ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი 2020 წლის ბოლოს „ფერარის“ დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ფეტელი „ფერარის“ ღირსებას ბოლო 5 წლის განმავლობაში იცავდა. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. იტალიური მედიის ცნობით, ეს შესაძლოა „მაკლარენის“ მრბოლელი კარლოს საინსი იყოს.
რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას ფეტელი, ჯერჯერობით უცნობია. „ფერარის“ რიგებში მან 102 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება 14-ჯერ იზეიმა.
სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მრბოლელია. „რედ ბულის“ რიგებში ის 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში, ფეტელის ანგარიშზე 53 მოგებული გრან-პრია. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ მიხაელ შუმახერი და ლუის ჰემილტონი უსწრებენ.