გია ხუხაშვილი - „ეს წარმოუდგენელი უსინდისობაა“

გია ხუხაშვილი - „ეს წარმოუდგენელი უსინდისობაა“

(იბეჭდება შემოკლებით)

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

- სამწუხაროდ, ხელისუფლება არ არის ერთგვაროვანი, იქ არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად მუშაობენ პირად ეკონომიკურ ინტერესებზე. შემთხვევით არაფერი ხდება და არც არაკვალიფიციურობის ბრალია ყველაფერი.

აი, ახლაც გავიდა ინფორმაცია, რომ რაღაც შეფერხებაა აზერბაიჯანის გაზზე. აზერბაიჯანს თავისი პრობლემები აქვს ამ მხრივ და თუ საშუალება არ გააჩნია დაგვეხმაროს, ხომ არ დავახრჩობთ? ამიტომ არის, რომ ხშირად ოპტიმისტურ განცხადებებს პესიმიზმი ენაცვლება.

დიაგნოზი კი საკმაოდ მარტივია: სახეზეა მთავრობის მუშაობის სრული ფიასკო კონკრეტული პასუხისმგებელი პირებით. როცა ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება საქმე, ამ დროს შეცდომის კვალიფიცირება ხდება უკვე დანაშაულად. სახელმწიფოებრივი გაგებით ეს ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს რაღაც საკადრო გადაწყვეტილებები, ამას კი ვერ ვხედავთ. უცნაური სურათი იკვრება: ერთი მხრივ, ეწევიან ანტირუსულ რიტორიკას და მეორე მხრივ, რუსულ ინტერესებს ლობირებენ.

ბატონო გია, რას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, როცა სახელმწიფო თავის პრობლემად მიიჩნევს რომელიმე საწარმოს იაფი გაზით უზრუნველყოფას საბაზრო ეკონომიკის პირობებში?

- გარდა იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ წესს, აქ ჩადებულია ისეთი ცუდი რამ, რისი ცოდნაც მოსახლეობისთვის აუცილებელია.

როცა გაზის სუბსიდირების ელემენტი ტარიფში ჩაიდება, რას მივიღებთ, იცით? ის საწარმო, რომლის სუბსიდირებაც მოახდინა ხელისუფლებამ იაფი გაზის მიწოდებით, ფინანსირდება ჩვენი ჯიბიდან. ფაქტობრივად, ყველა საწარმოში არის ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული. ე. ი. ჩვენ, მოსახლეობა, ვაფინანსებთ კერძო სტრუქტურასაც. ეს არის წარმოუდგენელი უსინდისობა!

ბატონო გია, იმ ერთგვარ ლაშქრობას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ წამოიწყო „შინჰოფერის“, „ბადაგონის“, „სონის“ წინააღმდეგ, თუ აქვს ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში?

- შეიძლება სადღაც „შინჰოფერისა“ და „ბადაგონის“ დონის კომპანიებს, რომელთაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, სადღაც ჩაგრავენ, მაგრამ „სონის“ წინააღმდეგ ომის წამოწყება ეს არის წარმოუდგენელი, თავხედობას რომ თავი დავანებოთ, უგუნურება.

„სონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტია, რომლის ბიუჯეტი ასეულობით აღემატება საქართველოს ბიუჯეტს და აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები.

როცა თქვენ ამას წინათ ბატონ ზურაბ ჟვანიაზე საუბრობდით, აღნიშნეთ, რომ ბევრი რამ, რაც დღეს ხდება, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა. რას გულისხმობდით?

- ბატონი ზურაბი, ბევრი დღევანდელი მოღვაწისგან განსხვავებით, ყოველთვის წინ იყურებოდა და ყოველთვის ხედავდა, რა პრობლემები შეიძლებოდა ჰყოლოდა ამა თუ იმ ქმედებას. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო დეპრივატიზაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რევოლუციურ პროცესებს ყოველთვის მოჰყვება სამართლიანობის დროშის ქვეშ ქონების ხელახალი გადანაწილების სურვილი.

ჟვანია ამის წინააღმდეგი იყო, განა იმიტომ, რომ ვიღაც მოსწონდა, ან არ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ ბრწყინვალედ იცოდა - ამ პროცესის დაწყება ნიშნავს ქვეყნისთვის საფუძვლის გამოცლას. ამიტომ რაღაც კომპრომისი ყოველთვის უნდა მოძებნო, რომ ქვეყანა განვითარდეს. არადა, ეს რევოლუციური ლექი წამოვიდა და ეს პროცესი აღარ მთავრდება. ანუ რევოლუცია დღესაც გრძელდება და სულ უფრო საშიშ ფორმებს ღებულობს. რევოლუცია ერთ-ორ თვეში უნდა დამთავრებულიყო, ზღვარი გატარებულიყო და დაწყებულიყო ქვეყნის აღმშენებლობა.

და რას მოგვიტანს ეს ე. წ. პერმანენტული რევოლუცია?

- იმას, რომ საინვესტიციო გარემო ამ ქვეყანაში ვერასოდეს ჩამოყალიბდება, ეს ქვეყანა ისევ იმათი საჯიჯგნი გახდება, ვისთანაც ახლა ასეთი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მით უმეტეს, რომ დღეს ზუსტად რუსეთის მსგავს ქვეყანას ვაშენებთ. ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს ბიზნესმენი, რომელსაც თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს.

ვაი თუ ამ პერმანენტულმა რევოლუციამ ახალ რევოლუციამდე მიგვიყვანოს?

- აი, ამას კი არ ვისურვებდი. იქნებ, ხელისუფლებამ თავის თავში იპოვოს რამე რესურსი, რომ ეს ნგრევა შეაჩეროს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელისუფლების ნება ამ მხრივ მხოლოდ დეკლარირების დონეზეა.

სულ მარტივ რამეს გეტყვით, - რას ნიშნავს თავისუფალი მეწარმე? ეს არის ადამიანი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და დაცულია მხოლოდ კანონით და აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. როგორ წარმოგიდგენიათ ბიზნესმენი, რომელიც თავის სიმპათიებს გამოხატავს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ?

აუჰ, მტრისას, მტრისას!

- ანუ ხელისუფლების მხრიდან სურვილია ყველასი და ყველაფრის კონტროლის, ასეთ გარემოში კი ქვეყანა ვერ ვითარდება, ვერც ეკონომიკურად, ვერც პოლიტიკურად და ვერც სოციალურად. აი, ეს არის რეალური სიტუაცია.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ერთი მარტივი რამ: მისი გასაკეთებელი არ არის ყველაფერი, მან გარემო უნდა შექმნას, სადაც ქვეყანა თავად განვითარდება და არა ტოტალური ბატონობისკენ უნდა ჰქონდეს გეზი აღებული. უბრალოდ, შექმნას გარემო და გახდეს იმ გარემოს დაცვის გარანტი. ეს არის მისი ერთადერთი ფუნქცია.