინაიდან ეს ადამიანები ქმნიდნენ მონოპოლიებს, რომლებიც დღესაც მოქმედებს. შარანგიები და მისი კომპანიონები წურბელებივით იყვნენ ჩამჯდარი საქართველოს ეკონომიკაში და მთელი ქართული ბაზარი მათ ეკუთვნოდათ. თითოეული კომპანიის წილის საკონტროლო პაკეტი, რა თქმა უნდა, მიდიოდა სააკაშვილის ანგარიშზე, დანარჩენს კი ეს ადამიანები ინაწილებდნენ. მათ პატიმრების ხარჯზეც იშოვეს ფული. ცნობილია, რომ პატიმრებს კვებავდნენ ვადაგასული, ჩამოწერილი საკვებით... ამ ყველაფერს ხელს უწყობს სააკაშვილი, რომელიც შარანგიების, ელიავების, მაქაცარიების მეშვეობით ინარჩუნებს იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ სტრატეგიულ ობიექტებს და აკონტროლებენ ამ სფეროებს. ამ პროცესის დასრულებას სჭირდება დრო და მოთმინება, ზედმიწევნით რომ იქნას გამოძიებული ყველა ეკონომიკუ¬რი და ფინანსური მაქინაცია და გამოვლინდეს ყველა დამნაშავე", - დასძენს ლევან ჩიტაძე.