ლარის კურსის რყევამ და გაუფასურებამ უკვე სავალუტო ფონდიც კი დააფიქრა. სსფ-მ გარკვეული რეკომენდაციებიც კი მისცა ეროვნულ ბანკს, რომელიც უკვე მერამდე წელია უძლურია როგორც დევალვაციის, ასევე ინფლაციის წინაშე, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.
სავალუტო რყევები, რომელიც სავალუტო ბაზარს დიდ პრობლემას უქმნის, უკვე ფინანსური სტაბილურობისთვისაც შეიძლება დიდ დაბრკოლებად გადაიქცეს. ამ პროცესის ინფლაციაზე მავნე გავლენა აშკარაა, ფასების ზრდას ვეღარაფერი აჩერებს. არ არის გამორიცხული, საფრთხე საფინანსო ბაზრებზეც გაჩნდეს, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფონდმაც გააკეთა აქცენტი
სსფ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანთქმელ როლს ასრულებს, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველი იყოს.
„სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სავალუტო ფონდის პოზიციას ეთანხმებიან როგორც ეკონომისტები, ასევე ბიზნესმენები. მეტიც, ისინი დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ იმ ნეგატიურ პროცესზე, რაც დიდი ხანია სავალუტო ბაზარზე სუფევს. მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა კი წლიდან წლამდე არ ჩანს.
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი იმ სირთულეებზე საუბრობს, რასაც ბიზნესისთვის ლარის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებულობა იწვევს. ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას კი განსაკუთრებით.
„წარმოება, ეს არ არის იყიდე დღეს და ხვალ გაყიდე. წარმოება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება. როდესაც ვგეგმავთ 2.75-2.80-ზე და შემდეგ გვიწევს პროდუქციიდან შემოსავლების მიღება 3.20-ზე ისე, რომ ჩვენ პროდუქციის ფასი არ გაგვიძვირებია, გამოდის, რომ მინიმუმ, 10-12%-ს უკვე ვაგებთ კურსთაშორის სხვაობის გამო. რომ გადავხედოთ შარშანდელ, შარშანწინდელ ფასებს, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ წარმოებას, ყველა კომპანიას, კურსთაშორის სხვაობაში აქვს ზარალი. ეს არ არის პატარა რიცხვები. 3-4 მილიონია თითოეული კომპანიისთვის.
დღესაც გადავხედოთ ბაზარს. ვნახოთ რამდენი პროცენტით არის გაძვირებული სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქცია და კარგად დავინახავთ ახდენს თუ არა გავლენას გაცვლითი კურსის მერყეობა ფასების ზრდაზე. რა თქმა უნდა, კურსის მერყეობა პირდაპირ კავშირშია ფასებთან“, - აღნიშნა ჩოჩელმა და დასძინა, რომ სანამ რეალური პრიორიტეტი არ გახდება ეროვნული წარმოება და ადგილობრივ მრეწველობას არ განვავითარებთ, მანამ ეკონომიკურ სტაბილურობას არ უნდა ველოდოთ.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი დროს კარგავს, რადგან მას შესაძლებლობა ჰქონდა კურსის სტაბილიზაცია მოეხდინა, რათა მას ინფლაციურ პროცესებზე ახალი წნეხი არ წარმოექმნა.
„ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვანი გადახრისა და ინფლაციური პროცესების უმართავ ფაზაში შესვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, ლარის დევალვაციიდან წამოსული წნეხი წარმოადგენს. საქართველოს სამომხმარელო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქციით ივსება. როგორ წარმოუდგენიათ, რამდენიმე ათეული პუნქტით დაცემულმა ეროვნულმა ვალუტამ ზეგავლენა როგორ შეიძლება არ მოადინოს იმპორტირებულ პროდუქციაზე?
ეროვნული ბანკი დროს კარგავს, იმ დროს, რა დროშიც შესაძლებელი იყო კურსის სტაბილიზაცია, რათა მას ახალი წნეხი არ წარმოექმნა ინფლაციურ პროცესებზე, თუმცა, როგორც ვხედავთ, სებ-ი ვერაფერს აკეთებს და სავალუტო ბაზარზე ისევ ახალი დევალვაციის ტალღა იწყება, რაც ფასების საერთო დონის მოთოკვის იმედს საბოლოოდ აქარწყლებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბაირახტარმა.