„მე ვფიქრობ, 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა საკმაოდ ოპტიმისტურია და შეიძლება უფრო მეტი ვარდნა გვქონდეს“

„მე ვფიქრობ, 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა საკმაოდ ოპტიმისტურია და შეიძლება უფრო მეტი ვარდნა გვქონდეს“

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. მართალია, გეგმაში არაერთი ბუნდოვანება არსებობს, თუმცა, ექსპერტთა ნაწილი თანხმდება, რომ ამ ეტაპზე ეს გეგმა არსებული ვითარების გათვალისწინებით მისაღებია. ტრადიციულად, განსხვავებული მოსაზრება აქვთ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ მოცემული გეგმით, საზოგადოების ყველა ფენა თანაბარი სასტარტო პირობებით ვერ ისარგებლებს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებამ გრძელვადიანი, პოსტ-კრიზისული გეგმით უნდა თქვას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ბატონო სოსო, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. როგორც ამ სფეროს ექსპერტი, როგორია თქვენეული შეფასება, თუ პასუხობს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა არსებულ გამოწვევებს და ხომ არ უნდა ველოდოთ კრიზისის კიდევ უფრო დამძიმებას, რომელიც ისედაც სახეზეა?

- მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ლაპარაკია იმ ადეკვატურ რეაქციებზე, რაც მოჰყვა მსოფლიო პანდემიას. აქ არ არის ლაპარაკი გრძელვადიან პერსპექტივაზე, აქ ლაპარაკია როგორ დავძლიოთ ვარდნის მასშტაბები, რაც განიცადა ეკონომიკამ, სოფლის მეურნეობამ. როდესაც რაღაცის დაძლევაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში, საკითხი დგება რესურსების არსებობის თაობაზე და მერე მათი გამოყენების ეფექტიანობაზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო თავისი განვითარების დონით არ არის მოწინავე ქვეყნების არც ათეულში და არც ოცეულში. თუ ვალუტის მსყიდველუნარიანობით დავითვლით, 97-ე ადგილზე ვართ და თუ ოფიციალური კურსით - სადღაც 106-ე 107-ე ადგილზე. ანუ, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ქართული ანდაზა გვახსენებს რომ „ჭამა ქონებაზე ჰკიდია“.

ჩვენ, გაცილებით მწირი რესურსები გაგვაჩნია ამ გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო ათწლეულებში იყო კრიზისები, მაგრამ ეს შემთხვევა არის სპეციფიკური, ვინაიდან მისი წარმომავლობა არ უკავშირდება ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობას. საქმე გვაქვს ბიოლოგიურ-სამედიცინო წარმომავლობის ფაქტორთან, რომელმაც აიძულა კაცობრიობა, რომ პირველ რიგში, ეფიქრათ ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ეკონომიკა მთლიანად აღმოჩნდა სამედიცინო პრობლემის მძევალი. ეს კი, ითხოვს განსხვავებული ქცევის მოდელს, რეაგირებას. ბოლო 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსურ კრიზისს რომ შევადაროთ, მაშინ საქართველომ მიიღო საკმაოდ დიდი საერთაშორისო დახმარება 4,5 მილიარდი დოლარის სახით, აქედან 2 მილიარდი იყო საჩუქარი და დანარჩენი იყო დაბალ პროცენტიანი კრედიტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წელს, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა შეიძლება დაეცეს 7,5%-ით, ამერიკის 5,9 %-ით, იტალია 9, 1%-ით და ა. შ. ასეთ პირობებში, ჩვენ, ფართომასშტაბიანი დახმარების იმედი შედარებით ნაკლებად უნდა გვქონოდა, მაგრამ ეს დახმარება წამოვიდა მიუხედავად მთელს მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობისა.

ანტიკრიზისულმა გეგმამ აიღო მაქსიმალურად სოციალური მიმართულება. ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე იყო თითქმის საუკეთესო. თითქმის იმიტომ, რომ ყველაფერზე ჩვენ პასუხი არ გვაქვს, ზოგიერთი რამ გაკეთდება გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ.

ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს მოყვა ყველაზე მეტი კრიტიკა. პოლიტიკოსების შეფასებით, ფინანსური დახმარება არათანაბრად ნაწილდება, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი დახმარების გარეშე დარჩება, რადგანაც ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი აქტივობების დასაბუთებას...

- ის, რომ ყველა ვერ მიიღებდა დახმარებას ცხადი იყო. მოვიტან იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს. იქ დახმარება გაეწია იმ პირებს, რომელთა შემოსავალი არ აღემატება წელიწდში 75 ათას დოლარს. თუ ოჯახი არის გადასახადის გადამხდელი, მაშინ ეს ოჯახი იღებს ორმაგ თანხას, ოღონდ მისი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 150 ათას დოლარს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ იქაც გარკვეული ცენზი დაწესდა, დახმარებას იღებს მხოლოდ დაბალშემოსავლიანი ოჯახები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკას ვერ შევედრებით, მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ რაც შეგვეხება, დახმარება განაწილდა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. თუ ამ სოციალური დახმარების სპექტრულ ანალიზს ჩავატარებთ, იქნება ძალზე გაშლილი პალიტრა. იქ არ იქნება ერთი რომელიმე სოციალური ჯგუფი, ან საქმიანობის რომელიმე სფეროს წარმომადგენელი. ეს დახმარება მაქსიმალურად არის დიდ კონტინგენტზე გათვლილი.

მე შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ის ციფრი, რომელიც სამთავრობო გეგმაში დასახელდა, მეტისმეტად გადაჭარბებული მეჩვენება. კერძოდ, 460 მილიონი ლარი გამოიყო 350 ათასი სამუშაოს დამკარგველთათვის და, თუ კარგად დავთვლით, ამდენი ადამიანი სამუშაო ადგილს ვერ დაკარგავდა. მხედველობაში მაქვს არასაბიუჯეტო სექტორი. ეკონომიკაში სულ გვყავს 850 ათასი დაქირავებული დასაქმებული. ამას თუ გამოვაკლებთ 200 ათასამდე ადამიანს, რომელიც გვყავს საჯარო სექტორში დასაქმებული, რჩება 600-650 ათასამდე. გამოდის, რომ აქედან ნახევარზე მეტი დაკარგავს სამუშაო ადგილს? თანაც აქ ლაპარაკია შედარებით ხანგრძლივ, 6 თვე და მეტ პერიოდზე, ეს არასწორად მიმაჩნია. ამიტომ, ის თანხა, რომელიც გათვლილია აღნიშნულ დახმარებაზე, პირდაპირი მიზნით ვერ დაიხარჯება. აქედან ორმაგი დასკვნა - ჩვენ შეგვეძლო ან გაგვეზარდა დახმარების მოცულობა, ან კიდევ ეს თანხები გადაგვენაწილებინა სხვა მიმართულებით.

უფრო ზუსტად, რა მიმართულებას გულისხმობთ?

- იგივე თვითდასაქმებულებზე შეგვეძლო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური შეხედულებაა და შესაძლოა, ხელისუფლებას სულ სხვა ვარაუდები აქვს, თუმცა ესეც მალე გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, 350 ათასი კაცი ნამდვილად არ იქნება ის კონტინგენტი, რომელიც 6 თვის განმავლობაში დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ლაპარაკია დაქირავებულ დასაქმებულებზე. საბოლოო ჯამში, ანტიკრიზისულმა გეგმამ უნდა მოგვცეს ეფექტი არა მარტო მოსახლეობის დახმარების გაწევის რეჟიმში, არამედ იმისათვის, რომ ბიზნესმა არ შეწყვიტოს ფუნქციონირება.

ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება, როგორც ამას ოპოზიცია წინასწარმეტყველებს?

- ეს უფრო არის პოლიტიკური სახის განცხადება, რომელიც სპეკულირებას ახდენს იმაზე, რომ მაგალითად, რუსეთმა 1 ივლისამდე შეაჩერა ხორბლის ექსპორტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ როდესაც სავალუტო შემოსავლები აკლდება ნავთობიდან და ზოგადად - ენერგომატარებლებიდან, ხორბლის ექსპორტი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სავალუტო შემოსავლების. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის მოკლევადიანი პოლიტიკური პოზა მსოფლიოს წინაშე, ვიდრე გრძელვადიანი სტრატეგია. ამიტომ, სულ მალე ის განაახლებს მარცვლეულის ექსპორტს. ეს რაც შეეხება რუსეთს, მაგრამ, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ამერიკამ საქართველოს გამოუყო 27 მილიონი ტონა მაღალხარისხოვანი ხორბალი დახმარების სახით. ამიტომ, ვიფქრობ შიმშილობის პრობლემა არ იქნება. თუმცა, ბევრი ოჯახი არასრულფასოვანი კვების რეჟიმში არის გადასული და ეს არ ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ არც უარესობას უნდა ველოდოთ.

ხელისუფლება ამზადებს პოსტ-კრიზისულ გეგმას, რაზე უნდა იქნეს ძირითადად ყურადღება გამახვილებული, რომ ეკონომიკა ამოიწიოს?

- გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უკვე პოსტკრიზისულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს, ის არის, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს აგრარულ სექტორს. ჩვენ მხოლოდ ერთი ჩავარდნა და ერთი სუსტი რგოლი რომ გვქონდეს, მაშინ შეგვეძლებოდა კონკრეტულად მიგვეთითებინა, თუ რაზე უნდა იქნეს აქცენტები გაკეთებული, მაგრამ ჩვენ, რომ იტყვიან, ბევრი სისტემური პრობლემა და ბევრი სუსტი რგოლი გვაქვს. ამიტომ, ყველას ერთდროულად სჭირდება ამოქაჩვა. გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო მყარად იდგეს ფეხზე და ნაკლებად დაზარალდეს ისეთი არაორდინალური შემოტევებისგან, როგორიც ეს კორონავირუსია, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი სოფლის მეურნეობის წარმოების თვითუზრუნველყოფის მაღალი დონე, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიხედვით. მაგალითად, რომ ავიღოთ მარცვლეული, ჩვენი ადგილობრივი წარმოების თანაფარდობა, ჩვენს მოხმარებაში ის შეადგენს მოსავლიანობის 10-15 პროცენტს, ყოველწლიურად ჩვენ შემოგვაქვს თითქმის 400 მილიონი დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია, ვიდრე გაგვაქვს. ჩვენ ვაკრიტიკებთ ხოლმე ეროვნულ ბანკს, თუ რატომ ყიდის სავალუტო რეზერვებს და ამ დროს იმის არასრულყოფილი და ნაკლებად ეფექტიანი სოფლის მეურნეობა გვაქვს. ხაზს ვუსვამ, ყოველწლიურად არანაკლებ 400 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ვალუტა დარჩეს ქვეყანაში.

ანუ, იმპორტიორიდან, მწარმოებელი ქვეყნის სტატუსზე უნდა დავიწყოთ გადასვლა...

- ჩვენ ყველა სახის პროდუქციის ჩანაცვლებას ვერ მოვახერხებთ, ეს გამორიცხულია და, ჩემი აზრით, არც არის აუცილებელი. მაგრამ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მთლიანობაში ჩვენი აგროსასურსათო ექსპორტ-იმპორტის ბალანსი იყოს დადებითი. ეს სტრატეგია უნდა იყოს. შეიძლება მარცვლეულში აგროწარმოების წილი ნაკლები გვქონდეს, მაგრამ სხვა პროდუქციის წილი გვქონდეს პოზიტიური. მაგალითად, 2003 წლამდე ნიდერლანდებს ყვავილების ექსპორტი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი იყო ჯამში ერთად აღებული. როგორ შეიძლება ნიდერლანდებს ასეთი წარმატება ჰქონდეს, როცა ტერიტორიით ჩვენი ნახევარია თითქმის და მოსახლეობა ჩვენზე ოთხჯერ მეტია. ჩვენ აგრარულ სექტორში გვაქვს ამისი რესურსი და რაც შეიძლება უნდა გამოვიყენოთ.

თქვენი გათვლებით, დაახლოებით რა ზარალი მიიღო ქვეყანამ პანდემიით და რა დრო დასჭირდება ეკონომიკის აღდგენას?

- სხვადასხვა ესქპერტული გათვლებით, თითქოს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 4%-ით უნდა შემცირდეს, ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც ტურისტული ინდუსტრიის მაღალი წილით იყო წარმოდგენილი, ვარაუდობენ, რომ მათი ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, მაგალითად იტალია 9,1 %-ით და იგივე ესპანეთში ეკონომიკის ვარდნა 8%-ით არის ნავარაუდევი, საფრანგეთი 7,2%. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ტურიზმის წილი ისეთი მაღალი არ ყოფილა ეკონომიკაში, როგორც საქართველოში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა საკმაოდ ოპტიმისტურია და ჩვენ შეიძლება უფრო მეტი ვარდნა გვქონდეს, ანუ ეკონომიკის უფრო მასშტაბურ შემცირებასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამიტომ, ჩვენ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი.

 

 

ხიროხიტო ბატონო სოსო

ჩვენი ეკონომიკის ვარდნა შეიძლება მართლაც არ იყოს 4%-ზე მეტი იმიტომ, რომ შეუძლებელია გაკოტრებულის ხელახალი გაკოტრება, ანუ თუ არ გაქვს ფული და ხარ მათხოვარი მსოფლიო კრიზისი დიდად ვერ შეგეტყობა, ისევ არაფრის მქონე იქნები...

იტალიას და სხვებს იმიტომ ექნებათ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა რომ მათ აქვთ ეკონომიკა!!!!!!!!!

ეს ნაწილობრივ ხუმრობით, ნაწილობრივ
3 წლის უკან